დილის სწორად დაწყება რომ ისწავლონ, ბევრ ადამიანს რამდენიმე წელი სჭირდება. მაგალითად, მე დღემდე ვცდილობ იმის გაგებას, თუ რა შემეფერება ყველაზე მეტად: მსუბუქი ვარჯიში გაღვიძების შემდეგ, მცირე მანძილის გარბენა თუ კონტრასტული შხაპი. თუმცა, სანამ არ ცდი, ვერც გაიგებ. ამიტომ, მე ვაგრძელებ ექსპერიმენტებს და ვეძებ საუკეთესო ვარიანტებს ჩემთვის.
დარწმუნებული ვარ, დილის სწორად დაწყება მთელი ხელოვნებაა. სწორედ ისე, როგორც სწორად კვება და ხარისხიანი ძილი. თუმცა, თუ რაციონთან და ძილთან წლებით გამოცდილი პარადიგმები გაგივათ, დილის რიტუალებთან ყველაფერი უფრო რთულია. ამ საქმეში ხომ ყველაფერი ინდივიდუალურია. მოდით, ვნახოთ, როგორ შეიძლება დღის დაწყება ისე, რომ მთელი დღე შედგეს.
დილის სწორად დაწყება
დილა – დრო განმარტოებისთვის
იმას, თუ როგორ უნდა დაიწყოთ დღე სწორად, არაერთი წიგნი მიუძღვნეს. მაგალითად, ჰელ ელროდმა თავის ნაშრომში “დილის მაგია” შეადგინა დილის საინტერესო განრიგი. გაღვიძების შემდეგ, დაუთმეთ 5 წუთი სიჩუმეს. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ გააძლიეროთ თქვენი სტრესმედეგობა და კონცენტრირდეთ მთავარზე.
შემდეგი 5 წუთი აფირმაციის შესადგენადაა საჭირო. ეს ტერმინი ფსიქოლოგიაში ცნობილია და აღნიშნავს რაღაც პოზიტიურ მსჯელობებს, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, კარგ ფსიქოლოგიურ განწყობაზე დავდგეთ. ამის შემდეგ, წარმოიდგინეთ ყველაფერი, რაზეც ფიქრობდით. ამასაც 5 წუთი მაინც დასჭირდება.
შემდეგ, დაუთმეთ 20 წუთი ვარჯიშს, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ, 20 წუთი – კითხვას, კიდევ 5 წუთი – წერას. აუცილებლად შეადგინეთ დღის გეგმა, რათა არაფერი დაგავიწყდეთ და ყველაფერი მოასწროთ.
სხეულზე ზრუნვა
დღის განმავლობაში ძალა რომ არ დაკარგოთ, დილით იზრუნეთ სხეულზეც. რა თქმა უნდა, ეს კომპლექსურად უნდა გააკეთოთ.
1. პირველ რიგში, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ სუნთქვას. გააღეთ ფანჯარა ან გადით გარეთ. დაიწყეთ ცხვირით ჩასუნთქვა, მუცლის გამობერვით. ამოისუნთქეთ პირით, მუცელი შეზნიქეთ. ასეთ სუნთქვას დიაფრაგმულს ან მუცლის ღრუსეულს უწოდებენ. მისი წყალობით, სისხლი ჟანგბადით იჟღინთება.
2. ახლა შეუდექით მსუბუქ ვარჯიშს, რომელიც ორგანიზმს ენდორფინით, სეროტონინითა და დოფამინით აავსებს. შემდეგ პატარა ყლუპებად მიირთვით 1 ჭიქა თბილი წყალი.
3. მიიღეთ შხაპი. მანამდე კი შეგიძლიათ მშრალი კანი ჯაგრისით გაიხეხოთ. ეს ლიმფის აჩქარებას შეუწყობს ხელს. თუ უკუჩვენებები არ გაგაჩნიათ, აბაზანის მიღების შემდეგ, მიიღეთ კონტრასტული შხაპი.
გონებაზე ზრუნვა
თანამედროვე ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე უსარგებლო ჩვევაა გაღვიძებისთანავე ხელში ტელეფონის აღება. ასე უბრალოდ წელავთ საწოლიდან ადგომის მომენტს. ყველაფერთან ერთად, ფლანგავთ დილის ძვირფას დროს. შეტყობინებების შემოწმება, სხვისი პოსტების კითხვა და მსგავსი საქმიანობა სასარგებლოს არაფერს მოიტანს, პირიქით, ყველაზე მთავარ რესურსს – დროს წაგართმევთ.
