კინოს სამყარო არა მხოლოდ ტანსაცმლის, არამედ მაკიაჟის და ვარცხნილობის ტენდენციებს ქმნის. ზოგჯერ ყველას გვსურს, რომ რომელიმე ცნობილი იმიჯი მოვირგოთ და თავი ჰოლივუდის ვარსკვლავად ვიგრძნოთ. Paparazzi.ge-ს რედაქცია გიამბობთ, თუ პოპულარული ფილმებიდან მსახიობების რომელი ვარცხნილობაა მოდაში 2021 წელს.
მსახიობების ვარცხნილობები
წელს ყველაზე აქტუალურია თმის სიგრძე ნიკაპის ხაზს ქვემოთ. ასე რომ, გასული საუკუნის კლასიკად ქცეული ძველი კეთილი ფილმებიდან რამდენიმე ვარცხნილობა შევაგროვეთ. ამ ფილმების მთავარი გმირის სტილი თანამედროვეობაში შესანიშნავად ჯდება.
ჯენიფერ გრეის გიჟური ხვეული
ქალბატონებო, დრო მოვიდა, თმა დაიხვიოთ. თუ ბუნებით დიდებული ხვეულები გაქვთ, მხრებამდე სიგრძის თმა შეარჩიეთ, როგორც ფილმ „ბინძური ცეკვების“ გმირს აქვს. ასეთი ვარცხნილობა 2021 წელს ძალიან მოდურია. მისი დახმარებით ცოტა თავხედურ, მაგრამ ქალურ სტილს შექმნით, რომელიც სხვებს აღფრთოვანებაში მოიყვანს.
მოცულობითი ხვეულები ვიწრო სახის გოგოებს მოუხდებათ. ფართო სახის გოგოები უნდა დაფიქრდნენ, რადგან ასეთი ვარცხნილობა სახეს ვიზუალურად უფრო აფართოებს. თუ ტალღოვანი თმის მორგება ძალიან გსურთ, გვერდითა თმა უკან შეიკარით, ასე ფორმას გაათანაბრებთ.
დემი მურის ბობ–კარე
ალბათ, ბევრს ახსოვს ფილმ „უხამსი წინადადების“ მთავარი გმირის სტილი. დემი მურმა დაუვიწყარი სტილის შექმნა შეძლო, რომლის განმეორებაც ასე ძალიან გვსურს. მისი თავშეკავებული ბობ–კარე თითქმის 30 წელია ძალიან თანამედროვედ გამოიყურება. ასეთი ვარცხნილობა ბუნებრიობას, სიმარტივეს და ამავდროულად მომხიბვლელ ელეგანტურობას ასახიერებს.
ბობ–კარეს მოკლე ვარიანტი მაღალ და მოხდენილი ფორმების გოგოებს მოუხდებათ. თუ მრგვალი, სამკუთხა ან ოთხკუთხა სახე გაქვთ, წინ დაგრძელებულ ვარიანტს გირჩევთ. ბობ–კარე ნებისმიერი ასაკის ქალს უხდება.
ფეი დანაუეის ლონგ–ბობი
ლეგენდარული კინოსურათის „ბონი და კლაიდის“ გმირი – კიდევ ერთი შეუდარებელი სტილის კარგი მაგალითი. ფეი დანაუეის გრძელი ბობი ნამდვილი კლასიკაა, რომელიც ნახევარი საუკუნის შემდეგაც მოდურია. თუ ფრანგული ხიბლის და ქალურობის მორგება გსურთ, ლონგ–ბობი შესანიშნავი ვარიანტია.
გრძელი ბობი – მრგვალი სახისთვის ნამდვილი აღმოჩენაა, რადგან გრძელი წინა თმა პროპორციებს ვიზუალურად წელავს. ვარცხნილობა ძალიან მკვეთრ სახის ნაკვთებს არბილებს.
უმა თურმანის კარე ჩოლკით
კინოს სამყაროში ფილმ „მაკულატურას“ გმირის სტილი ერთ–ერთი ყველაზე დასამახსოვრებელია. რა თქმა უნდა, უმა თურმანის სამსახიობო ოსტატობამ და უჩვეულო გარეგნობამ თავისი საქმე გააკეთეს, მაგრამ ეფექტურმა კარემ ჩოლკით არანაკლები წვლილი შეიტანა. სტილისტები ერთხმად იძახიან, რომ ასეთი ვარცხნილობა 2021 წელს მოდის პიკშია.
ასეთი მკაფიო საზღვრების მქონე ვარცხნილობა უხდებათ მოხდენილ, მინიატურულ ქალებს დახვეწილი ყელით. კარე ჩოლკით სჯობს აირჩიოთ, თუ სწორი თმის სტრუქტურა გაქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დავარცხნაზე ბევრს იწვალებთ.
თითოეული ვარცხნილობა თავისებურად მშვენიერია, რადგან ჰოლივუდური ხიბლი და ელეგანტურობა მოდიდან არასდროს გადადის. თუ იმიჯის შეცვლას აპირებთ, ერთ–ერთი ვარსკვლავური სტილი მოირგეთ. როგორ ფიქრობთ, რომელი ვარცხნილობა მოგიხდებათ?