თანამედროვე ადამიანს ყველა მხრიდან უმტკიცებენ, თუ როგორი უნდა იყოს, როგორ უნდა მოიქცეს, რა ჩაიცვას და როგორ გამოიყურებოდეს. ცნობილი ადამიანები და მოდელები სრულყოფილი გარეგნობის დემონსტრირებას ახდენენ. სწორედ ამის გამო ბევრ უბრალო ადამიანს საკუთარ თავში ეჭვი ეპარება. „პაპარაცი“ გიამბობთ, თუ რატომ არ არის „გარეგნობის ხარვეზები“ ნაკლი, არამედ განსაკუთრებული მახასიათებლები, რისიც არ უნდა შეგრცხვეთ.
გარეგნობის ნაკლოვანება
1. კანის განსაკუთრებულობა
საზოგადოებაში სუფთა, ერთგვაროვანი და გლუვი კანი ლამაზად ითვლება. მართალია, უმეტესობა ადამიანის კანი იდეალისგან შორსაა. სახესა და სხეულზე შეიძლება იყოს აკნე, ხალი, პიგმენტური ლაქა, ჭორფლი, როზაცეა, ნაწიბური და ა.შ. ხალხი ჭორფლს ან ხალს მეტნაკლებად მშვიდად უყურებს. აი, აკნეს გამო სხვებს ჯერ კიდევ წამლავენ და ქალს მაკიაჟის სქელ ფენაში კანის ნაკლოვანებების დამალვას აიძულებენ.
რამდენიმე წლის წინ სილამაზის ბლოგერმა, ემ ფორდმა ამ პრობლემაზე ვიდეო გადაიღო, რომელიც მალევე პოპულარული გახდა. მან შექმნა ვიდეო, რადგან აკნეს გამო უამრავი ნეგატიური კომენტარი მიიღო.
ცოტამ თუ იცის, რომ აკნე არის დაავადება, რომელიც დედამიწის მოსახლეობის თითქმის 10%–ს აწუხებს. აკნე კანის ცხიმის ჭარბ წარმოებას, სებუმს უკავშირდება. ამ უსიამოვნებასთან ბრძოლაში ბევრი დრო, ფული და ძალისხმევა იხარჯება. ამის მიუხედავად, აკნეს მქონე ხალხს სიზარმაცეში, მოუწესრიგებლობასა და არასაკმარის ჰიგიენაში ადანაშაულებენ. თითქოსდა, რამდენიმე ჯადოსნური საშუალება ამას წამებში გააქრობს.
უნდა გესმოდეთ, რომ აკნე ჰიგიენის დეფიციტის ნიშანი არაა. ეს დაავადება გადამდები არაა. ხოლო მაკიაჟს გამოიყენებს თუ არა, თითოეულმა ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს. მით უმეტეს, დეკორატიულმა კოსმეტიკამ შეიძლება ანთება გაამწვავოს. ეს კანის სხვა „პრობლემასაც“ ეხება. ამით ადამიანი არ მახინჯდება. უბრალოდ მას ასეთი კანი აქვს და სხვა არ აქვს.
2. ჭაღარა და ნაოჭები
ჟურნალები, რეკლამები და კინოინდუსტრია გვეუბნება, რომ ასაკის შესაბამისი გარეგნობის ქონა ცუდია. ლამაზია მხოლოდ ახალგაზრდობა, ხოლო სიბერის ნებისმიერი ნიშანი უნდა დავმალოთ. შედეგად, მოწიფული ქალები, რომელთაც ნაოჭები და ჭაღარა აქვთ, თავს მიმზიდველად აღარ თვლიან. ამის გამოსასწორებლად კოსმეტიკურ ინდუსტრიას დიდ თანხას აძლევენ. მასში შედის თავის მოვლის საშუალებები, კოსმეტოლოგების მომსახურება და პლასტიკური ქირურგია. შეღებილ თმაზეც ბევრი ფული იხარჯება.
მნიშვნელოვანია გააცნობიეროთ, რომ ჭაღარა თმა და ნაოჭები საშიში არაა. პირიქით, ისინი ადასტურებენ, რომ თქვენი სხეული ბუნებრივი გზით იცვლება. საკუთარი ნაოჭების და ჭაღარის მიღების იდეა რაღაც მოძრაობა ხდება: ამას ეძღვნება ფოტოპროექტები, ბლოგები, წიგნები და სოციალური ვიდეოები. ახლა სხვადასხვა ასაკის ქალს საკუთარი ნაოჭების არ სცხვენია და ჭაღარა თმას იზრდის. მათ შორისაა ბევრი ცნობილი ადამიანი და მსახიობი: სალმა ჰაიეკი, მერილ სტრიპი, გვინეტ პელტროუ და სხვები.
