როგორ გავზარდოთ ფინიკის პალმა კურკიდან სახლის პირობებში

4275

როგორ გავზარდოთ ფინიკის პალმა სახლის პირობებში და შეიძლება თუ არა ამ მიზნით მაღაზიაში ნაყიდი ფინიკის კურკის გამოყენება? ბოლო კითხვაზე თამამად გპასუხობთ „დიახ“.

თუ მოთმინება გყოფნით, 3-4 წელში ჩვეულებრივი კურკიდან, რომელსაც ჩვენ დაუფიქრებლად ვაგდებთ, მწვანე ლამაზმანი გაიზრდება. ფინიკის პალმა თავისი ბუმბულიანი ფოთლებით ჰაერს წმენდს, ზედმეტი ზრუნვა არ სჭირდება და თანამედროვე ინტერიერს შესანიშნავ ხიბლს მატებს.

როგორ გავზარდოთ ფინიკის პალმა

„აი, პალმის ხეებს უახლოვდება ქარავანი, ხმაურიანად: მათ მწვანე ჩრდილში გაშალეს ბანაკი“ ხოტბას ასხამს ლერმონტოვი ფინიკის პალმას (Phoenix), რომელიც „ოაზისების დედოფლად“ ტყუილად არ მიიჩნევა.

მცენარე ადამიანებს და ცხოველებს საკვებს უზიარებს, წყალსაცავებს დაშრობისგან იცავს, ცხელ დღეეში ადგილობრივებს მზის სხივებისგან იცავს, სახლის და საყოფაცხოვრებო ნივთების საშენ მასალად გამოიყენება.

მე-19 საუკუნეში ფინიკის პალმა დიდგვაროვანი სახლების პოპულარული გასაფორმებელი საშუალება გახდა. დღეს მზა პალმა შეგიძლიათ ყვავილების მაღაზიაში შეიძინოთ, თუმცა მოზრდილი მცენარე საკმაოდ დიდი ფული ღირს და ახალ ადგილს დიდხანს ვერ ეგუება.

სწორედ ამიტომ, უფრო საინტერესოა რომ ფინიკის პალმა კურკიდან თავად გაზარდოთ. ასეთი „ფენიქსი“ ლამაზი, უპრეტენზიო და თავიდანვე თქვენი ბინის პირობებს შეგუებულია.

სამწუხაროა, რომ თქვენი პალმიდან ფინიკის ჭამას ვერ შეძლებთ. ყვავილობას და შესაბამისად ნაყოფიერებას ხე მხოლოდ მაშინ იწყებს, როცა 15 მეტრს აღწევს. სახლის პირობებში ამის მიღწევა რთულია.

დასარგავი მასალის მომზადება

კურკის სწრაფად გასაღვივებლად ზუმფარას ქაღალდით მყარი ზედა ფენა მოაშორეთ. კიდევ ერთი მეთოდი: მზა კურკა 80 გრადუსამდე გახურებულ ცხელ წყალში მოათავსეთ და რამდენიმე წუთით გააჩერეთ.

დარგვამდე კურკები თბილი წყლით სავსე ქილაში 1 დღე გააჩერეთ. შემდეგ სველი ბამბის დისკებით სავსე პლასტმასის კონტეინერში გადაიტანეთ.

ამის შემდეგ კონტეინერი გათბობის ბატარეაზე დადეთ, რომ ოპტიმალური ტემპერატურა უზრუნველყოთ. 2 კვირაში პირველ ფესვებს დაინახავთ. გამოდის კურკა შეგიძლიათ მიწაში ჩარგოთ.

კურკის დარგვა

ყველა ეტაპის გავლის შემდეგ კურკა საერთო ფართო კასრში მოათავსეთ. ის ტორფის ნახერხით და ქვიშით ან პალმისთვის განკუთვნილი მზა ნარევით გაავსეთ. გასაღვივებლად ოპტიმალური ტემპერატურა 25-30 გრადუსი უზრუნველყავით.

კურკა უკვე 40 დღის შემდეგ გაღვივებას დაიწყებს, ხოლო 50-60 დღეში ძლიერი, ნეკა თითის ტოლი, ვერტიკალური ფოთოლი გამოჩნდება.

როცა ფინიკის პალმის ახალი ნერგები 10 სმ–ზე მეტ სიმაღლეს მიაღწევს, ცალკე ქოთანში გადარგეთ. 9-12 სმ დიამეტრის ქოთანი გამოიყენეთ. ნიადაგის ნარევი 4 ნაწილი ნეშომპალას, 2 ნაწილი ქვიშის, 1 ნაწილი ტორფის და 2 ნაწილი ხის მიწით მოამზადეთ.

როგორ ვიზრუნოთ პალმაზე

გაითვალისწინეთ, რომ ფინიკის ხის სამშობლო ტროპიკებია. მისთვის სასარგებლოა მზის სინათლე, ზომიერი ტენიანობა, რბილი, ფხვიერი მიწა და მაღალი ტემპერატურის რეჟიმი.

პალმის ფოთლები პერიოდულად თბილი წყლით გაწმინდეთ. ზაფხულში ზრდის დროს მცენარეს უხვი მორწყვა სჭირდება. ქოთანი მზის მხარეს უნდა მიატრიალოთ ისე, რომ ფოთლების ისრები ოთახისკენ იყოს მიმართული. ასე პალმა გაიზრდება თანაბრად, სხვადასხვა მხარეს, და არა ერთ მხარეს.

ახალგაზრდა მცენარე, რომელიც ჯერ 5 წლის არაა, ყოველწლიურად გადარგვას საჭიროებს. უფრო ასაკოვანი – მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, რადგან პალმას არ უყვარს, როცა აწუხებენ.

ფოთლების მდგომარეობით შეგიძლიათ განსაზღვროთ, რომ მცენარეს რაღაც არ მოსწონს. ჩვეულებრივ, მზის დეფიციტის, ნაკლები მორწყვის, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილების და ორპირი ქარის გამო ფოთლები შავდება.

ძველად პალმის ხე მშვიდობის, ტრიუმფის და გამარჯვების სიმბოლოდ ითვლებოდა. ახლა უკვე იცით, როგორ გაზარდოთ ფინიკის პალმა კურკიდან. კურკა მიწაში ჩარგეთ და ფინიკის პალმა თქვენს სახლს პატარა მყუდრო ოაზისად გადააქცევს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს