სხეულის სილამაზის შენარჩუნებისას ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ქუსლების კანის მოვლაც, რადგან ფეხებს ლამაზს ვერ უწოდებთ, როცა ქუსლები ხორკლიანი, გაუხეშებული, გაყვითლებული, დახეთქილი და შეუხედავია.
ზოგიერთი ქალი ჩვევისამებრ ჭრის გაუხეშებულ და გასქელებულ კანს სამართებლით – ამის გაკეთება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება! გარდა იმისა, რომ ამ დროს დიდია სერიოზული ტრავმის მიღების შანსი, სასურველ შედეგს ნამდვილად ვერ მიიღებთ: კანის მოჭრის შემდეგ, მეორე ფენა ძალიან სწრაფად იზრდება და, რაც უფრო ხშირად მოიჭრით, მით უფრო გასქელდება კანი ქუსლებზე.
იმისათვის, რომ ქუსლებზე კანის გაუხეშება აიცილოთ თავიდან, ხოლო უკვე გაუხეშებული კანი დაარბილოთ, რეკომენდებულია აბაზანების გაკეთება – ეს პროცედურა ყველაზე ეფექტურად ითვლება, საშინაო მოვლის საშუალებებს შორის. ამ აბაზანების შემადგენლობა ინდივიდუალურად ირჩევა, კანის თავისებურებებისა და პირადი უპირატესობების მიხედვით: მარილიანი, ბალახეული, საპნისა და სოდის და ა.შ. (ან შეიძლება უკვე მზა ნარევების შეძენა აფთიაქში).
მაგალითად, ყველაზე უფრო პოპულარულია ასეთი აბაზანა: 1 ჭიქა რძე, ამდენივე სქელი საპნის ხსნარი და 3 ს.კ. მარილი. ყველაფერი ერთმანეთს შეურიეთ ცხელი წყლით სავსე ვარცლში და ჩაალაგეთ ფეხები 30-60 წუთით.
ზოგადად, ტერფებისთვის სასარგებლოა შემდეგი პროცედურებიც:
- ცისფერი თიხა: გააზავეთ ფხვნილი წყალში, არაჟნის კონსისტენციამდე, წაისვით ქუსლზე ან მთელ ტერფზე და ჩამოიბანეთ 15-20 წუთში;
- რძე: ჩაასხით ჭურჭელში ცხელი წყალი და დაუმატეთ 1 ჭიქა რძე. გააჩერეთ ფეხები 10-15 წუთით – ეს დაარბილებს კანს;
- გულყვითელას ნაყენი: 1 ს.კ. ნაყენი (იყიდება აფთიაქში) გააზავეთ 1 ლ წყალში, გააჩერეთ ფეხები 10-15 წუთით (დახეთქილი კანის დეზინფექციისთვის);
- ზღვის მარილი: 1 ს.კ. 1 აბაზანისთვის, ჩაალაგეთ ფეხები 15 წუთით (კარგია კუნთების მოდუნებისთვისაც);
- კონტრასტული აბაზანები: გააჩერეთ ფეხები 5 წუთით ცხელ, შემდეგ 1 წუთით ცივ წყალში – სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად. აბაზანის შემდეგ, ფრთილად ჩამოიწმინდეთ დაორთქლილი ზედა ფენა, რამდენადაც შესაძლებელი იქნება. ნუ ეცდებით ერთბაშად დიდი რაოდენობით კანის მოშორებას. გამოიყენეთ სპეციალური ჯაგრისი მყარი ბუსუსებით, ან წვრილმარცვლიანი პემზა. აფხეკილი მონაკვეთები დაირბილეთ ფეხის მკვებავი კრემით.
ასეთი პროცედურა, კარგი შედეგის მისაღწევად, გაიმეორეთ რეგულარულად და გაუხეშებული კანიც თანდათან მოიშორეთ.
- ქუსლის კანის გაწმენდა შეგიძლიათ ფეხების სპეციალური სკრაბითაც – ამ პროცედურის ჩატარება საკმარისია კვირაში ერთხელ. მთავარია, შეარჩიოთ სკრაბი ფეხის კანის ტიპის მიხედვით. საშუალება სპეციალურ საფხეკზე ან ბრტყელ პემზაზე უნდა მოათავსოთ და ფრთხილად, მსუბუქი წრიული მოძრაობებით დაიზილოთ ქუსლის კანი. პროცედურა არაუმეტეს 3 წუთს უნდა გაგრძელდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია კანის ტრავმირება.
ასეთი გაწმენდის შემდეგ, გამოიყენეთ ფეხების დამარბილებელი ან დამატენიანებელი კრემი.