3. სიმსუქნე
სტანდარტულზე მეტი წონის ხალხს ხშირად არცხვენენ, სიზარმაცეში, გაუმაძღრობაში ადანაშაულებენ და შეუმჩნეველ სამოსში დამალვისკენ მოუწოდებენ. ახლა მსგავს მოვლენას ფეტშეიმინგი ეწოდება. მსგავსი გავლენის ქვეშ შეიძლება მოხვდეს ისიც, ვისი წონაც სამედიცინო თვალსაზრისით ნორმის ფარგლებშია. ფეტშეიმინგისგან იტანჯება ბევრი ცნობილი ადამიანიც, მაგალითად, რიანა, რომელსაც წონის გამო ხშირად წამლავენ.
სავსე ფორმების მქონე ადამიანმა ვიწრო საცვლებით თავი არ უნდა დაიტანჯოს და ვერტიკალური ზოლებს მქონე შავ სამოსში თავი არ დაიმალოს. თითოეულს აქვს უფლება საკუთარი სხეული გამოაჩინოს და ჩაიცვას ის, რაც სურს.
4. ცელულიტი
ქალის „ფორთოხლისფერ კანზე“ საზოგადოებას საკმაოდ ნეგატიური დამოკიდებულება აქვს. ითვლება, რომ ხორკლიანი კანის მქონე ქალმა საცურაო კოსტუმი არ უნდა ჩაიცვას და ფეხები ზედმეტად არ გამოაშკარავოს. არადა ასეთი ქალები ცელულიტის საწინააღმდეგო ძვირადღირებულ საშუალებებში და მტკივნეულ მასაჟში ბევრ ფულს ხარჯავენ, ოღონდ ეს „სამარცხვინო“ ცელულიტი მოიშორონ, რაც სხეულისთვის სავსებით ნორმალურია.
ბევრისთვის საძულველი ცელულიტი (როგორც ყველაფერი ზემოთ აღნიშნული) პრობლემა მხოლოდ მარკეტინგის წყალობით გახდა. გასული საუკუნის 70-იან წლებში რაღაც სამარცხვინოდ სულ არ ითვლებოდა. მოგვიანებით, ნიკოლ რონშარმა მთელი წიგნი გამოუშვა იმის შესახებ, თუ როგორ ვებრძოლოთ ცელულიტს. ძალიან მალე სახელმძღვანელო ფანტასტიკურად პოპულარული გახდა. მას შემდეგ ითვლება, რომ ცელულიტი საშინელი დეფექტია, რომელიც ნებისმიერი მეთოდით უნდა მოიშოროთ. გასაოცარი არაა, რადგან ამას სილამაზის ინდუსტრიაში მილიარდები მოაქვს.
ამის მიუხედავად, მრავალი კვლევის თანახმად ცელულიტი ქალების 85-89 %–ს აქვს. დამტკიცებულია, რომ კოსმეტიკურმა ან ქირურგიულმა მანიპულაციებმა შეიძლება კანის მდგომარეობა გააუარესოს. დასკვნა: ხორკლიანი კანი მხოლოდ ქალის ორგანიზმის განსაკუთრებული ნიშანია. ეს აიხსნება იმით, რომ ქალის კანი თხელია და ცხიმის პროცენტი უფრო მაღალია, ვიდრე კაცებში. ასეთია ბუნება. ასე რომ ღია ტანსაცმელი ფეხზე თამამად ჩაიცვით და სანაპიროზე სურათები გადაიღეთ, თუ გსურთ.
5. დაბალი ან მაღალი სიმაღლე
მუდმივი პრობლემა: მამაკაცები კომპლექსდებიან, რომ 2 მეტრამდე არ გაიზარდნენ, ქალები იტანჯებიან, როგორც დაბალი, ასევე ძალიან მაღალი სიმაღლის გამო. ამის გამო მთელი ცხოვრება სხვებისგან შეურაცხყოფის მოსმენა უწევთ.
ცოტამ თუ იცის, რომ ქალების 95% სიმაღლეში 150-179 სმ, ხოლო კაცების 95% სიმაღლეში 163-193 სმ–ია. ქვედა ზღვარი ზუსტად 147 სმ–ს შეადგენს, მაგრამ ასეთი მხოლოდ გარკვეული გენეტიკური მიდრეკილებების მქონე ადამიანებში გვხვდება.
თქვენი სხეულის მახასიათებლების გამო შეურაცხყოფის მოსმენა გიწევთ? თქვენი ისტორიები თავისუფლად გაგვიზიარეთ. გისურვებთ უპირობო, უსაზღვრო სიყვარულს მსოფლიოში ყველაზე ლამაზი და საყვარელი ადამიანის – საკუთარი თავის მიმართ!