დალაგება – დილის რუტინის ნაწილი
უქმეები დალაგებას რომ არ შეალიოთ, ჩართეთ დილის რუტინაში რამდენიმე მნიშვნელოვანი საქმე. მაგალითად, გაღვიძებისთანავე გაასწორეთ საწოლი. პირველ რიგში, ასე გაიქრობთ უკან დაწოლის სურვილს, მეორეც, ოთახი მაშინვე დალაგებული გამოჩნდება. საუზმის შემდეგ, აუცილებლად გარეცხეთ ჭურჭელი და მაშინვე დაალაგეთ. გარდა ამისა, ჩართეთ სარეცხი მანქანა ადგომისთანავე, შემდეგ კი დაკავდით საქმეებით. ეს პროცესს მნიშვნელოვნად დააჩქარებს.
ადრიანი დილის უპირატესობები
ადამიანი, რომელიც მიჩვეულია დილაადრიან ადგომას, ამას ტყუილად არ აკეთებს. რაც უფრო ადრე ადგება, მით უფრო ნაკლებად ეჩქარება და მეტსაც მოასწრებს. გარდა ამისა, ადრე ადგომა აძლევს საშუალებას, აკონტროლოს საკუთარი ცხოვრება. თუ ადრე დგებით, დიდი ალბათობით, უფრო მოვლილად და ჯანმრთელად გამოიყურებით ვიდრე ისინი, ვინც სადილამდე ხვრინავს.
დილა სწავლისთვის საუკეთესო დროა
ერთი ინგლისური სამეცნიერო კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ახალ ინფორმაციას საუკეთესოდ სწორედ დილაობით ითვისებს. დილასა და საღამოს კი მიღებული ცოდნა პრაქტიკაში უნდა გამოიყენოთ. გარდა ამისა, ადრიანი დილა აგავსებთ სიახლით და გაჩუქებთ რაღაც შეუსწავლელის, ახლის შეგრძნებას.
სპორტის ნებისმიერი მიმართულება
თუ დილით ვერ ივარჯიშეთ, ისეირნეთ მაინც. მაგალითად, ტრანსპორტიდან რამდენიმე გაჩერებით ადრე ჩამოდით და სამსახურამდე ფეხით მიდით. სეირნობა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა და გვეხმარება საკმაოდ ბევრი კალორიის დაწვაში. გარდა ამისა, რა შეიძლება იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე დილის გასეირნება სუფთა ჰაერზე?
გემრიელი საუზმე – გაღვიძების მოტივაცია
წინასწარ იფიქრეთ, რა უნდა მოამზადოთ საუზმეზე. პირველ რიგში, არ მოგიხდებათ ღია მაცივართან დიდხანს დგომა, საჭირო პროდუქტის მოსაძებნად. მეორეც, გაცილებით უფრო შეგეხალისებათ ადგომა, თუ გეცოდინებათ, რომ გემრიელი და მსუყე საუზმე გელით. დილის საკვები მრავალფეროვანი უნდა იყოს. ამიტომ, ნუ მიირთმევთ ყოველდღე შვრიის ფაფას ან შემწვარ კვერცხს.
საუკეთესო დრო შექებისთვის
ნუ დატუქსავთ თავს წარუმატებლობის გამო, იფიქრეთ იმაზე, თუ რას მიაღწიეთ. დილით რამდენიმე წუთი მაინც დაუთმეთ თქვენი მიზნების გადახედვას. შემდეგ გააანალიზეთ, თუ რა ნაბიჯები გაიარეთ მათ მისაღწევად. შედეგად, გახდებით თავდაჯერებული, განწყობა კი მთელი დღით გაუმჯობესდება.
დილა მოდური ტანსაცმლის დროა
მოვლილი და სასიამოვნო გარეგნობა მთელი დღის განმავლობაში თავდაჯერებულობის წინაპირობაა. ამისთვის, ჩაიცვით ლამაზად, გაიკეთეთ მომხიბლავი ვარცხნილობა ან მაკიაჟი. სხვათა შორის, მეორე დღის ლუქი შეგიძლიათ საღამოსვე ააწყოთ, კარადასთან დიდხანს რომ არ იდგეთ. თუმცა, სწორედ დილით მოგვდის თავში ახალი იდეები. ამიტომ, შთაგონდით დილის პროცედურებით და თამამად ჩაატარეთ ცდები ტანსაცმელთან.
მოგვიყევით, როგორია თქვენთვის დილის სწორად დაწყება. დარწმუნებული ვარ, არსენალში გექნებათ დილის რამდენიმე სასარგებლო რიტუალი, რომელიც სხვასაც გამოადგება. კარგი იქნება, თუ ხრიკებს ჩვენც გაგვიზიარებთ. მშვიდობიან დილას გისურვებთ!