თუ შენიშნეთ, რომ ქუსლის კანი უხეშდება, კარგავს თავის ელასტიურობას, მაგალითად, ზაფხულში, პლაჟისა და ცურვის შემდეგ, და მისი ზედა ფენები ნახეთქებით იფარება, დაუყოვნებლივ მიიღეთ ზომები, თორემ გართულების შემდეგ, კანს კოსმეტიკური პროცედურები ვეღარ უშველის – საჭირო იქნება სერიოზული მკურნალობა.
ასეთ შემთხვევებში დაგეხმარებათ ტუხტის ფესვის აბაზანები: მცენარის დაქუცმაცებულ ფესვებს (2 ს.კ.) დაასხით 0.5 ლ ოთახის ტემპერატურის წყალი მინანქრიან ქვაბში, დაახურეთ და დადგით ორთქლის აბაზანაზე. ათბეთ 30 წუთით, ხანდახან მოურიეთ.
როცა მიღებული ნახარში ოთახის ტემპერატურამდე გაგრილდება, ჩაალბეთ მასში მარლის ხელსახოცები და დაიდეთ ქუსლებზე 30 წუთით. პროცედურა დღეში ორჯერ გაიმეორეთ მანამ, სანამ ქუსლები ისევ არ დარბილდება.
- ძალიან ეფექტურია კვერცხის გულის, ლიმონის წვენისა (1 ჩ.კ.) და კარტოფილის სახამებლის (0.5 ჩ.კ.) ნარევი ნიღაბიც. ცხელი წყლის თავზე გააჩერეთ ქუსლები, რათა ფორები გაიხსნას, წაისვით ნიღაბი და დაელოდეთ მის გაშრობას. როცა მასა “ქერქად” იქცევა, ჩამოიბანეთ თბილი წყლით, ქუსლებზე წაისვით დამატენიანებელი კრემი ან ემულსია.
- ამ მონაკვეთში კანი გლუვი და ნაზი გახდება, თუ ყოველდღიური აბაზანების შემდეგ, ქუსლებზე ზეითუნის გამთბარ ზეთს წაისვამთ.
- ქუსლებზე ძალიან გაუხეშებული, მკვდარი კანი შეგიძლიათ ფრთხილად მოიშოროთ, ხოლო ქუსლი ხახვის კომპრესით დაარბილოთ: ბალახის ან საპნის აბაზანების შემდეგ, მთელი ღამით დაიდეთ ტერფებზე ხახვის ნახევრები, რომლებსაც წინასწარ რამდენჯერმე უნდა მოასხათ მდუღარე წყალი, დაიმაგროთ პოლიეთილენის პარკით და შემდეგ კარგად შეიხვიოთ ქუსლები ბინტით – დილით ფეხები კარგად დაიბანეთ. დაბანის შემდეგ, გაიხეხეთ კანი პემზით და წაისვით ცხიმიანი მკვებავი კრემი. რამდენიმე პროცედურის შემდეგ, თუ მოინდომებთ, ქუსლები ისევ დარბილდება, ხოლო კანი – გაგლუვდება.
- თუ ქუსლების კანი ზუმფრის ქაღალდს დაემსგავსა, სახამებლის თბილი აბაზანები და ნახევრად მყარი ჯაგრისი დაგეხმარებათ. აბაზანის შემდეგ, კანის მკვდარი უჯრედები მარტივად ცილდება ქუსლს და იგი გაცილებით რბილი ხდება.
- ქუსლის კანი უფრო რბილი რომ იყოს, ღამით სიმინდის ზეთის ან ცხიმიანი კრემის კომპრესები უნდა გაიკეთოთ: უხვად წაისვით ქუსლებზე მასა, ზემოდან დაიდეთ პოლიეთილენის პარკი და შეიხვიეთ ღამით ბინტით. დილით, ჩვეულებრივი ოცწუთიანი აბაზანის შემდეგ, ფრთხილად გაიხეხეთ ქუსლები წვრილი პემზით. გაიმეორეთ პროცედურა კვირაში რამდენჯერმე და ქუსლის კანი სასიამოვნოდ გაგაოცებთ – ბავშვის კანივით დარბილდება.
ქუსლის კანის მოვლისთვის უამრავი საშუალება არსებობს, შეგიძლიათ ნებისმიერი აირჩიოთ, სცადოთ და ჩაატაროთ ექსპერიმენტები, სანამ არ იპოვით იმას, რომელიც თქვენს ფეხებს ყველაზე მეტად მოეწონა.