მაღაზიისა და ბაზრის დახლებზე კვახის ისეთი მრავალფეროვანი არჩევანია, რომ თვალები გვიჭრელდება. დიდი თუ პატარა, მრგვალი თუ წაგრძელებული, ნათელი თუ მუქი ფერის… როგორ ვიპოვოთ ამ მრავალფეროვნებაში საუკეთესო პროდუქტი? შესაძლოა, გარეგნულად მწიფე კვახიც კი უგემური აღმოჩნდეს. ქვემოთ მოგიყვებით, როგორ უნდა აირჩიოთ კვახი სწორად.
როგორ ბევრ სხვა ხილსა და ბოსტნეულს, ჩვენს ლამაზმანსაც აქვს თავისებურებები. კვახის გემო არამხოლოდ მის სრულ დამწიფებაზე, არამედ სახეობაზეცაა დამოკიდებული. ერთს ტკბილი და ნაზი რბილობი თუ აქვს, მეორე მხოლოდ ბევრი თესლისთვის მოჰყავთ. არჩევანში რომ დარწმუნდეთ, უნდა იცოდეთ, რას მიაქციოთ ყურადღება.
როგორ ავირჩიოთ კარგი კვახი
გემრიელი კვახის ნიშნები
პირველ რიგში, დაათვალიერეთ კვახი, რომელიც მოგწონთ. მისი კანი უნდა იყოს მკვრივი, თუმცა არა ხესავით მყარი. ნახეთქები, ნაჭდევები და მუქი ლაქები იმაზე მეტყველებს, რომ ნაყოფი გაფუჭების პირასაა. აგრეთვე, მოერიდეთ ზედმეტად დიდ ნაყოფს – მათი რბილობი შეიძლება მწკლარტე და მშრალი იყოს.
ყოველთვის დააკვირდით ყუნწსაც. საზამთროს მსგავსად, მისი ყუნწი მუქი და ხმელი უნდა იყოს. თუ კუდი საერთოდ არ აქვს, თავი აარიდეთ. ხშირად, გამყიდველები მათ სპეციალურად აშორებენ, ნაყოფის სიმკვახე რომ დამალონ. ამასთან, ასეთი კვახი დიდხანს არ ინახება.
ნაყოფის სიმწკლარტის კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება სოკოვანი დაავადებებიც იყოს. მათ ნიშნებს მარტივად შეამჩნევთ ქერქზე. ამიტომაც, არ გირჩევთ გაჭრილი კვახის შეძენას. შესაძლოა, სწორედ ასე ცდილობენ გამყიდველები გაფუჭებული პროდუქტის გასაღებას.
კვახის რომელი სახეობაა ყველაზე გემრიელი
მე ძალიან მიყვარს ეს ბოსტნეული. მისგან ღვეზელებსა და დესერტებს ვამზადებ ან უბრალოდ ღუმელში ვაცხობ. ამიტომაც, ვცდილობ, იგი მოვიმარაგო. ბაზარზე ყველაზე ხშირად სამ ძირითად სახეობას ვხვდებით: მყარქერქიანი, მუსკატისა და მსხვილნაყოფიანი.
მუსკატის კვახი
ყველაზე გემრიელი და ტკბილი სახეობაა. იდეალურია ტკბილი კერძების, დესერტებისა და სალათებისთვის. ნაყოფი წაგრძელებულია, ქერქი – თხელი და რბილი. მუსკატის კვახი კი ძალიან ხორციანია. მას ცოტა თესლი აქვს და ისინი მოგროვილია სქელ ნაწილში, მსხალივით. ერთადერთი მინუსი ის აქვს, რომ მისი შენახვა დიდხანს არ შეიძლება.დროთა განმავლობაში, სიტკბო და სასარგებლო ნივთიერებები ქრება.
მსხვილნაყოფიანი კვახი
ეს ჟღალი ლამაზმანი ჩვენთვის კარგადაა ცნობილი. სწორედ ასე გამოიყურება ჰელოვინის დეკორაციების დიდი ნაწილი. მრგვალი, ზოლებიანი კვახი საუკეთესო არჩევანია, თუ ზამთრისთვის მომარაგებას აპირებთ. გარკვეული დროის შემდეგ, სახამებელი, რომელსაც ახალმოკრეფილი ნაყოფი დიდი რაოდენობით შეიცავს, შაქრად იქცევა. ეს კვახს უფრო აგემრიელებს.
მყარქერქიანი კვახი
თუ სერიალის ცქერისას გოგრის მარცვლების კნატუნი გიყვართ, ეს სახეობა უნდა აირჩიოთ. კვერცხის ფორმის, ოდნავ მწვანე კვახი სიტკბოთი არ გამოირჩევა. მას მყარი ქერქი და მკვრივი რბილობი აქვს. ნაყოფი დიდხანს არ ინახება, მისგან ხორცის გარნირის მომზადება შეიძლება.
მე ყველაფერს მცირე რაოდენობით ვყიდულობ. ზოგს ვყინავ, ასე მაქსიმალურად ვინარჩუნებ ბოსტნეულის სასარგებლო თვისებებს. ჩვენ გაზაფხულამდე ვტკბებით საყვარელი პროდუქტით.
თქვენ როგორ ირჩევთ ამ პროდუქტს? გაგვიზიარეთ გამოცდილება.