ქალის საუკეთესო სამკაული მისი თმაა. თუმცა, ეს სამკაული ლამაზი და დღეგრძელი რომ იყოს, შესაფერისი მოვლაა საჭირო. თმას ჟანგბადი ესაჭიროება. ამისთვის გამოვიყენოთ ჩვენი წინაპრების გამოცდილება, რომლებიც თვლიდნენ, რომ საჭიროა თმის ყოველდღე, 200-ჯერ ჩამოვარცხნა, რაც მათ ჰაერით გაამდიდრებს. ამ პროცედურის შესრულება ღამით აუცილებელია.
როგორც ყველაფერ ცოცხალს, თმასაც სჭირდება წყალი: იგი რეცხავს ჭუჭყს და კვებავს თმის ღეროებს. მნიშვნელოვანია თმის გამოკვება დაბანამდე. ნორმალური თმებისთვის კარგია ასეთი ნიღაბი: შავი პურის ნაჭერი დაალბეთ წყალში და შეურიეთ უმი კვერცხის გული და 20-30 წვეთი აბუსალათინის ზეთი, სქელი კონსისტენციის მიღებამდე. კიდევ ერთხელ მოურიეთ და წაისვითთავის კანზე. გაიკეთეთ ორსაათიანი კომპრესი.
მშრალი თმისთვის, პურის ნაცვლად, აიღეთ 2-3 ს.კ. ხახვის წვენი, შეურიეთ 2 ს.კ. არაყი და 1 ს.კ. აბუსალათინის ზეთი. ან კარგად შეურიეთ 1 კვერცხის გული, 1 ს.კ. თაფლი, 1 ს.კ. კონიაკი. თუ ცხიმიანი თმა გაქვთ, ნიღაბი მოამზადეთ 2 გულითა და 2 ს.კ. თაფლით. გაიჩერეთ კომპლექსი რამდენიმე დღით. რეკომენდებულია, დაბანამდე 2-3 საათით ადრე თმაში ალოეს წვენი შეიზილოთ.
თავის დაბანის სიხშირეს თითოეული ადამიანი დამოუკიდებლად წყვეტს. თუმცა, ყოველდღე დაბანა არ შეიძლება, რადგან თავის კანი ასე ვერ ასწრებს სასარგებლო მიკროფლორის გამრავლებას და ზედმეტად შრება, რაც არაა ნორმალური. არ დაიბანოთ თავი ონკნის წყლით: იგი დიდი რაოდენობით ქლორს შეიცავს. სასურველია, დაბანის შემდეგ თმა ბალახების ნახარშით გადაივლოთ.
ცხიმიანი თმისთვის შეიძლება ასეთი ნახარშის გამოყენება: 5 ს.კ. მრავალძარღვას (ან ფარსმანდუკის) ფოთლებს დაასხით 0.5 ლ მდუღარე წყალი, დააყენეთ 30 წუთით. ასევე, შეიძლება ოროვანდის ფესვის, არყის ფოთლების, მუხის ქერქის, სალბის, ვირისტერფას მოხარშვათ.
მშრალი თმისთვის სასარგებლოა პიტნის ან ნეკერჩხლის ყვავილების ნაყენით გავლება (2 ს.კ. 1 ჭიქა მდუღარეზე, დააყენეთ 30-40 წუთით). ნახარშები აამჟავეთ ვაშლის ძმრით.
თუ თმა გცვივათ, მოამზადეთ კოთხოჯის ნაყენი (1 ს.კ. ფესვები 30-40 წუთით დააყენეთ 1 ჭიქა მდუღარე წყლით თერმოსში). შეიზილეთ თავის კანში კვირაში 2-3-ჯერ, დაიდეთ კომპრესი.
თუ თმა მუჭებით გცვივათ, ხალხში ეფექტურად ითვლება წითელი წიწაკის ნაყენი: 1 წილ ნედლეულს დაასხით 10 წილი 70%-იანი სპირტი, დააყენეთ 6-7 დღით და გადაწურეთ. შემდეგ 1 წილი ნაყენი გააზავეთ 10 წილ გადადუღებულ წყალში და შეიზილეთ თავის კანში კვირაში 2-3-ჯერ, უმჯობესია, მთელი ღამით. ერთი პროცედურისთვის იყენებენ დაახლოებით 50 მლ საშუალებას. მართალია, ნაყენი ძალიან დაბალი კონცენტრაციისაა, თუმცა იგი უზრუნველყოფს სისხლის მოზღვავებას თავის კანისკენ, რაც აძლიერებს მის კვებასა და თმის ძირებს. მას გამელოტების დროს იყენებენ.
ნატუროპათები, თმის სიჯანსაღის შესანარჩუნებლად, გვირჩევენ ცხოვრების ჯანსაღი წესისა (სუფთა ჰაერი, სპორტი და მშვიდი ნერვები) და სწორი კვების დაცვას, რაც დადებითაც იმოქმედებს ვარცხნილობის ელვარებასა და სილამაზეზე. უპირატესობა მიანიჭეთ საკვებს დანამატებისა და კონსერვანტების გარეშე.
სასარგებლოა თევზი, კვერცხის გულები, რძისა და ზღვის პროდუქტები, მთლიანი მარცვლეული, ამონაცენი ხორბალი, სელისა და ნებისმიერი სხვა ზეთი, თევზის ქონი, ვაშლის ძმარი, კომბოსტო და სხვა ხილ-ბოსტნეული, განსაკუთრებით – მწვანე და სტაფილოსფერი (ნიორი, ხახვი, სტაფილო).
რაც კიდევ უფრო საინტერესოა, თმის ზრდას აძლიერებს აკუპრესურაც. ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებზე, მაგალითად, ხელებზე ზემოქმედებით, შეგიძლიათ გააუმჯობესოთ თმების მკვებავი ნივთიერებებითა და ჟანგბადით მომარაგება. დააჭირეთ ერთი ხელის ფრჩხილი მეორე ხელის ფრჩხილს და უხახუნეთ ერთმანეთს რამდენიმე წუთის განმავლობაში (დღეში ორჯერ). ეს შეგიძლიათ გააკეთოთ როცა გინდათ და სადაც გინდათ: ტელევიზორის წინ, ტრანსპორტში თუ სხვაგან. სასარგებლოა შესაფერის წერტილებზე 1-2 წუთის განმავლობაში იმოქმედოთ.