როცა სულყოფილად გვძინავს, გაღვიძებისას თავს ენერგიითა და ძალებით აღსავსე, პროდუქტიულ და მხნე ადამიანად ვგრძნობთ. გარდა კარგი განწყობისა, ხარისხიანი ძილი ჩვენი ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობისთვისაც აუცილებელი პირობაა. საძილე ლეიბის სწორად შერჩევა კი საყრდენ-მამოძრავებელ აპარატთან დაკავშირებულ პრობლემებს აგაცილებთ თავიდან. უნივერსალური გადაწყვეტილება ორთოპედიული მოდელები გახლავთ.
ორთოპედიული ლეიბი უზრუნველყოფს ძილის დროს სხეულის მაქსიმალურად სწორ მდგომარეობას, ხერხემალზე დატვირთვის თანაბრად გადანაწილებას. შეგიძლიათ შეიძინოთ საწოლის იაფფასიანი ჩონჩხი, იაფფასიანი საწოლის თეთრეული და ბალიშიც კი, თუმცა ლეიბზე ფული ნამდვილად არ უნდა დაზოგოთ.
ლეიბის სიმყარის ხარისხი
მარტივი წესი: რაც უფრო ასაკშია ადამიანი, მით უფრო რბილი უნდა იყოს მისი ლეიბი. უზამბარო, მყარ ლეიბებს ორთოპედები მხოლოდ 3 წლამდე ბავშვებისთვის გვირჩევენ, ამის შემდეგ კი საშუალო სიმყარის ლეიბზე უნდა გადახვიდეთ.
ოპტიმალური არჩევანია ორმხრივი ლეიბი, რომელშიც სირბილის ხარისხს საკუთარი სურვილისამებრ დაარეგულირებთ. ზედმეტად მყარი ლეიბი ზრდასრული ჯანმრთელი ადამიანისთვის არ შეიძლება. გამონაკლისია საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებები – ამ შემთხვევაში, დაიცავით ექიმის რეკომენდაციები.
სწორი ზომა და სიმაღლე
14 სმ-მდე სისქის ლეიბი თხლად ითვლება. იგი არაა გათვლილი ყოველდღიური გამოყენებისთვის – ასეთი ლეიბი გამოიყენება სტუმრებისთვის ან აგარაკზე დასარჩენად. ლეიბის სტანდარტული სისქე ყოველდღიური ძილისთვის 14-30 სმ-ებს შორის მერყეობს. თუმცა, არსებობს ელიტური მოდელებიც, რომელთა სისქე 40 სმ-მდე აღწევს.
რაც შეეხება ზომას, ლეიბის სიგანე/სიგრძე არ უნდა იყოს საწოლის ზომებზე ნაკლები. ერთ ადამაინს არანაკლებ 60 სმ თავისუფალი ადგილი უნდა ჰქონდეს, ამიტომ ორსაწოლიანი ლეიბის სიგანე 120 სმ-დან იწყება. მოდელთა უმეტესობას სტანდარტული ზომა აქვს – 200 სმ.
ზამბარით თუ ზამბარის გარეშე?
ჩვენ უკვე ვთქვით, რომ უზამბარო ლეიბი ზრდასრულ ადამიანებში მხოლოდ ექიმის დანიშნულებისამებრ გამოიყენება, ამიტომ ეს ვარიანტი ახლავე გადადეთ გვერდით.
ზამბარიანი ლეიბი კარგი არჩევანია, თუმცა მხოლოდ დამოუკიდებელი ბლოკით. როცა თითოეული ზამბარა შეფუთულია ცალკეულ ქსოვილის ტომარაში, ლეიბზე გამოირიცხება ტალღის ეფექტი (როცა ერთი ადამიანი უცებ დგება საწოლიდან, მეორე რხევას ვერ გრძნობს).
თქვენ როგორ შეარჩიეთ ლეიბი? გაგვიზიარეთ გამოცდილება.