ყვავილობის სეზონი ყველას ერთნაირად როდი ახარებს. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ დროს ფანჯრებსა და კარებს ხურავენ და სახლიდან გასვლას ერიდებიან. საქმე საგაზაფხულო ციებ-ცხელებას ეხება.
ასე უწოდებდნენ ოდესღაც დაავადებას, რომელსაც მცენარის მტვერი იწვევს. XX საუკუნეში მას ალერგია დაარქვეს, თუმცა მასში მხოლოდ სახელი არ შეცვლილა. დღეს მსხვილი სამრეწველო ქალაქების მოსახლეობის მეოთხედს მაინც აქვს ალერგია, თანაც, იგი თითქმის ყველაფერზე შეიძლება იყოს – ოთახის მტვერსა და ცხოველის ბეწვზე, ობის ნაწილაკებსა და წამლებზე, სარეცხ საშუალებებსა და საღებავებზე, საკვებ პროდუქტებსა და მწერების ნაკბენებზე.
სპეციალისტების აზრით, ალერგენთა და მათ მიმართ მგრძნობიარე ადამიანთა რაოდენობის მსგავსი ზრდა დაკავშირებულია გარემოს დაბინძურებასთან, ქიმიური მრეწველობის სწრაფ განვითარებასთან და ისეთი ნივთიერებების გაჩენასთან, რომლებსაც მანამდე ადამიანის ორგანიზმი არ იცნობდა, და, რაღა თქმა უნდა, ფსიქოემოციური დატვირთვისა და სტრესის გაზრდასთან.
ალერგია უკვე მონათლეს ცივილიზაციის დაავადებად და, ჯანმო-ს პროგნოზით, XXI საუკუნე ალერგიის ასწლეული იქნება. მართალია, არც ფარმაკოლოგია დგას ერთ ადგილას, მეცნიერები სულ ახალ-ახალ ანტიჰისტამინურ პრეპარატებს იგონებენ. თუმცა, როგორც ეს ხშირად ხდება, ისინი მხოლოდ შედეგებს ებრძვიან, არა პირველწყაროს.
და, მართალია, ცივილიზაციას მოწყვეტა ახლა, ფაქტობრივად, შეუძლებელია, ცხოვრების ჯანსაღ წესზე კი მხოლოდ ზარმაცს არ უსაუბრია, სხვა ვერაფერი, დიდი ალბათობით, ვერ დაგეხმარებათ.
ჩვენ ვეცდებით, ჩავანაცვლოთ მაინც აფთიაქის ურეცეპტო ანტიჰისტამინური წამლები მცენარეული ანალოგებით (რჩევა მათთვისაა, ვისაც ამ მცენარის მტვერზე არ აქვს ალერგია). ბევრი მათგანი შეგიძლიათ უბრალოდ რაციონში ჩართოთ, როგორც ჩვეულებრივი საკვები პროდუქტი.
არაფერი ახალი, იგივე სარეველა – ჭინჭარი. რომელ მიწათმოქმედს არ უოცნებია მის თავიდან მოშორებაზე? ჭინჭრის მხალსაც უკვე თითქმის აღარავინ ამზადებს. არადა, ადრე ეს კერძი სპეციალურად იმ ბავშვებისთვის იყო რეკომენდებული, რომლებსაც დიათეზი აწუხებდათ, მოხუცები კი მას იღებდნენ, როგორც საერთოგამაძლიერებელ საშუალებას. ჭინჭარი საუკუნეებით გამოცდილი საშუალებაა, რომელიც ზრდის ნივთიერებათა საერთო მიმოცვლას და ააქტიურებს ორგანიზმის დამცავ თვისებებს.
შავნაყოფიანი ცირცველი, იგივე არონია ძველი დროიდანაა ცნობილი. გასული საუკუნის ოცდაათიან წლებში, იგი ივან მიჩურინმა გამოიყვანა. ამ კულტურამ 70-იანებში პოპულარობის პიკს მიაღწია, თუმცა შემდეგ სრულად მიივიწყეს – კენკრა წავიდა და აგარაკების ღობეებთან, სარეველების მსგავსად, მორცხვად გააგრძელა ცხოვრება. საბედნიეროდ, მისი ნაყოფის უნიკალური სამკურნალო თვისებები არსად წასულა. ესეც რამდენიმე მათგანი: იმუნურ სისტემაზე დადებითი გავლენა, რადიოაქტიური ნივთიერებების მიერთება და ორგანიზმიდან გამოდევნა, სისხლში ქოლესტერინის შემცველობის შემცირება… და, რა თქმა უნდა, ალერგიული მდგომარეობებისა და კანის ზოგიერთი დაავადების დროს დახმარება.
