დღესდღეობით სილამაზის სალონში თმის მოვლა ჩვეულებრივი რამ არის. შეჭრამდე თავის დაბანა ან უსიცოცხლო თმის ვიტამინებით გამოკვება – ნებისმიერი ახირება თქვენი ფულით. მართალია, სალონში თავის დაბანა სახლში დაბანისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. დღეს Paparazzi–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ ბანენ თმას სილამაზის სალონებში, რომ თმამ სისუფთავე უფრო დიდხანს შეინარჩუნოს, ვიდრე დამოუკიდებლად დაბანის შემთხვევაში.
თმის მოვლა სალონში
კარგ სილამაზის სალონში დავარცხნამდე ან შეჭრამდე თავის კანის გაწმენდას შემოგთავაზებენ. კარგ სალონში პროცედურის ღირებულებაში თავის მასაჟიც შედის. ეს აუცილებელია სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად და თმის ზრდის სტიმულირებისთვის. ზოგიერთი სპეციალურ სილიკონის სავარცხელს იყენებს, რომელიც ორ ფუნქციას ასრულებს: მასაჟი და სკალპიდან აქერცლილი ჭუჭყის ეფექტურად მოშორება.
პროფესიონალური პროცედურის შემდეგ თმა აბრეშუმივით ნაზი და ბზინვარეა, ხოლო თავი დიდი ხნით სუფთა. ასეთ ეფექტს თავის კანისთვის განკუთვნილი სკრაბები ხელს უწყობს. პროფესიონალები გირჩევენ თავის კანი სკრაბით ან ჩვეულებრივი სუფრის მარილით გაიწმინდოთ. ამ საშუალებებით კოსმეტიკური საშუალებების ნარჩენებს მოიშორებთ, რომელთაც შამპუნი ვერ აშორებს. სხვათა შორის, სახლის პირობებში მარილიანი სკრაბის გამოყენების შემდეგ თმის ძირებთან მოცულობა წარმოუდგენლად იზრდება და თავი ერთი დღით უფრო დიდხანს სუფთა რჩება.
როგორ დავიბანოთ თავი სწორად
დავიწყოთ იმით, რომ თითოეულ ადამიანში ცხიმოვანი ჯირკვლები განსხვავებულად მუშაობს. ეს თავის დაბანის სიხშირეზე გავლენას ახდენს. სწორედ ამიტომ, არ არსებობს უნივერსალური პასუხი, თუ რამდენად ხშირად უნდა დავიბანოთ თავი. სჯობს თავი მთელ სიგრძეზე და ძირებში კარგად გაისაპნოთ და გამდინარე წყლით დაიბანოთ. სპეციალისტები თავის დაბანას ყურების მიდამოდან იწყებენ. თმა ყველაზე მეტად ამ ადგილებში ბინძურდება. შემდეგ კეფისკენ გადადიან და ბოლოს წინა ნაწილს საპნავენ.
ამასთან, პარიკმახერი თავის კანს ინტენსიურად ხეხავს, ოდნავ ფრჩხილებით კაწრავს კიდეც. ასე შამპუნი მთავარ ფუნქციას ასრულებს – წმენდს. სალონში ყოველთვის პროფესიონალურ საშუალებებს იყენებენ, რომელთაც კლიენტის ინდივიდუალური მახასიათებლების მიხედვით ირჩევენ.
თუ გეჩვენებათ, რომ სახლში დაბანის შემდეგ თმა სწრაფად ბინძურდება, დიდი ალბათობით, შამპუნი არ შეგეფერებათ. სპეციალისტთან კონსულტანცია გაიარეთ, თუ რომელი შამპუნი გამოიყენოთ. თუ სწრაფად დაბინძურების გარდა თავის კანის და თმის სხვა პრობლემებიც გაწუხებთ, დერმატოლოგს მიმართეთ. ის სამკურნალო შამპუნს დაგინიშნავთ.
ხშირად ქალების მთავარი შეცდომაა დაბანის შემდეგ თმის ძირებში ბალზამის წასმა. ბალზამი–სავლები ძირებიდან 5-10 სმ–ს დაშორებით უნდა წაისვათ. კოსმეტიკის ნარჩენები თმის მთელ სიგრძეზე რჩება, ამიტომ სპეციალისტი არა მხოლოდ თავის კანს, არამედ თმასაც ხეხავს. აქ, აზრი იყოფა, თუმცა ბევრი ირწმუნება, რომ ამის გაკეთება გასაწმენდად აუცილებელია. შამპუნით დაბანის შემდეგ აუცილებელი კომპონენტების შევსება ნიღბით ან თმის ბალზამით ხდება. თმის მოვლაში ყველაზე მნიშვნელოვანი კოსმეტიკური საშუალებების შერჩევაა. პრაქტიკა აჩვენებს, რომ სჯობს ხარისხიან კოსმეტიკაზე ცოტა ფული დახარჯოთ, ვიდრე შეუფერებელი საშუალების და მასმარკეტის პროდუქტის შედეგებით დაიტანჯოთ.