როზმარინი – ჯადოსნური სურნელოვანი მცენარე, მარადმწვანე ბუჩქი, ყვავილობის პერიოდში ნაზი იასამნისფერი ყვავილებით მორთული. როზმარინი შეგიძლიათ გამოიყენოთ დეკორატიულ მცენარედ ან სამკურნალო მიზნით. რით არის სასარგებლო როზმარინი და რა მოვამზადოთ მისგან?
„ზღვის სიჯანსაღე“
სწორედ ასე ითარგმნება როზმარინი – rosmarinus, რომელიც ველური სახით ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე გვხვდება. მცენარე ჯერ კიდევ ძველი რომის დროიდან არის ცნობილი: იმპერიაში მას ზღვის ნამს უწოდებდნენ . ითვლებოდა, რომ სწორედ ტალღები ანიჭებენ როზმარინის ყვავილებს ასეთ ლამაზ ფერს.
როზმარინის ფოთლებს მწარე გემო და ცხარე სუნი აქვთ. სანელებლის სახით გამოიყენება ინდოეთში, აფრიკასა და რუსეთში.
წინაპრები როზმარინს ჯადოსნურ სასარგებლო თვისებებს აწერდნენ: ის ავ სულებს განდევნიდა და სიმდიდრეს იზიდავდა. რა თქმა უნდა, უძველესი დროიდან ცნობილია მისი სასარგებლო თვისებები, რომელთაც სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ იყენებდნენ.
როზმარინის სახეობები
როზმარინის ყველა სახეობა მრავალწლიანი, მარადმწვანე ბუჩქია. ისინი თვისებებით და გარეგნობით განსხვავდებიან. ყველაზე გავრცელებული სახეობაა სამკურნალო როზმარინი (R.officinalis), რომელიც სიგრძეში და სიგანეში იზრდება და შეიძლება სიმაღლეში 2 მეტრს მიაღწიოს.
სამკურნალო როზმარინის ყველაზე ცნობილი სახეობებია: Tuscan Blue, Erectus, Miss Jessopp’s Variety, Fastigiatus.
ოთახის მცენარეების კულტურაში გავრცელებულია დაბალი ჯიშები: ლავანდის როზმარინი (R. lavandulaceus), მცოცავი როზმარინი (R. repens) და კორსიკული როზმარინი (R. Corsicus Prostratus). მცენარე დაბალია, სიმაღლეში საშუალოდ 0,5 მ-ს აღწევს, მაგრამ კარგი მოვლის პირობებში სიგანეში შეიძლება 1,5 მეტრამდე გაიზარდოს.
როზმარინის შემადგენლობა და სასარგებლო თვისებები
მისი შემადგენლობა უნიკალურია: მასში შედის B6 ვიტამინი, ფოლიუმის და პანთოტენორუს მჟავა, რიბოფლავინი, ტიამინი, მინერალური ნივთიერებები – თუთია, ნატრიუმი, კალიუმი, სპილენძი, მანგანუმი, რკინა, ფოსფორი, მაგნიუმი, კალციუმი. ამრიგად, მცენარე კბილებს და სისხლძარღვების კედლებს აძლიერებს, ასევე ჰორმონალურ ფონს აწესრიგებს. მასში შემავალი რკინა ჰემოგლობინის და მიოგლობინის ნორმალურ ფორმირებას ხელს უწყობს, მანგანუმი კი ნერვულ სისტემას აძლიერებს.
ასევე როზმარინი შეიცავს ლიპიდებს – 18 ამინომჟავას, ფიტოსტეროლებს და ცხიმოვან მჟავებს. სპეციფიკური როზმარინის მჟავა ძლიერი ანტიოქსიდანტია.
ყურადღება მიაქციეთ: ყველაზე მეტად სასარგებლოა როზმარინის ეთერზეთი. მისი ყველაზე მეტი კონცენტრაცია სამწლიანი მცენარის ფოთლებშია.
როზმარინის ეთერზეთი შეიცავს ღირებულ კარნოზის მჟავას, რომელიც დაბერებას და ტვინის დეგენერაციულ ცვლილებებს აფერხებს.
როზმარინი ადამიანის ორგანიზმზე მატონიზირებელ მოქმედებას ახდენს. ის ანტიბიოტიკებით ხანგრძლივი მკურნალობის დროს გამოიყენება, ჰიპოტონიის, პოდაგრის, კოლიკის და რევმატიზმის განვითარებისგან გვიცავს.
მცენარე როზმარინის ღვინის სახით მამაკაცის სასქესო სისტემისთვის სასარგებლოა. თუ მოდუნება გსურთ, როზმარინის აბაზანაზე უკეთესი არაფერია.
როზმარინის სპირტიანი ნაყენი სისხლს მიმოქცევას აუმჯობესებს.
