ფუმფულა და ბზინვარე თმის მფლობელი რომ გახდეთ, საუკეთესო შედეგების მისაღწევად რამდენიმე მარტივი წესი უნდა დაიცვათ.
წესი 1: სკრაბით გაწმენდა
ეს შეიძლება იყოს თავის კანის სპეციალური სკრაბი, ჩვეულებრივი სახის სკრაბი ან შინაურული საშუალება – მაგალითად, არაჟნის და ყავის ნარევი ან მარილი. თავს კანს გაწმენდა სჭირდება და ასეთი პროცედურა კვირაში მინიმუმ ერთხელ უნდა ჩაიტაროთ. სკრაბის გამოყენების შემდეგ დანარჩენი საშუალებები (ნიღაბი, კონდიციონერი, ბალზამი) გაცილებით უფრო ეფექტურად მოქმედებს. გარდა ამისა, ასეთი პროცედურა ქერტლის გაჩენისგან დაგიცავთ.
წესი 2: დამატებითი კვება და დატენიანება
კვირაში 1-2-ჯერ თმის ნიღაბი გაიკეთეთ ან სპეციალური საშუალებები გადაივლეთ. შეგიძლიათ უნივერსალური ლოსიონი გამოიყენოთ, რომელიც ნებისმიერი ტიპის კანს მოუხდება და თმას ბზინვარეს და ხავერდოვანს გახდის: 5 მლ ლიმონის წვენი 3 წვეთ ილანგ-ილანგის ეთერზეთს აურიეთ და 100 მლ წყალი დაუმატეთ. ეს ლოსიონი დაბანის შემდეგ თავზე გადაივლეთ, ჩამოიწურეთ და პირსახოცით მსუბუქად შეიმშრალეთ.
წესი 3: მასაჟი
თავის კანის მასაჟი სახლის პირობებში თმის მოსავლელად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. რამდენიმე წუთის განმავლობაში თავის კანზე თითის ბალიშებით მსუბუქი, წრიული მოძრაობები შეასრულეთ. პროცედურა თმის ფოლიკულების მკვებავი ნივთიერებებით და ჟანგბადით გამოკვებას ხელს შეუწყობს. მასაჟი სჯობს დილით ან საღამოს გაიკეთოთ. სხვათა შორის, თუ თმის ცვენა გაწუხებთ, მასაჟი ბოროტად არ გამოიყენოთ, რადგან პირველი რამდენიმე დღე თმის ცვენა კიდევ უფრო ინტენსიური გახდება.