სასუქი და სხვადასხვა ქიმიური საშუალება მცენარეების დასამუშავებლად შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ნივთიერებებით, რომლებიც მედიცინისთვისაა ტრადიციული.
წყალბადის ზეჟანგი
მებაღეობაში, წყალბადის ზეჟანგი თითქმის ყველა კუთხით გამოიყენება: როგორც ფუნგიციდი, ინსექტიციდი, ზრდის სტიმულატორი. შემადგენლობითა და თვისებებით, წყალბადის ზეჟანგი ცოტათი ჰგავს დამდნარ ან წვიმის წყალს. ჟანგბადის დამატებითი ატომი მჟანგველად და აერატორად მოქმედებს, კლავს დაავადებების გამომწვევ ბაქტერიებს და ანოყიერებს მიწას.
- დაუმატეთ წყალბადის ზეჟანგი ონკანის წყალს, რათა ქლორი უფრო სწრაფად განიავდეს.
- ჯანმრთელი ნერგების ზრდისა და ფორმირების ასაჩქარებლად, შეაშხეფეთ ან მორწყეთ ისინი წყალბადის ზეჟანგით: 1.5-2 ს.კ. 3%-იანი ხსნარი 1 ლ წყალზე.
- ნიადაგის დეზინფექციისთვის, გააკეთეთ უფრო კონცენტრირებული ხსნარი – 4-5 ს.კ. 1 ლ წყალზე. თუ ნიადაგის ზედაპირზე ობის მსგავსი თეთრი ლაქები გაჩნდა, შეწყვიტეთ რწყვა და გააგრძელეთ მხოლოდ შეშხეფება.
- ფესვის ლპობის დროს, მორწყეთ დაინფიცირებული მცენარეები ფოსფორის სასუქის ხსნარისა და 3%-იანი წყალბადის ზეჟანგის ნარევით (2 ს.კ. 1 ლ სასუქზე) კვირაში ორჯერ.
- წყალბადის ზეჟანგი გამოიყენება თესლის დეზინფექციისთვისაც (მარგანცოვკის ანალოგიურად) – ამისთვის, დაასხით თესლს 3%-იან ხსნარი 20 წუთით. ასეთი დამუშავება ხელს შეუშლის ობის გაჩენას შემდგომი სტრატიფიკაციისთვის.
- წყალბადის ზეჟანგისა და წყლის ნარევში (1 ჩ.კ. 1 ლ წყალზე) შეიძლება კალმების დაფესვიანებაც.
- წყალბადის ზეჟანგით შეიძლება ჭურჭლის დამუშავება დარგვამდე.
იოდი
ძირითადად, იოდის 5%-იანი ხსნარი მებაღეობაში გამოიყენება თესლის დასამუშავებლად და სოკოვანი დაავადებების პროფილაქტიკისთვის. მთავარია, დაიცვათ დოზები: ხშირ შემთხვევაში, 3 ლ წყალზე 1 წვეთი იოდი საკმარისია. თესლი უნდა ჩაალბოთ ხსნარში (1 წვეთი 1 ლ წყალზე) 2-3 საათით, დარგვამდე.
იოდი გავლენას ახდენს მოსავლიანობაზე, ნაყოფის ხარისხზე, ზრდის C ვიტამინის შემცველობას ბოსტნეულში, ამიტომ, იგი გამოიყენება სასუქის სახითაც, თუმცა საკმაოდ იშვიათად. ჩვეულებრივ, მცენარე არ საჭიროებს ამ მიკროელემენტს დიდი რაოდენობით.
რეკომენდებულია იოდის ხსნარის მორწყვა და შეშხეფება ბოსტნეულსა და მარწყვზე. მაგალითად, 5-10 წვეთი იოდისა და 10 ლ წყლის ხსნარი აუმჯობესებს მარწყვის ზრდას და იცავს დაავადებებისგან. მცენარეებს სეზონში ერთხელ, ყვავილობამდე ასუქებენ.
ცრუ ფქვილოვანი ცვრის მკურნალობა და პროფილაქტიკა კიტრზე: შეშხეფება: 10 ლ წყალზე 1 ლ დაბალცხიმიანი რძე, 10-12 წვეთი იოდი.
ფიტოფტორის მკურნალობა და პროფილაქტიკა: 10 ლ წყალზე 1 ლ რძის შრატი, 40 წვეთი იოდი და 1 ს.კ. წყალბადის ზეჟანგი.
კალიუმის პერმარგანატი (მარგანცოვკა)
როგორც იოდის შემთხვევაში, აქაც საჭიროა სწორი დოზირება: სოკოვანი დაავადებების პროფილაქტიკისა და სასუქისთვის გამოდგება სუსტი, ღია ვარდისფერი ხსნარი, დამპალი და დაინფიცირებული ნიადაგი მუქი ვარდისფერი ხსნარით უნდა დამუშავდეს.
თუ ოთახის მცენარე დაავადდა, მხოლოდ ნიადაგი კი არ უნდა მორწყოთ, არამედ მცენარე ამოიღოთ, მოაშოროთ დაინფიცირებული ნაწილები, ფესვები 10 წუთით ჩაუშვათ მარგანცოვკის ვარდისფერ ხსნარში და ჩარგოთ ახალ ნიადაგში.
თესლის დეზინფექცია ხდება გაჯერებულ იისფერ 1%-იან ხსნარში: 1/3 ჩ.კ. მარგანცოვკა 1 ჭიქა წყალთან. თესლი მოათავსეთ რამე არაქსოვილის ტომარაში და ჩადეთ ხსნარში 20 წუთით. ტომრიდან ამოუღებლად, გარეცხეთ თესლი ცივი გადადუღებული წყლით.
მარგანცოვკა დაგეხმარებათ ბაღის მარწყვის რუხი ლპობის (2 ჩ.კ. 10 ლ წყალზე), კენკროვან ბუჩქებზე ფქვილოვანი ცვრის (მუქი ვარდისფერი ხსნარი), ხოჭოსებრი მავნებლების შემოსევის დროს (მცენარის დარგვამდე, მორწყეთ ნიადაგი 2 გ მარგანცოვკისა და 10 ლ წყლის ხსნარით).
პერმარგანატის სუსტი ხსნარით ამუშავებენ დასარგავ ჭურჭელს, სათბურს, ადეზინფიცირებენ ბაღის ინსტრუმენტებს.
მდოგვი
მდოგვის ფხვნილი ბაღის სხვადასხვა მავნებელს მოგაშორებთ.
ლოკოკინა და ლოქორა: 50 გ მშრალი მდოგვი გახსენით 300 მლ წყალთან, დააყენეთ 1 საათით, გააზავეთ კიდევ 3-4-ჯერ წყალთან და შეაშხეფეთ მცენარეებს. ხანდახან, ლოქორების დასაფრთხობად, საკმარისია ნიადაგზე მდოგვის ფხვნილის მოყრა.
ზაფხულის პირველ ნახევარში, მდგოვის ნაყენს აშხეფებენ კენკროვან ბუჩქებს ხურტკმელის მავნებლების წინააღმდეგ. ამისთვის აიღეთ 100 გ ფხვნილი 10 ლ წყალზე, დააყენეთ 2 დღით, გადაწურეთ, გააზავეთ წყალთან 1:1 პროპორციით და დაუმატეთ 40 გ სარეცხი საპონი ყოველ 10 ლ ხსნარზე. ასეთივე ნაყენი დაიცავს ხეხილს მუხლუხოებისგან.
კომბოსტოს ბუგრების მოშორებაში დაგეხმარებათ ხის ფერფლის, თამბაქოს მტვრის, მდოგვისა და თხევადი საპნის ხსნარის ნაყენი. აიღეთ თითო ჭიქა თამბაქოს მტვერი და ფერფლი და თითო ს.კ. მდოგვი და საპონი, დაასხით ცხელი წყალი (10 ლ) და დააყენეთ 1 დღით.
მარწყვისა და ჟოლოს მავნებლის წინააღმდეგ, აიღეთ 200 გ ფხვნილი 10 ლ წყალზე. შეაშხეფეთ კვირტების გამოღების ფაზაში (აყვავებამდე 5-6 დღით ადრე). ხოჭოების მეორე თაობის წინააღმდეგ, დაამუშავეთ მცენარე ამავე ხსნარით 10-12 დღის შემდეგ.
ნერგებზე ფქვილოვანი ცვრის მკურნალობა შეიძლება მდოგვის ხსნარის შეშხეფებით (2 ს.კ. ფხვნილი 10 ლ თბილ წყალზე).
1 ჩ.კ. მდოგვის ფხვნილი (ხანდახან, 1/4 ჩ.კ. წითელ წიწაკასაც ურევენ) ჩაყარეთ სარგავ თხრილებში ბოსტნეულის დარგვამდე, მავნებლების დასაფრთხობად.