სიტყვების მაგია: 7 ფრაზა, რომლებიც ბავშვს ყოველდღე უნდა უთხრათ

1930

მშობლები დაუფიქრებლად წარმოთქვამენ ფრაზებს და არ იაზრებენ, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამა თუ იმ წინადადებამ ბავშვზე. ყველაზე ხშირად, მშობლები თავიანთ შვილებს საღამოობით, სამსახურის შემდეგ ხედავენ. აქედან იწყება: “რა მოუხერხებელი ხარ!”, “ამას სპეციალურად აკეთებ?”, “დამტანჯე”, “შენგან არაფერი გამოვა”. არადა, ეს სიტყვები ოდესღაც, ბავშვობაში, თვითონ მშობლებსაც ტკენდა გულს.

თუ ბავშვთან საიმედო ურთიერთობის ქონა და მისი თვითშემეცნების დონის ამაღლება გსურთ, მასთან სწორად უნდა ისაუბროთ. წარმოგიდგენთ 7 ფრაზას, რომლებიც ბავშვს უფრო ხშირად უნდა უთხრათ.

1. მიყვარხარ

როცა თქვენი შვილი ძალიან პატარა იყო, ალბათ, ხშირად ეუბნებოდით ამას. წლებთან ერთად, თქვენც გეჩვენებათ, რომ ამ ფრაზამ დაკარგა აზრი. თუმცა, ბავშვისთვის იგი ნებისმიერ ასაკში ძვირფასია. არ აქვს მნიშვნელობა, 5 წლის იქნება თუ 13-ის. უთხარით, რომ გიყვართ, მიუხედავად ყველაფრისა. ეს მას ძალებს მიანიჭებს.

2. შენით ვამაყობ

თქვენი შვილი თავდაჯერებული რომ გაიზარდოს, ხშირად უთხარით, რომ მისით ამაყობთ. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ადგილი დაიკავა შეჯიბრში. ბავშვმა თავისი მცდელობისთვის ტორტი და ეს ფრაზა დაიმსახურა.

3. ყველაფერი რიგზეა, კიდევ სცადე

ბავშვმა უნდა გაიგოს, რომ წარუმატებლობა ნებისმიერი პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია. ნუ ეჩხუბებით ორიანისთვის, სთხოვეთ მასწავლებელთან მისვლა და გადაბარება. ნუ გაუბრაზდებით, თუ ლექსს ვერ მოჰყვა. გამოცდილება ნეგატიურიც არსებობს. გაამხნევეთ ბავშვი. მან უნდა იცოდეს, რომ შემდეგ ჯერზე გამოუვა. თუ რეგულარულად გაიმეორებთ, რომ ბავშვის გჯერათ, იგი ისწავლის სირთულეების გადალახვას. სამომავლოდ, მას გაუმარტივდება დასახული მიზნების მიღწევა.

4. შენი მჯერა!

ეს ფრაზა ბავშვს მაშინ უნდა უთხრათ, როცა დარწმუნებული იქნებით, რომ მზადაა დამოუკიდებელი მოქმედებისთვის. ასეთი საუბარი მას თავდაჯერებულობასა და პასუხისმგებლიანობას ჩაუნერგავს. თუ მშობლებს მისი სჯერათ, იგი ეცდება, არ მოატყუოს და გააცუროს მშობლები. დაამყარეთ მეგობრული ურთიერთობები, აჩვენეთ ბავშვს, რომ სიმართლის გამო არავინ ეჩხუბება.

5. მადლობა

ადრეული ასაკიდან უთხარით ბავშვს მადლობა, მაშინაც კი, თუ უბრალოდ სათამაშოები აალაგა. ამასთან, არ აქვს მნიშვნელობა, როგორ გამოუვიდა ამის გაკეთება. დროთა განმავლობაში, თქვენც და გარშემომყოფებსაც ასე გიპასუხებთ. რაიმე დავალების შესრულებისას დაშვებულ შეცდომებზე მიუთითეთ მოგვიანებით. ჯერ იმისთვის გადაუხადეთ მადლობა, რაც გააკეთა.

6. გთხოვ, დამეხმარე

ყველას უნდა, თავი მნიშვნელოვნად და სასარგებლოდ იგრძნოს. სთხოვეთ ბავშვს უბრალო საქმეში დახმარება. შემდეგ იგი იამაყებს, რომ მამას მანქანის შეკეთებაში ეხმარებოდა. არადა, მხოლოდ ქანჩქამანდი მოგაწოდათ. დროთა განმავლობაში, პატარა დამოუკიდებლად გამოავლენს ინტერესს და დაგეხმარებათ. ბოლოს დაუმატეთ: “შენ გარეშე რთული იქნებოდა.”

7. ბედნიერი ვარ, რომ მყავხარ

ბავშვის ურთიერთობა გარესამყაროსთან ყოველთვის მარტივი არაა, განსაკუთრებით კი მოზარდობის ასაკში. თინეიჯერს ეჭვი ეპარება ხოლმე იმაში, რომ მშობლებს უყვართ. ხოლო თუ მას და ან ძმა ჰყავს, ასეთი აზრები მხოლოდ ძლიერდება. ამიტომ რეგულარულად უთხარით ბავშვს, რომ მათი არსებობით ბედნიერი ხართ. ასევე, ისიც, რომ დედის სიყვარული ყველას ჰყოფნის.

ესაუბრეთ ბავშვს, როგორც ზრდასრულს, ოღონდ არ დაგავიწყდეთ მისთვის გრძნობების გამხელა. ნუ დაგენანებათ კარგი სიტყვები, თუმცა ზედმეტიც არ მოგივიდეთ. ნახავთ, რომ იგი გაიზრდება და ისეთი გახდება, როგორიც წარმოგედგინათ: დამოუკიდებელი, თავდაჯერებული და მშობლების მიმართ მადლიერი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს