„ჯერ ერთად გაარემონტეთ, შემდეგ იქორწინეთ“ – ბებიას რჩეული და პრაქტიკული რჩევაა. საკუთარი ხელით რემონტის გაკეთება, გვაშინებს. არ ვიცით, საიდან დავიწყოთ. ეს რომ ნერვების საქმეა, ამაზე არ ვკამათობთ. ერთ–ერთი ასეთი საქმე შპალერის გაკვრაა. ახლა მეუღლესთან ერთად სახლში რემონტს ვაკეთებ და როცა შპალერს ვარჩევდით, კედლის გაფორმების სხვა მეთოდზე წამითაც არ დავფიქრებულვარ. არადა, კედლის თანამედროვე გაფორმება მხოლოდ შპალერი არაა.
დიახ, ეს ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული და ცნობილი მეთოდია სახლის მოსაწესრიგებლად. მაგრამ არა ერთადერთი! შპალერების მრავალფეროვანი ვარიანტი არსებობს, მაგრამ შემოქმედებითი ადამიანი მხოლოდ ამ ვარიანტით არ შემოიფარგლება. „პაპარაცი“ შთაგონებისთვის კედლების გაფორმების საუკეთესო ვარიანტებს გთავაზობთ.
კედლის თანამედროვე გაფორმება
საღებავი
ძალიან მაგარია, როცა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ კედელი სხვა ფერში გადაღებოთ. დაგჭირდებათ ლილვაკი, საღებავი და ცოტა გამძლეობა. ეს მეთოდი ისეთივე ცნობილია, როგორც შპალერი. ოღონდ კარგი შედეგისთვის კედლები სწორად უნდა მოამზადოთ. თუ პანელის ძველ სახლში ცხოვრობთ, კედლები ზუმფარის ქაღალდით კარგად უნდა გახეხოთ. თუ უსწორმასწორო კედლებს ერთ ფერში შეღებავთ, ყველა ნაკლი და ნახვრეტი გამოჩნდება.
ნახატები კედლებზე
აღფრთოვანებული ვარ შემოქმედებითი ადამიანებით, რომლებიც სახლში განსაკუთრებულ ინტერიერს ქმნიან. აუცილებელი არაა ხატვა იცოდეთ, რომ კედლები იმავე საღებავით მოხატოთ. განუმეორებელი სტილი და მყუდროება გარანტირებული გექნებათ, განსაკუთრებით მაშინ, როცა პროცესში მთელი ოჯახი მონაწილეობს. მხატვრები საკუთარი ბავშვების ოთახებს ზღაპრულ მოტივებზე ხშირად ღებავენ. ასეთს იშვიათად ნახავთ. არანაირი თარგები, მხოლოდ ფანტაზია, საღებავი და კედლები, როგორც ტილო.
ორიგინალური სტიკერები
კედლის სტიკერებით კატის მიერ დახეული შპალერის შენიღბვას ადვილად შეძლებთ. შეგიძლიათ დიდი სტიკერები შეიძინოთ, რომლებიც თქვენი ბინის სტილს უხდება. ვარიანტი გამოადგება მათ, ვისაც ოდნავ გაცვეთილი შპალერის განახლება სურთ, მაგრამ ახალი შპალერის გაკვრა არ უნდა. ზარმაცი, მაგრამ ძალიან ლამაზი მეთოდია.
დეკორატიული ბათქაში
„ძველებური“ დიზაინის მოყვარულებს ასეთი გაფორმება მოეწონებათ. ბათქაშის დახმარებით შეგიძლიათ კედლებზე ფრესკები, მოცულობითი ან იდეალურად გლუვი ნახატები გააკეთოთ. მოდაშია მოცულობითი ნახაზები. თანამედროვე 3D პრინტერების დახმარებით შეგიძლიათ სახლისთვის ორიგინალური მოცულობითი შპალერი დაბეჭდოთ. ძვირი ღირს, მაგრამ ეფექტურია.
ბეტონის კედლები
თუ ახალაშენებულ ბინაში ცხოვრობთ, სადაც სწორი ბეტონის კედლებია, ასე რატომ არ უნდა დატოვოთ?ახლა ასეთი ინტერიერი პოპულარულია, ამასთან შპალერზე ბევრი ფიქრი არ მოგიწევთ. საკმარისია, კედლები სისველის და ობის საწინააღმდეგო საშუალებით დაფაროთ. მიკროცემენტი – კიდევ ერთი ვარიანტი მსგავსი გაფორმებისთვის. მას აბრეშუმის ტექსტურა და უფრო ღია შეფერილობა აქვს.
სარკე
სარკე აუცილებელი ნივთია პატარა ბინაში. რაც უფრო დიდია სარკე, ვიზუალურად ბინა მით უფრო ნათელი და მოცულობითია (ღია ფერის კედლებთან და ჭერთან კომბინაციაში). ერთ კედელზე სარკე თამამად დაკიდეთ. ფუტურისტული დიზაინი და სივრცე გარანტირებული გექნებათ.
აგური
სხვენი აგურის კედლებს გვერდს ვერ აუვლის. დიდი გამართლებაა, თუ ბინაში ან სახლში აგურის კედელი გაქვთ. ვისაც, თანამედროვე ინტერიერით ბინის მოწყობა სურს, ბათქაშის ყალბი აგურის გამოყენება უწევს.
დეკორატიული პანელები
თუ კლასიკური და მდიდრული სტილი მოგწონთ, ბოიზერის პანელებს ყურადღება უნდა მიაქციოთ. დეკორატიული პანელები უფრო მეტად ან ნაკლებად გამოხატული ნიმუშებით შეგიძლიათ შეარჩიოთ. ის კედელს ადვილად ემაგრება და სხვადასხვა ფერსა და ნიმუშებშია დამზადებულია. პასტელური ფერების კედლებზე ასეთი პანელები მდიდრულად გამოიყურება.
ხით გაფორმება
ვაღიარებ, ხით გაფორმებზე ვგიჟდები. თუ რემონტის შემდეგ ლამაზი ხის შეფერილობის ლამინატი დაგრჩათ, შეგიძლიათ სამზარეულოში წინსაფრად გამოიყენოთ ან აქცენტის კედელზე საძინებელში გააკრათ. ასეთი კედელი ყურადღებას იზიდავს, ძალიან სულიერია. რას ფიქრობთ?
ზოგს ინტერიერში ხის მორები შემოაქვს: ხის ნაჭრებს მოზაიკაში დებენ. წარმოუდგენლად გამოიყურება. გაოცებას ვერ ვწყვეტ, თუ როგორ ორგანულად გამოიყურება ბუნების ნაჭერი სახლში.
ქვა
ფუფუნების საგანი – ქვით დაფარვა. მარმარილოს ან გრანიტის პატარა ნაჭერიც კი წარმოუდგენლად გამოიყურება. იაფი სიამოვნება არაა, მაგრამ შთაბეჭდილებას ახდენს. ასე ხშირად სააბაზანო ოთახებს აფორმებენ, მაგრამ შეგიძლიათ საძინებელში კედლის ნაწილზეც გამოიყენოთ.
თითოეული იდეა თქვენი წარმოსახვის და ფინანსური შესაძლებლობების პრიზმაში გაატარეთ. ზოგიერთი მათგანი შეგიძლიათ განახორციელოთ, ზოგისთვის კი ფულის დაგროვება მოგიწევთ. აქ გემოვნების საკითხია. თქვენ რომელი ვარიანტი მოგწონთ ყველაზე მეტად?