მავნებლები მებაღეებისა და მეაგარაკეების ყველაზე დიდი პრობლემაა ზაფხულში. რა თქმა უნდა, ახლა უამრავი საშუალება არსებობს მომაბეზრებელი მწერების წინააღმდეგ, თუმცა ეს ყველაფერი შხამი და ქიმიაა. ასეთი საშუალებები აფუჭებს მოსავლის ხარისხს, არადა ყველას გვინდა, რომ მოყვანილი ხილ-ბოსტნეული მაქსიმალურად ნატურალური და სასარგებლო იყოს. მაშ, როგორ მოვიქცეთ? როგორ მოვიშოროთ მავნებლები ქიმიკატების გარეშე?
ჩვენი რედაქცია გაგაცნობთ უნივერსალურ და ნატურალურ საშუალებას, რომელიც მავნებლებს წვეთი ქიმიის გამოყენების გარეშე მოგაშორებთ.
არყის ხის კუპრი მავნებლების წინააღმდეგ
არყის ხის კუპრს უამრავი სასარგებლო თვისება აქვს, მათ შორის კი ანტისეპტიკურ, ანტიპარაზიტულ და ანტიმიკრობულ თვისებებს გამოვარჩევდით. მათი წყალობით, კუპრი ფართოდ გამოიყენება მედიცინასა და კოსმეტოლოგიაში. თუმცა, დღეს ჩვენ იმაზე ვისაუბრებთ, თუ რატომაა არყის ხის კუპრი შეუცვლელი დამხმარე მიწათმოქმედისა და მებაღისთვის.
თავისი არსით, ესაა ბიოლოგიური რეპელენტი და ინსექტიციდი, რომელიც ბაღისა და ნაკვეთის მრავალი სახეობის მავნებელს ებრძვის. მოდით, გავარკვიოთ, როგორ უნდა გამოვიყენოთ იგი.
1. კოლორადოს ხოჭო
არყის ხის კუპრს ძლიერი სპეციფიკური არომატი აქვს და სწორედ ამ სუნის წყალობით აფრთხობს მწერების დიდ ნაწილს. მისი ეშინია მსუნაგ კოლორადოს ხოჭოსაც. ასეთი მავნებლის გასაქრობად, გახსენით 10 ლ წყალში ნახევარი ფილა საყოფაცხოვრებო საპონი, შემდეგ კი დაუმატეთ საპნის ხსნარს 2 ჩ.კ. კუპრი. ამ ხსნარით დაასველეთ კარტოფილის ფოთლები და ნიადაგი ნერგების გარშემო.
ასევე, შეგიძლიათ კარტოფილი კუპრით დარგვამდეც დაამუშავოთ: უბრალოდ ჩაალბეთ კარტოფილი კუპრის ხსნარში (1 ს.კ. 10 ლ წყალზე). ამავე ხსნარით მორწყეთ თხრილები, რათა ბოლქვები მიწისქვეშა მავნებლებისგანაც დაიცვათ.
2. კომბოსტოს ბუზი
ამ პარაზიტს ყველა მებაღე იცნობს. მიუხედავად წოდებისა, კომბოსტოს ბუზი არამხოლოდ კომბოსტოს, არამედ სხვა კულტურებსაც ვნებს, იქნება ეს ბოლოკი, ჭარხალი თუ თალგამი. ამ მწერის ჭუპრები ბოსტნეულისთვის ნამდვილი გამოცდაა. თუმცა, საბედნიეროდ, არსებობს კუპრი.
მცენარის პარაზიტებისა და მისი კვერცხებისგან დასაცავად, დაფარეთ კომბოსტოს გარშემო მიწა კუპრის ხსნარში (1 ს.კ. 10 ლ წყალზე) ჩალბობილი ნახერხი მოაბნიეთ. პროცედურა გაზაფხულზე უნდა შესრულდეს და აგვისტოს დასაწყისში განმეორდეს.
კომბოსტოს ბუზი, პეპლები და ჯვაროსანა ხოჭოები კომბოსტოსთან ვეღარ მივლენ, თუ მას კუპრის ხსნარით მორწყავთ. გაიმეორეთ პროცედურა რამდენჯერმე.
3. ბუგრი
ალბათ, ესაა ყველაზე მსუნაგი ქმნილება მათ შორის, ვისაც მებაღე იცნობს. მისთვის ამინდს მნიშვნელობა არ აქვს, ყველა მებაღემ იცის, რამდენად სწრაფად აქცევენ ისინი ჯანმრთელ ნერგებს ცარიელ ღეროებად. თუმცა, ამ ღორმუცელას ერთი სუსტი წერტილი აქვს – ვერ იტანს კუპრის სუნს.ბუგრების მოსაშორებლად, გამოიყენეთ თავად კუპრი ან კუპრის საპონი.
დააქუცმაცეთ 50 გ კუპრის საპონი, დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი და კარგად მოურიეთ. ფანტელები სრულად რომ გაიხსნება, დაუმატეთ 5 მლ კუპრი. მიღებული მასა გახსენით 20 ლ წყალში, მოურიეთ და ჩაასხით შხეფის ბოთლში. დაამუშავეთ მცენარის ფოთლები, ღეროები და ტოტები. გაიმეორეთ პროცედურა ორჯერ, ერთთვიან ინტერვალით. ხსნარი გამოიყენება როგორც ბუჩქების, ისე ხეების დასამუშავებლად.
4. ჭიანჭველები
აგარაკზე ჭიანჭველები უსიამოვნო მოვლენაა. მათ რომ თქვენს ნაკვეთზე შემოსვლის სურვილი გაუქროთ, შემოახვიეთ ხის ღეროებსა და ბუჩქის ძირებს სუფთა კუპრში ამოვლებული ტილოები.
ნაკვეთზე მაცხოვრებელ ჭიანჭველებს გზას დაულოცავთ, თუ რამდენიმე წვეთ კუპრს პირდაპირ ჭიანჭველების ბუდეზე დააწვეთებთ. ისინი კუპრის სუნს ვერ იტანენ და ნაკვეთს მალე დატოვებენ.
5. ვაშლის ნაყოფჭამია
მებაღის კიდევ ერთი კოშმარი. ნაყოფჭამია ანადგურებს მოსავალს და აფუჭებს შესანიშნავ წვნიან ნაყოფებს. არყის კუპრით დამუშავება ასეთი შემოსევისგან ვაშლებს დაიცავს. მოსავლის დასაცავად, შეაშხეფეთ ხეებს სუნიანი ხსნარი. იგი 10 ლ წყლით, 2 ჩ.კ. კუპრითა და 1/3 ფილა საყოფაცხოვრებო საპნით მადდება. დაამუშავეთ ხე, როცა მას კვირტები გაუჩნდება, გაიმეორეთ ყვავილობის დასრულებისთანავე.
ასევე, შეგიძლიათ ხის კენწეროებზე, აყვავების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, დაკიდოთ კუპრის ხსნარით სავსე ჭურჭლები. შეურიეთ 1 ჩ.კ. კუპრი 5 ლ წყალს. ასე დაიცავთ მოსავალს, თანაც არამხოლოდ ვაშლის, არამედ სხვა ხილის ხეებსაც.
ყველა ეს მეთოდი უკბე ბევრმა მებაღემ გამოსცადა. კუპრმა დაამტკიცა, რომ ეფექტურია მავნებლებთან ბრძოლაში. ასეთი მარტივი საშუალების წყალობით, შეძლებთ მომაბეზრებელი პარაზიტების მოშორებასა და შესანიშნავი მოსავლის მიღებას, ქიმიის გამოყენების გარეშე.