მარწყვის მაქსიმალური ნაყოფიერება, გასწავლით როგორ მიაღწიოთ ასეთ შედეგს.

1048

ნაკვეთზე მარწყვის კვლების ქონა ძალიან კარგია. როცა მარწყვი თქვენია, ზუსტად იცით, რომ ისინი ქიმიკატების გარეშეა მოყვანილი და უსაფრთხოა.

კარგი მოსავალი რომ მიიღოთ, უნდა იცოდეთ, თუ როგორ იზრუნოთ მცენარეებზე. დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, თუ რა რისთვის და როგორ გააკეთოთ.

მარწყვის მოსავალი

თავდაპირველად შეაფასეთ, თუ როგორ გადაიტანეს ზამთარი ბუჩქებმა, ხომ არ გაიყინა, ახლის დარგვა ან ძველის მკურნალობა საჭიროა თუ არა. რამდენიმე კვირის შემდეგ, როცა თოვლი გადნება და მიწა გათბება, მარწყვის კვლების მოწესრიგება დაიწყეთ.

გამხმარი და დამპალი ფოთლები და გასული წლის ულვაშები მოაშორეთ. მცენარეები 1 %-იანი ბორდოს სითხით ან სპილენძის სულფატით დანამეთ.

ბუჩქები სწრაფად რომ განვითარდეს და შესაძლო ტემპერატურის ცვლილებისგან დაიცვათ, მარწყვს მკვრივი აგროფიბრი ან ფირი დააფარეთ.

რა თქმა უნდა, სჯობს აგროფიბრი გამოიყენოთ. მისი გამოყენება მებაღის ცხოვრებას ამარტივებს. ის სითხეს ატარებს, სითბოს აკავებს, თხევად სასუქს ატარებს, მაგრამ სარეველებს მიწიდან ზედაპირზე ამოსვლის საშუალებას არ აძლევს.

აგროფიბრი ნაკვეთზე შეგიძლიათ დააფაროთ როგორც მარწყვის დარგვამდე, ასევე შემდეგ. ზამთარში მისი მოხსნა საჭირო არაა. აგროქსოვილის ერთი ნაჭერი რამდენიმე წელი თქვენს სამსახურში იქნება.

თუ მას არ იყენებთ, სხვა გამოსავალიც არსებობს – მულჩირება. ამისთვის გამოდგება მცენარეული მასალები: ჩალა, ნახერხი, პატარა ტოტები, წიწვები, ტორფი.

მულჩირება საშუალებას გაძლევთ იშვიათად მორწყათ და გამოკვებოთ, გაფხვიერებაზე დრო დაზოგოთ და სუფთა კენკრა მოკრიფოთ. აგროფიბრისგან განსხვავებით, მულჩის ზამთარში დატოვება არ შეიძლება. ის გაფუჭდება და ნიადაგს დაამჟავებს.

რით გამოვკვებოთ მარწყვი კარგი მოსავლისთვის? სადღაც შუა აპრილში, როცა ბუჩქებზე უკვე პირველი ახალი ფოთლები გამოჩნდება, მარწყვს აზოტის შემცველი სასუქი მიეცით.

სასუქის სახეობები მარწყვისთვის

  1. 2 ჭიქა ძროხის ნაკელი და 1 ს/კ ამონიუმის სულფატი 10 ლ წყალში გახსენით. თითოეული ბუჩქი 1 ლ ნარევით მორწყეთ.
  2. 1 ს/კ ნიტროამოფოსკი და 10 ლ წყალი გახსენით. თითოეული ბუჩქის ქვეშ ნახევარი ლიტრი ნარევი დაასხით.
  3. 1 ლ ქათმის სკინტლი ან ძროხის ნაკელი 10 ლ წყალში გახსენით. ნახევარი ლიტრი ნარევით თითოეული ბუჩქი გამოკვებეთ.

როცა მარწყვის ბუჩქებზე პირველი კვირტები გამოჩნდება, კალიუმის შემცველი სასუქი მიაწოდეთ. 1 ჩ/კ კალიუმის ნიტრატი 10 ლ წყალში გახსენით და თითოეულ ბუჩქს ნახევარი ლიტრი ნარევი მიაწოდეთ.

აყვავილებამდე კენკრა კვირაში ერთხელ მორწყეთ. 2 კვირაში ერთხელ მიწა გააფხვიერეთ და სარეველები მოაშორეთ.

გაფხვიერების დროს ბუჩქები მსუბუქად მოთოხნეთ, რომ დამატებითი ფესვების განვითარების სტიმულირება მოახდინოთ. მაისის ბოლომდე ყინვები კვლავ მოსალოდნელია, ამიტომ ღამით მცენარეებს აგროქსოვილი დააფარეთ.

ყვავილობის დროს სარეველების მოშორება გააგრძელეთ, მაგრამ გამოკვება შეწყვიტეთ. მავნებლების საწინააღმდეგოდ მაღაზიაში ნაყიდი ქიმიკატები არ გამოიყენოთ.

თუ ყვავილობის დროს შეამჩნევთ ისეთ მავნებლებს, როგორიცაა მარწყვის ცხვირგრძელა, მის საწინააღმდეგოდ ხალხური მეთოდები გამოიყენეთ: ნივრის, მდოგვის ან თამბაქოს მტვრის ხსნარი.

გაზაფხულზე მარწყვი ულვაშებს აქტიურად უშვებს. ამ აღმონაცენებს მხოლოდ იმ მცენარეებზე ტოვებენ, რომელთაც გასამრავლებლად ზრდიან. დანარჩენებს, საიდანაც კარგი მოსავლის მიღებაას აპირებენ, რეგულარულად აშორებენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს