ჟოლო ნამდვილი წამალია: გვეხმარება გრიპთან გამკლავებაში, აუმჯობესებს მადას, არბილებს კანს. ვინ იტყოდა უარს ამ ყველაფერზე?
ჟოლოს სასარგებლო თვისებები და შემადგენლობა
ჟოლოს კენკრა სასარგებლო ნივთიერებების ნამდვილი საგანზურია. იგი შეიცავს 12%-მდე შაქარს (გლუკოზას, ფრუქტოზას), 1%-მდე ორგანულ მჟვებს (ლიმონის, ვაშლის, სალიცილის), 4-6%-მდე უჯრედისს, პექტინებსა და ტანინებს, ფლავონოიდებს, ეთერზეთებს, მინერალურ ნივთიერებებს (მათ შორის, კალიუმს, კალციუმს, ნატრიუმსა და რკინას), C, B ჯგუფის ვიტამინებს, კაროტინს. ჟოლოს ფოთლებიც შეიცავს შაქარს, ორგანულ მჟვებს, მინერალურ ნივთიერებებსა და ტანინებს, ასკორბინის მჟავას. კენკრის თესლი კი დაახლოებით 14-22% ზეთისგან შედგება.
ჟოლო ცნობილი საშუალებაა გაციებისა და გრიპის წინააღმდეგ. კენკრისგან ამზადებენ სასარგებლო ჩაის, ნაყენს, ბალზამებს, მურაბებს, მორსებს, რომლებსაც სიცხის დაწევა და ანტიბაქტერიული გავლენის მოხდენა შეუძლია. ისინი აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას, ხსნის ანთებას, გამოიყენება შარდმდენ და ოფლმდენ საშუალებებშიც.
ხველის დროს დაგეხმარებათ კენკრის სპირტიანი ნაყენი. იგი წინასწარ უნდა მოამზადოთ: ნედლ კენკრას დაასხით არაყი და დააყენეთ 1 თვით. მიიღეთ დღეში სამჯერ, 2-2 ს.კ., სანამ ხველა არ გაქრება (ჩვეულებრივ, 3 დღეში).
გაციების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის იყენებენ ჟოლოს ფოთლებს: მათი ნახარში და ნაყენი რეკომენდებულია სტომატიტის დროს. ფოთლებისა და ყვავილების ნაყენები მკურნალობს მწერების ნაკბენებსაც. აგრეთვე, ყვავილებისგან ამზადებენ ნახარშს, რომელიც კურნავს თვალების ანთებასა და ბუასილს.
ჟოლოს სისხლშემაჩერებელი მოქმედება აქვს, აძლიერებს სისხლძარღვებს, გამოდევნის ტოქსინებს. შემადგენლობაში მაგნიუმი გავლენას ახდენს ნერვულ და გულ-სისხლძარღვთა სისტემებზე. საკვები ბოჭკოები, რომლებითაც ეს მცენარე მდიდარია, ხელს უწყობს ნაწლავების მუშაობას, ხოლო ჟოლოს სიროფი აამებს კუჭის ტკივილს და აუმჯობესებს მადას.
ჟოლო რეკომენდებულია რადიკულიტის, სახსრების დაავადებების დროსაც (სალიცილის მჟავის დამსახურებით). სხვათა შორის, ეს კენკრა გამოიყენება ნაბახუსევის სინდრომის დროსაც (მდგომარეობას ხილის მჟავა აუმჯობესებს).
ჟოლო კოსმეტოლოგიაში
კოსმეტიკური მიზნებით იყენებენ ჟოლოს როგორც კენკრას, ისე ფოთლებსა და ყვავილებს. კანისთვის ძალიან სასარგებლოა ჟოლოს წვენი: ამ საშუალებით იწმენდენ სახეს აკნეს დროს, იყენებენ კანის მკვებავი, დამარბილებელი და გამათეთრებელი ნიღბების დასამზადებლად. საკუთარ თავზე ზამთრის პერიოდშიც რომ იზრუნოთ, დააკონსერვეთ ჟოლოს წვენი.
კანის გამაცოცხლებელი ნიღაბი
დაჭყლიტეთ 100 გ ჟოლო და გადაწურეთ. დაუმატეთ 2 ს.კ. საღი რძე. ჩაალბეთ მიღებულ მასაში ბამბის ტამპონები და დაილაგეთ სახეზე, ზემოდან დაიხურეთ სველი პირსახოცი. 20 წუში მოიხსენით, ჩამოიბანეთ სახე თბილი წყლით და უკვე გამშრალ კანზე წაისვით კრემი.
ნიღაბი მგრძნობიარე კანისთვის
შეურიეთ 1 ჩ.კ. ხაჭო თხევად თაფლს, დაუმატეთ 2 ჩ.კ. ჟოლოს წვენი, მოურიეთ და წაისვით სახეზე, 15 წუთში ჩამოიბანეთ გრილი წყლით.
დამატენიანებელი ნიღაბი
დააქუცმაცეთ ჟოლოს ფოთლები ფაფისებრ მდგომარეობამდე, წაისვით მიღებული მასა სახეზე 15 წუთით. თუ მშრალი კანი გაქვთ, წინასწარ წაისვით მკვებავი ნიღაბი.
ყურადღება! ფეხმძიმობის დროს, ჟოლო მხოლოდ მცირე რაოდენობით უნდა მიირთვათ: მას ალერგიული რეაქციის გამოწვევა შეუძლია. კენკრის მირთმევა არაა რეკომენდებული შარდკენჭოვანი დაავადებების, პოდაგრის, ასთმის, თირკმლების მწვავე დაავადებების, სისხლის შედედებასთან დაკავშირებული პრობლემების დროს.
ჟოლოს წვენი და მასზე დამზადებული ნაყენი არაა სასურველი გასტრიტის, კუჭის წყლულისა და სხვა დაავადებების გამწვავების დროს.
შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ხილი დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს.