შინ მომზადებული არაჟნის გემო გაგისინჯავთ? მაშინ, დარწმუნებული ვარ, ახლანდელი მაღაზიის არაჟნები საერთოდ არ მოგწონთ. სწორედ ამიტომ, paparazzi-ს რედაქცია გთავაზობთ არაჟნის რეცეპტს ჩვეულებრივი,(თუ სოფლის რძე არ მოგეპოვებათ) მაღაზიის რძით. შედეგად მიიღებთ ასჯერ უკეთეს გემოს, ვიდრე მაღაზიის დახლიდან.
როგორ მოვამზადოთ არაჟანი
რა თქმა უნდა, შინ მომზადებული ყველაფერი უკეთესი, უფრო ნატურალურია. შინ მომზადებული არაჟანი, მაღაზიის არაჟანთან შედარებით, უფრო ცხიმიანია, ეს კი პირდაპირ გავლენას ახდენს მის კონსისტენციასა და გემოვნურ თვისებებზე. რა თქმა უნდა, ასეთს ბაზარზეც იპოვით, თუმცა კეთილსინდისიერი მწარმოებლის პოვნა არც ისე მარტივია.
ასეთ სიტუაციებში, მოამზადეთ არაჟანი დამოუკიდებლად. ამისთვის საჭირო არაა შინაური რძე, შეგიძლიათ მაღაზიაში 3.5%-იანი რძე შეიძინოთ. ასეთი არაჟნის თვითღირებულება საკმაოდ იაფი გამოდის და იგი ნამდვილად ვერ შეედრება ბაზარზე 1 ლ არაჟნის ფასს. მაშ ასე, გადავიდეთ რეცეპტზე.
ინგრედიენტები:
- 1 ლ რძე (3% ცხიმიანობა)
- 3 ს.კ. არაჟანი
მომზადება
1. უმჯობესია, არაჟანი ორთქლის აბაზანაზე მოამზადოთ. ქვაბის ფსკერზე მოათავსეთ ჩვეულებრივი მკვრივი ქსოვილი, მასზე კი რძით სავსე ქილა დადგით. ახლა ჩაასხით ქვაბში ცივი წყალი ისე, რომ ქილა წყალში მაქსიმალურად ღრმად აღმოჩნდეს.
2. როცა ამ ყველაფერს მორჩებით, დადგით ქვაბი ქურაზე და დაელოდეთ წყლის ადუღებას. შემდეგ ყურადღებით დააკვირდით რძეს. როცა იგი ადუღებასთან ახლოს იქნება, ქილა ამოიღეთ და დადგით გასაგრილებლად ოთახის ტემპერატურაზე.
3. ამ ეტაპზე უნდა დაამატოთ დედო. ამისთვის სპეციალური დედოს ან უბრალო არაჟნის გამოყენებაც შეგიძლიათ, 1 ლიტრზე 3 ს.კ. პროპორციით. კარგად მოურიეთ, დაახურეთ და დაელოდეთ 30-40 წუთით.
4. ამ დროის გასვლის შემდეგ, გადაწურეთ მიღებული რძის მასა ჩვეულებრივ მარლაში ან ბინტში. გემრიელი, ცხიმიანი არაჟანი მზადაა! რაც ყველაზე სასიამოვნოა, ამ შემთხვევაში 100%-ით იქნებით დარწმუნებული, რომ პროდუქტში ზედმეტი არაფერია.
ასეთი რძის პროდუქტი ნაყიდზე გაცილებით უფრო სასარგებლოა. საქმე ისაა, რომ მომზადების ტექნოლოგიას თავად აკონტროლებთ, ესე იგი მიკროელემენტებიც მინიმალური რაოდენობით დაიკარგება. ჩაინიშნეთ რეცეპტი, თუ გსურთ, რომ მაცივარში ყოველთვის გქონდეთ ახალი, ნატურალური არაჟანი. გემრიელად მიირთვით!