თუმცა, შავნაყოფიანი ცირცველი და ჭინჭარი ზრდის სისხლის შედედებადობას, ამიტომ რაციონში უნდა დაამატოთ ისეთი ბალახები და სანელებლები (გრაკლა, შამბალა, ყვითელი ძიძო), რომლებიც ამ უარყოფით თვისებას ანეიტრალებს.
აგრეთვე, ნატურალური ანტიჰისტამინებია ჯანჯაფილი, ილი, ბაღის პიტნა. მათ აქტივობას აძლიერებს C ვიტამინი (ასკორბინის მჟავა).
ალერგიასთან საბრძოლველად იყენებენ ისეთ მცენარეებსაც, რომლებსაც ხალხური მედიცინა სისხლგამწმენდებს უწოდებს. ისინი აუმჯობესებს ნივთიერებათა მიმოცვლასა და ორგანიზმის საერთო მდგომარეობას. ესენია ბერძნული კაკლის ფოთლები, წითელი სამყურა, ოროვანდის ფესვი, ორკბილა, სამფერა ია, იონჯა.
ბევრს აქვს სოფელში ბერძნული კაკლის ხე. ნაყოფის გამოყენება ყველამ კარგად იცის, მაგრამ იცოდით, რომ ამ ხის ფოთლებიც სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის? ბერძნული კაკლის ფოთლებს ალერგიული რეაქციების შემცირება შეუძლია. მათ ივნისში ამზადებენ, როცა ისინი უკვე დიდი ზომისაა, თუმცა ჯერ კიდევ არ გამყარებულა.
სამყურა ერთ-ერთი საუკეთესო სისხლგამწმენდი საშუალებაა. მისი გაშლილი მუქი წითელი, ტკბილი თავები ზაფხულში სალათებში უნდა გამოიყენოთ. ხმელ ყვავილებს იყენებენ წვნიანებში, ფაფებსა და სხვა კერძებში. აგრეთვე, არსებობს სამყურას პურის რეცეპტით, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის მქონეთათვის.
უძველესი საშუალება, რომლითაც სისხლს იწმენდდნენ, ოროვანდის ფესვი გახლავთ. ნაკვეთზე ამ სარეველას ბუჩქების განადგურებისას არც კი ვფიქრობთ, რომ იგი საკვები მცენარეა. იაპონიაში, მაგალითად, იგი ბოსტნეულ კულტურად მოჰყავთ, სახელად “გობო”. განვითარების პირველ წელს, ოროვანდის არამხოლოდ ფესვები, არამედ ფოთლებიც შეგიძლიათ მოხარშოთ, შეწვათ და მიირთვათ სალათებთან ერთად.
იონჯაც, სამწუხაროდ, ზრდის სისხლის შედედებადობას, სამაგიეროდ, გიხსნით სახსრების ტკივილისგან. იგი საკმაოდ გემრიელია, ზაფხულში მწვანილი უბრალოდ დაუმატეთ სალათებს, ხოლო ზამთარში მოამაზადეთ მისგან წვნიანი ან ჩაი. არ დაგავიწყდეთ მისი ნაკლის კომპენსირება სხვა ბალახებით.
ორკბილა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა ალერგიული გამონაყარისა და დიათეზის დროს, მეტი ეფექტურობისთვის, მას იყენებენ შინაგანადაც და გარეგანადაც. სამწუხაროდ, ორკბილა ძალიან სწრაფად კარგავს სამკურნალო მოქმედებას. რეალურად, მხოლოდ ის ბალახია ეფექტური, რომელიც წელს მოიკრიფა, მისი მოქმედება მომავალ სეზონამდე შენარჩუნდება. სწორედ ამიტომ, ორკბილა თავად უნდა მოკრიფოთ.
სამფერა იისგან ამზადებენ ასეთ ნახარშს: 1 ს.კ. ბალახი 200 მლ ცხელ წყალზე იხარშება 15 წუთით, ყენდება 1 საათით და იწურება. მას იყენებენ კომპრესებისა და სავლებების სახით ეკზემისა და ფსორიაზის, ალერგიული დერმატიტისა და ექსუდატიური დიათეზის დროს.
სამკურნალო მცენარეების ეკოლოგიურ სისუფთავეში აბსოლუტურად დარწმუნებული რომ იყოთ, გაზარდეთ ისინი საკუთარ ბაღში და მიიღეთ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.