„გთხოვთ, დეტალურად დაწერეთ ისეთი დაავადების შესახებ, როგორიცაა აფტი და როგორ ვუმკურნალოთ მას. პატივისცემით, თქვენი მკითხველი გიორგი“.
წერილს პასუხობს ივან ჩეკმანი, ო.ო. ბოგომოლცის სახელობის ეროვნულ სამედიცინო უნივერსიტეტში ფარმაკოლოგიური კათედრის გამგე და პროფესორი.
აფტი – პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადება. დაავადების ნიშანი შეიძლება იყოს გამჭვირვალე სითხით სავსე ბუშტი, რომელიც სწრაფად სკდება და ლორწოვანზე ძალიან მტკივნეულ სიწითლეს ტოვებს. ხშირად აფტის მიზეზი ვირუსებია.
ლორწოვანი გარსის დაზიანებული ნაწილის სწრაფად შესახორცებლად აუცილებელია პროპოლისის 10%-იანი სპირტიანი ხსნარის და ვერცხლის ნიტრატის 2%-იანი ხსნარის წასმა. სამკურნალო ეფექტი აქვს პირის ღრუში კალიუმ-ალუმინის სულფატის (კვასცის) 1%-იანი ხსნარის, ტანინის 2%-იანი ხსნარის გამოვლებას. ზოგჯერ ალუბლის (კურკებიანად) მურაბა ან თაფლი გიშველით, პირში 3-5 წუთით გაიჩერეთ.
კარგი მოქმედება აქვს სამკურნალო მცენარეების პრეპარატებს, რომელთაც შიგნით იღებენ და პირში დღეში 4-5-ჯერ ივლებენ.
- კრაზანას ბალახის ნაყენი: 3 ს/კ ნედლს 500 მლ მდუღარე წყალი დაასხით, 10 წუთით აადუღეთ, 2 საათით დააყენეთ. 100 მლ ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ დალიეთ.
- სამკურნალო გვირილას ნაყენი: 3 ს/კ ნედლს 500 მლ მდუღარე წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ და 2 საათით დააყენეთ. გადაწურეთ და 100 მლ ნაყენი დღეში 4-ჯერ, ჭამამდე დალიეთ.
- ხმელი მოცვის ნაყენი: 4 ს/კ ნაყოფს 500 მლ მდუღარე წყალი დაასხით, 15 წუთით ადუღეთ, 1 საათით დააყენეთ. 50 მლ ნაყენი დღეში 4-ჯერ, ჭამამდე დალიეთ.