მცენარე ეფექტური საშუალებაა, რომელიც კუჭ-ნაწლავის მუშაობას სტიმულირებს. გულ-სისხლძარღვთა დაავადების დროს ნამდვილი მხსნელია, ასევე ინფარქტის შემდეგ რეაბილიტაციის დროს კარგი დამხმარე საშუალებაა.
მასზე დაფუძნებული მედიკამენტი მეტეორიზმის დროს გამოიყენება. გარეგანი გამოყენების სახით კუნთების და სახსრების ტკივილის დროს დაგეხმარებათ. როზმარინის ეთერზეთზე დაფუძნებული პრეპარატები შესანიშნავი ანტისეპტიკებია: ისინი აბსცესებს, ეგზემას, ჩირქოვან გამონაყარს და ძირმაგარას მოგაშორებთ.
როზმარინს იმუნომასტიმულირებელ და სურდოს საწინააღმდეგო საშუალებადაც იყენებენ. გარდა ამისა, მცენარეს ანტიდეპრესიული ეფექტი აქვს და სხვადასხვა ინფექციებს კარგად ებრძვის.
როზმარინის გამოყენება სამედიცინო მიზნით
როზმარინის სპირტინი ნაყენი
50 გრ მცენარის ფოთლებს 250 გრ 70%-იანი სპირტი დაასხით და 10 დღე დააყენეთ. შემდეგ გაწურეთ, გაფილტრეთ და სამკურნალო საშუალებად გამოიყენეთ.
როზმარინის ნაყენი წყლის ორთქლზე
2 ჩ/კ დაქუცმაცებულ ფოთლებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. ნახევარი საათის შემდეგ გადაწურეთ და დღის განმავლობაში ცოტ-ცოტა (6 მიღება) გულ-სისხლძარღვთა პრობლემების დროს, მოსადუნებლად და ნაღვლის გადინების გასაუმჯობესებლად მიიღეთ.
როზმარინის ნახარში
2 ჩ/კ როზმარინის დაქუცმაცებულ ფოთლებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. 20 წუთის შემდეგ ნახარში გადაწურეთ. 1 ჩ/კ ნახარში დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ. საშუალება რეკომენდებულია გულის ტკივილის, კოლიკის, ნევროზის, იმპოტენციის და ამენორეის დროის.
როზმარინის ჩაი
1 ჩ/კ მცენარის დაქუცმაცებულ ფოთლებს 250 მლ მდუღარე წყალი დაასხით. 15 წუთში ჩაი მზად იქნება. ის ორგანიზმს გააძლიერებს და ინფექციური დაავადებების შემდეგ ძალების სწრაფად აღდგენაში დაგეხმარებათ.
უკუჩვენებები
ისეთ სასარგებლო მცენარესაც კი, როგორიცაა როზმარინი, უკუჩვენებები გააჩნია. მისი მიღება კატეგორიულად აკრძალულია ჰიპერტონიკებისთვის, ორსულებისა და მეძუძურე დედებისთვის, ადამიანებისთვის, რომელთაც ეპილეფსია აწუხებთ, 6 წლამდე ბავშვებისთვის, ასევე ალერგიის მქონე ხალხისთვის.
არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ როზმარინის ზეთი შიგნით: დიდი რაოდენობით შხამად გადაიქცევა.
როზმარინი კულინარიაში
როზმარინის ფოთლებს ბარდის წვნიანებს და სხვადასხვა სოუსებს ხშირად უმატებენ. ის კომბოსტოს და ისპანახის, კარტოფილის და ყაბაყის, ბადრიჯნის და ყველის კერძებს შესანიშნავად ერწყმის. ასევე შეგიძლიათ ხილის სალათებს დაუმატოთ. ერთი ტოტი როზმარინი ზეთის ბოთლში რამდენიმე დღე გააჩერეთ – ასე ზეთი ხმელთაშუა ზღვის არომატს შეიძენს.
ზოგიერთი შეფ-მზარეული თვლის, რომ წითელ ბოსტნეულს მცენარე არ ეთავსება – როზმარინი არ „მეგობრობს“ პომიდორთან და ჭარხალთან. გარდა ამისა, როზმარინი + დაფნის ფოთოლი – ცუდი წყვილია.
ეცადეთ, როზმარინის გამოყენებით არ გადააჭარბოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კერძი ქაფურის არომატს შეიძენს.
სტაფილოს „ლაფშა“ როზმარინით
ინგრედიენტები:
- 600-700 გრ მსხვილი, წვნიანი სტაფილო
- 4-5 კბილი ნიორი
- 1 ტოტი როზმარინი
- 80 მლ ზეითუნის ზეთი
- 40 გრ კარაქი
- მსხვილი ზღვის მარილი
- ახალ დაფქული თეთრი წიწაკა
მომზადება:
- სტაფილო გაასუფთავეთ და სლაისერის ან ფართო დანის დახმარებით წვრილ, გრძელ ზოლებად დაჭერით. მიღებულ „ლაფშას“ მდუღარე წყალი დაასხით, თავსახური დაახურეთ და 10 წუთით გააჩერეთ. შემდეგ საწურზე გადაიტანეთ და გააგრილეთ.
- სქელძირიან, დიდ ტაფაზე ზეითუნის ზეთი დაასხით და კარაქი მოათავსეთ. ნივრის კბილები დაჭყლიტეთ. როზმარინის რამდენიმე ფოთოლი გვერდზე გადადეთ. როზმარინი და ნიორი ზეთს დაუმატეთ და სუსტ ცეცხლზე დადგით.
- წვით, სანამ ნიორი ყავისფერ შეფერილობას არ მიიღებს, ზუსტად 4 წუთი. ნიორი და როზმარინი ტაფიდან გადმოიღეთ და ცხელ ზეთში სტაფილო მოათავსეთ, შეწვით, ფრთხილად აურიეთ, სანამ სტაფილო არ დარბილდება, ზუსტად 5 წუთი. სურვილის შემთხვევაში ცეცხლს რამდენიმე წუთით მოუმატეთ, რომ „ლაფშა“ შეიწვას.
- მარილი და სანელებლები მოაყარეთ, აურიეთ და ცეცხლიდან გადმოდგით. ქათამთან ერთად სუფრაზე გაიტანეთ, როზმარინით მორთეთ.
- მომზადების დრო – 20 წუთი. რეცეპტი 4 პორციაზეა გათვლილი.
ფუნთუშები ქიშმიშით და როზმარინით
ინგრედიენტები:
- 2 ტოტი როზმარინი
- 400 გრ ფქვილი
- 1 ს/კ მშრალი საფუარი
- 3 ს/კ შაქარი
- 150 გრ ქიშმიში კურკების გარეშე
- 7 ს/კ მცენარეული ზეთი
მომზადება:
- საფუარი და 1 ს/კ შაქარი 250 მლ თბილ წყალში გახსენით და 10 წუთით გააჩერეთ. ფქვილი გაცერით და 2 წუთით 150 გრადუსამდე გაახურებულ ღუმელში შედეთ.
- გაცხელებულ ფქვილს დარჩენილი შაქარი დაუმატეთ, საფუარი დაასხით და ცომი მოზილეთ. ფქვილ მოყრილ ზედაპირზე ცომი 10 წუთით მოზილეთ. 1 ს/კ ცხიმ წასმულ თასში გადაიტანეთ და თბილ ადგილას 1,5 საათით გააჩერეთ.
- როზმარინს ფოთლები მოაწყვიტეთ, დაჭერით და ქვასანაყით ოდნავ დანაყეთ. ზეთი როზმარინის ფოთლებით გააცხელეთ, ადუღებამდე არ მიიყვანოთ. ცეცხლიდან გადმოდგით და გააგრილეთ.
- ცომი ჩაზილეთ, ფქვილ მოყრილ ზედაპირზე გადმოიტანეთ, 4 ს/კ ზეთი როზმარინთან ერთად და გარეცხილი ქიშმიში დაუმატეთ. მოზილეთ.
- ცომი 8 ნაწილად დაყავით, თითოეული დაამრგვალეთ. ფქვილ მოყრილ ტაფაზე გადაიტანეთ და ოდნავ გააბტყელეთ. ბასრი დანით ფუნთუშები ჯვარედინად დასერეთ, პირსახოცი დააფარეთ და 30 წუთით გააჩერეთ.
- ღუმელი 180 გრადუსამდე გაახურეთ. ფუნთუშებს დარჩენილი როზმარინის ზეთი წაუსვით და 30 წუთით აცხვეთ.
- მომზადების დროს – 2,5 საათი. რეცეპტი 8 პორციაზეა გათვლილი.
როზმარინი კოსმეტოლოგიაში
როზმარინი სახის ლოსიონის ხშირი კომპონენტია: ის კანს მნიშვნელოვნად აახალგაზრდავებს და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს.
ამ მცენარის ნახარში შეგიძლიათ თმის კონდიციონერად გამოიყენოთ, განსაკუთრებით ცხიმიანი თმისთვის. თუ თმის ზრდის დაჩქარება გსურთ, როზმარინის ეთერზეთზე დაფუძნებული ზეთი თავი დაიმასაჟეთ.
გარდა ამისა, როზმარინის ნახარში აკნეს და ჩირქოვან გამონაყარს, განსაკუთრებთ მოზარდებში შესანიშნავად ებრძვის.
ძველ საბერძნეთში როზმარინის გვირგვინით თავს იმკობდნენ, რომ გონებრივი შესაძლებლობები გაეზარდათ.