ოსპის სასარგებლო თვისებები და სასარგებლო წვნიანი რომელსაც ყველა სიამოვნებით შეექცევა.

0
8882

ოსპი პარკოსანთა ოჯახის ერთწლიანი მცენარის პატარა, ბრტყელი თესლია. ძველად ეს კულტურა გლეხებსა და უბრალო ხალხს შორის სწრაფად პოპულარული გახდა.

მას „დედოფალ ოსპსაც“ უწოდებდნენ და მისგან წვნიანს, ფაფას და ღვეზელის შიგთავსს ამზადებდნენ. შემდეგ წარმოუდგენლად ღირებული პროდუქტი რატომღაც მიივიწყეს. როგორც ჩანს, დროა ოსპი ჩვენს სუფრაზე დავაბრუნოთ.

დღეს „პაპარაცი“ პარკოსანთა დედოფლის სასარგებლო თვისებებზე გიამბობთ და გეტყვით, თუ როგორ მოხარშოთ სწორად, რომ არა მხოლოდ მკვებავი, არამედ გემრიელი კერძი მიიღოთ.

რით არის სასარგებლო ოსპი

დიეტოლოგები ოსპს ცილოვან სუპერ პროდუქტად მიიჩნევენ, რომელიც ყველას სამზარეულოში უნდა ჰქონდეს, ამიტომ მის სასარგებლო თვისებებზე დეტალურად შევჩერდებით.

1. ოსპი უჯრედისით და ცილით მდიდარია, ამიტომ ვეგეტარიანელები ხორცის ალტერნატივად ხშირად იყენებენ. ხორცის მოყვარულები კი გარნირის ან მთავარი კერძის სახით იღებენ.

პარკოსან კულტურას ორგანიზმი ადვილად ითვისებს, რადგან მასში ხორცის ცილის თანმხლები ცხიმოვანი კომპონენტები არ შედის, რაც საჭმლის მონელების პრობლემის მქონე ადამიანისთვის სასარგებლოა.

2. ოსპი ბევრ ამინომჟავას, მინერალს და ვიტამინს შეიცავს, რომლებიც ორგანიზმიდან ტოქსინების და მავნე ნივთიერებების გამოდევნაში დაგეხმარებათ.

გარდა ამისა, მასში რადიონუკლიდები და ნიტრატები პრაქტიკულად არ გროვდება, ამიტომ თამამად შეგიძლიათ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი უწოდოთ.

3. პროდუქტი ფოლიუმის მჟავის შემცველობით რეკორდსმენია. B9 ვიტამინი მავნე ამინომჟავების სასარგებლოდ გარდაქმნას, ნერვული სისტემის ჯანმრთელობას ხელს უწყობს, ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს და ერითროციტების სინთეზისთვის აუცილებელია.

4. ოსპი უხსნად უჯრედისს შეიცავს, რომელიც საჭმლის მონელების, ყაბზობის, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის და დივერტიკულეზის პრობლემების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

5. მისი მიღებით ორგანიზმი რკინის მარაგს ივსებს, ამიტომ პროდუქტი ორსული ქალებისთვის და ძუძუთი კვების დროს განსაკუთრებით სასარგებლოა. რკინით მდიდარი სხვა პროდუქტებისგან (წითელი ხორცი) განსხვავებით ოსპი ცხიმებს პრაქტიკულად არ შეიცავს.

6. მის შემადგენლობაში შედის ტრიპტოფანი – ამინომჟავი, რომელიც ორგანიზმში სეროტონინად გარდაიქმნება. სეროტონინის დეფიციტი დეპრესიას და შფოთვას იწვევს.

7. გუელფის უნივერსიტეტის კანადელი სპეციალისტები ჰიპერტონიკებს და დიაბეტიკებს კვების რაციონში ოსპის მარცვლების დამატებას ურჩევენ.

როგორ მოვამზადოთ ოსპი

სხვა სასარგებლო პროდუქტისგან განსხვავებით ოსპი გემრიელიცაა. ამ მნიშვნელოვანი რჩევების დახმარებით ოსპი არ გადაიხარშება და არც უხეში არ დარჩება.

1. პირველ რიგში, ოსპს ჭუჭყი მოაშორეთ და გამდინარე წყალში კარგად გარეცხეთ. ამის შემდეგ ჩაალბეთ ან ხარშეთ.

აქ ყველაფერი ფერზეა დამოკიდებული. მწვანე ოსპი 1-2 საათით ჩაალბეთ, ყავისფერი – 40-60 წუთით, წითელი და ყვითელი ოსპი შეგიძლიათ საერთოდ არ ჩაალბოთ.

2. ხარშვის დროს სითხე მარცვლებზე 2-ჯერ მეტი უნდა იყოს, ანუ 1 ჭიქა ოსპზე 2 ჭიქა ცივი წყალი გამოიყენეთ.

3. ოსპი ჯერ საშუალო ცეცხლზე ხარშთ, წყლის ადუღების შემდეგ – სუსტ ცეცხლზე. ქვაბზე თავსახურის დახურება საჭირო არაა. ქაფი კი აუცილებლად უნდა მოხადოთ.

4. მარილი ხარშვის ბოლოს დაუმატეთ. თუ მარილს დასაწყისში დაუმატებთ, უფრო დიდხანს ხარშვა მოგიწევთ.

5. მწვანე ოსპი 40 წუთით, ყავისფერი 30 წუთით, ხოლო წითელი 10-15 წუთით ხარშეთ.

6. ოსპის გემო შეგიძლიათ საყვარელი სანელებლით, მწვანილით ან ბოსტნეულით გაამრავალფეროვნოთ. პარკოსან პროდუქტებს უხდება შემწვარი ხახვი და სტაფილო, რომელთაც შეგიძლიათ პომიდორი, ნიორი და ბულგარული წიწაკა დაუმატოთ.

თუ დღემდე ოსპი გასინჯული არ გაქვთ, სასწრაფოდ გამოასწორეთ! თქვენი მენიუ უამრავი, მრავალფეროვანი, გემრიელი და ძალიან სასარგებლო კერძით გაამდიდრეთ.

ოსპი პრაქტიკულად არ შეიცავს ცხიმს, მაგრამ მასში შედის ცილები და ნახშირწყლები, რომლებიც ხანგრძლივი დროით დანაყრების შეგრძნებას უზრუნველყოფენ. ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრებს შორის ოსპის პოპულარობა იზრდება.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი