ხვეა და გაციება გაწუხებთ? კოჟრები გაგიჩნდათ? თმა ზედმეტად უსიცოცხლოა? ყველა ჩამოთვლილ შემთხვევაში, ხახვი თქვენს დასახმარებლად მოემართება: ჩვენი სამზარეულოს განუყოფელ ნაწილს ძლიერი სამკურნალო თვისებები აქვს და შეიცავს მრავალნაირ ვიტამინს. B, C და E ვიტამინები, კაროტინი, თიამინი, ბიოტინი, რიბოფლავინი, ნიკოტინისა და პანტოტენის მჟავები – ესაა იმ ნივთიერებათა არასრული ჩამონათვალი, რომლებითაც ეს უბრალო ბოსტნეულია მდიდარი.
ხახვის გამოყენება მედიცინასა და კოსმეტოლოგიაში
ხახვი შეიცავს ეთერზეთებს – სწორედ მათი წყალობაა ბოსტნეულის ეს მკვეთრი სურნელი, აგრეთვე, ცრემლები ჩვენს თვალებზე, რომლებიც ხახვის დაჭრის დროს გვაწუხებს. სწორედ ამ მფრინავ ელემენტებს უნდა ვუმადლოდეთ, რომ ზეთი შველის გაციებას, ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში. გარდა ამისა, ხახვი მდიდარია რკინითა და კალიუმით.
ხახვის სასარგებლო თვისებებს გამოყენება უპოვეს კოსმეტოლოგიაშიც – ითვლება, რომ მისი წვენი აძლიერებს თმას, ამიტომაც საკმაოდ ხშირად ვხვდებით შესაფერისი კოსმეტიკური საშუალებების შემადგენლობაში. აგრეთვე, ხახვი მრავალი ხალხური რეცეპტის ხშირი ინგრედიენტი გახლავთ. მისი გამოყენებით ებრძვიან აკნეს, სახის ცხიმიან კანს, ქერტლს, სიმელოტესა და კოჟრებს. ამასთან, აუცილებელი არაა დიდი დროის ხარჯვა და რთული მოქმედებების შესრულება: მაგალითად, პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად საკმარისია ნედლი ხახვის ნაჭრით სახის კანის გაწმენდა.
აგრეთვე, არ იჩქაროთ ხახვის ნაჭუჭის გადაყრაც. იგი არამხოლოდ სააღდგომო კვერცხების შესაღებავად, არამედ თმის გასაძლიერებლადაც გამოიყენება. სამკურნალო ეფექტს თან დაემატება თმის აბსოლუტურად უსაფრთხო გაოქროსფერება.
თმის გამაძლიერებელი საშუალება ტონირების ეფექტით
10 საშუალო ან 6-7 დიდი ხახვის თავის ნაჭუჭი გარეცხეთ, დააქუცმაცეთ, დაასხით მდუღარე წყალი და ხარშეთ 10-15 წუთით. დააყენეთ 1.5 საათით და გადაწურეთ. წაისვით ნახარში სუფთა, ოდნავ ნოტიო თმაზე, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ თმის ძირებს. უმჯობესია, ეს სპეციალური თხელი ხელთათმანებით გააკეთოთ, რადგან კანზე შეხებით, ნახარში ყვითელ კვალს ტოვებს. საშუალება თმაზე გაშრობამდე უნდა გაიჩეროთ, შემდეგ ჩამოიბანოთ.
ნახარშის ეფექტის გასაძლიერებლად ან უფრო გაჯერებული ფერის მისაღებად, პირველი ულუფის გაშრობის შემდეგ, მაშინვე წაისვით მეორე. ხახვის ნაჭუჭის ნახარში ღია ფერის თმას ცოტა ხნით შეღებავს, თუმცა მუქ თმას ოქროსფერი ელფერი არ დაეტყობა. ფერის შენარჩუნების დრო დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ხშირად იბანთ თავს; ყოველდღიური დაბანის შემთხვევაში, ელფერი მხოლოდ რამდენიმე დღეს გასტანს. ნახარშის მომზადებისას შეგიძლიათ ფანტაზიას გაუხსნათ გზა: დაუმატოთ გვირილა ან სხვა სამკურნალო მცენარეები, მუხის ქერქი და პრაქტიკულად ნებისმიერი მცენარეული ნედლეული, რომელიც ხალხურ მედიცინაში თმისა და კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გამოიყენება.
თმის გამაძლირებელი მასა
დახეხეთ ხახვი წვრილად, შეურიეთ თაფლს 4:1 თანაფარდობით და შეიზილეთ მიღებული ნარევი თმის ძირებში, ჩამოიბანეთ 40 წუთში, თბილი წყლით, საპნის გარეშე. ხახვის სუნის მოსაშორებლად, ჩამოსაბან წყალს დაუმატეთ ცოტაოდენი ლიმონის წვენი.
დამატებითი გამაძლიერებელი პროცედურის სახით, თმაზე შეგიძლიათ თეთრი კოსმეტიკური თიხის, კეფირისა და ეთერზეთის (მაგ. ფორთოხლის) ნიღბის წასმა. თიხას აზავებენ კეფირთან, არაჟნის კონსისტენციამდე, უმატებენ რამდენიმე წვეთ ზეთს. მიღებული შემადგენლობა წაისვით თმაზე, დაიხურეთ პოლიეთილენის ქუდი და პირსახოცი. 1 საათში ჩამოიბანეთ თბილი წყლით. თიხის ნიღაბი არამხოლოდ აშორებს ხახვის სუნს, არამედ აუმჯობესებს თავის კანის მდგომარეობას, წმენდს მას კანის მკვდარი უჯრედებისგან.
ყურადღება! ეთერზეთებისადმი ალერგიული რეაქციების არსებობის შემთხვევაში, ამ საშუალებებთან ფრთხილად იყავით.
ნიღაბი სახის კანის ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად
დახეხილი ხახვი შეურიეთ თაფლს თანაბრად, შემდეგ დაუმატეთ საღი რძე და წაისვით მიღებული მასა სახის კანზე. 30 წუთში ჩამოიბანეთ გვირილის ნაყენით (1-2 გვირილა 1 ჭიქა მდუღარე წყლით, დააყენეთ 15-20 წუთით, შემდეგ გადაწურეთ).
კოჟრებისა და მეჭეჭების სამკურნალო საშუალება
კოჟრზე ან მეჭეჭზე დაიდეთ ხახვის ფაფა, ხოლო დაზიანებული ადგილის გარშემო კანზე წაისვით ვაზელინი ან თუთიის მალამო. თუ მეჭეჭს ეხება საქმე, ხახვის მასა ყოველდღე წაისვით, გაქრობამდე. კოჟრების დროს კი 1 დღეში დაიმუშავეთ მარილიანი პემზით და წაისვით კანზე ჩვეულებრივი ფეხის კრემი. თუ პრობლემა არ გაქრა, პროცედურა კიდევ რამდენჯერმე გაიმეორეთ.
მწერების ნაკბენის დასაცხრობი საშუალება
დაიდეთ ნაკბენზე ხახვის წვენში ჩალბობილი ბამბა 10-15 წუთით. მეორე გზაა ფუნჯით ხახვის წვენის წასმა. პროცედურა რამდენჯერმე უნდა გაიმეოროთ, წვენის გაშრობის მიხედვით.
ხველის სამკურნალო საშუალება
აქციეთ 1 თავი ხახვი ფაფად სახეხის ან ბლენდერის გამოყენებით. მიღებულ მასას დაუმატეთ თაფლი და კარგად მოურიეთ. მიიღეთ საშუალება დღეში სამჯერ, 1 ს.კ., არ დაგავიწყდეთ მორევა მოხმარებამდე