საყურე ერთ-ერთი ყველაზე რთული სამკაულია. პატარა გოგოებს საყურის ტარებამ დისკომფორტი რომ არ შეუქმნას და მშობლებმა არ ანერვიულონ, ზოგიერთი საკითხი წინასწარ უნდა განიხილოთ.
ვის სჭირდება
პატარა ბავშვი მბზინავი საყურეებით ძალიან საყვარლად გამოიყურება. „ჩემი ლამაზი, პრინცესა, ჩანს, რომ გოგოა!“ – ამბობენ ნათესავები.
ზოგჯერ ახალ დაბადებულებს ოქროს საყურეებს ჩუქნიან იმ აზრით, რომ ყურები რაც შეიძლება მალე გაუხვრიტონ – სჯობს სანამ პატარაა, ასე უფრო მალე დაავიწყდება. ბევრი თანამედროვე ექიმი ამ პოზიციას არ ეთანხმება. ასევე ფსიქოლოგები: ასევე ჩარევა მხოლოდ ბავშვის სურვილით უნდა მოხდეს.
„ყურების გახვრეტას ცოტა უფრო მოზრდილ ასაკში გირჩევდით, როცა ბავშვს უკვე ესმის, თუ რას აკეთებს“.
ეს არა მხოლოდ მშობლების სურვილი, არამედ ბავშვის შეგნებული არჩევანი უნდა იყოს. გარდა ამისა, ბავშვი უკვე უნდა აცნობიერებდეს, რომ რამდენიმე დღით ყურებზე ხელების მოკიდება, საყურეზე შეხება ან მისი დამოუკიდებლად მოხსნა არ შეიძლება. სწორედ ამიტომ, ყურების გასახვრეტად საუკეთესო ასაკი 3 წლიდან ზემოთ ითვლება – ამბობს ექიმი-პედიატრი, სამედიცინო ექსპერტი ელენა ნიკიფოროვა.
უსაფრთხოა თუ არა
პიონერულ ბანაკებში „ბოშათა“ ნემსით ყურების გახვრეტის ისტორია ჩვენი ბავშვობის კოშმარია. ჯერ დედისგან გვხვდებოდა, ამასთან ნახვრეტი დიდხანს გვტკიოდა. ახლა, საბედნიეროდ, პროცესი გამარტივებულია, მაგრამ მანიპულაციის ჩატარების ადგილს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ.
ამ პროცედურის ჩატარება ჩვეულებრივ სილამაზის სალონებში ან სახლის პირობებში არ შეიძლება.
ყურები სპეციალურ კოსმეტოლოგიურ სალონში ან სამედიცინო დაწესებულებაში უნდა გაიხვრიტოთ. ლიცენზია აუცილებლად შეამოწმეთ! ყველა მოწყობილობა სტერილური უნდა იყოს. არ შეგრცხვეთ და მოწყობილობის დამუშავებაზე დაინტერესება გამოხატეთ – ამბობს ელენა.
მაგრამ საქმე ეხება არა მანიპულაციას, არამედ სამკაულის შემდგომ ტარებას. აქტიურმა და მოუსვენარმა სკოლამდელმა ბავშვებმა საყურეს შეიძლება თამაშის დროს ხელი კრან და ამით ყური დაიზიანონ.
ბავშვის ასაკსა და გართობას მნიშვნელობა ენიჭება. მაგალითად, სპორტით აქტიური დაკავების დროს ჩამოკიდებული, დიდი ქვებისა და დეკორატიული ელემენტების მქონე საყურეების ტარება უკუჩვენებულია.
თუ სკოლის მოსწავლე ბიჭისთვის ყურის გახვრეტა გადაწყვიტეთ და მისი თანატოლების რეაქციაზე დარწმუნებული არ ხართ, სკოლის წესდების შემოწმება არ დაგავიწყდეთ. „მსუბუქი, არა მასიური საყურე შეარჩიეთ: ეს შეიძლება იყოს პატარა საყურე, ოღონდ ბუნებრივი მასალის – ოქრო, ვერცხლი“.
ბიჟუტერიის ტარება სასურველი არაა. ამან შეიძლება ყურის გაღიზიანება, ანთება და დაჩირქება გამოიწვიოს.
ბავშვს უნდა აუხსნათ, რომ ყურს 3-5 დღის განმავლობაში არ შეეხოს. ამასთან პერიოდულად სპეციალური საშუალებით ნახვრეტი დაუმუშავეთ. თუ ნახვრეტის ადგილი 5 დღის შემდეგ კვლავ არ ხორცდება, სპეციალისტს მიმართეთ – შეგახსენებთ პედიატრი.
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ბავშვს ყურის გახვრეტამდე პროცესის შესახებ უთხრათ. არ შეაშინოთ, უბრალოდ განუმარტეთ, რომ ზრდასრულ სამკაულს ზრდასრული მიდგომა სჭირდება.
როდის სჯობს ამის გაკეთება
ყურების გახვრეტა ხშირად ბავშვის დაბადების დღეს, საბავშვო ბაღის დასრულება ან სკოლაში წასვლის პერიოდს ემთხვევა. პატარა, შენ უკვე დიდი ხარ, წამოდი ყურები გავიხვრიტოთ. თუმცა ოპტიმალურ პერიოდად გვიანი გაზაფხული ან ნაადრევი შემოდგომა ითვლება, როცა ბავშვი შარფს, ქუდს და ნაქსოვ ჯემპრს არ ატარებს, რომლებიც დაზიანების რისკს ზრდიან. გარდა ამისა, სიცხესა თუ სიცივეში ჭრილობა ცუდად ხორცდება.
აქვს თუ არა უკუჩვენება
მანიპულაციის ჩატარების წინ სჯობს პედიატრთან კონსულტანცია გაიაროთ. თუ ბავშვს ალერგიული რეაქციებისკენ მიდრეკილება აქვს ალერგოლოგთან ვიზიტი არ დაგავიწყდეთ. ექიმი ბავშვს დაათვალიერებს და თუ უკუჩვენებები არ არსებობს, ყურის გახვრეტაზე თანხმობას მოგცემთ.
მაგალითად, უკუჩვენებას მიეკუთვნება კანის დაავადება, ზოგიერთი ოფთალმოლოგიური დაავადება.
ჩვილებს (თუ მაინც ეს ვარიანტი აირჩიეთ) ყურები კბილების ამოსვლამდე არ გაუხვრიტოთ.
როგორ შევთანხმდეთ მოზარდთან
როცა ყურების გახვრეტაზე ვსაუბრობთ, ჩვეულებრივ ყურის ბიბილოს გახვრეტას ვგულისხმობთ. თუმცა მოზარდ გოგოს შეიძლება უფრო რთული ვარიანტის გაკეთება მოუნდეს: ბიბილოზე რამდენიმე რიგის გახვრეტა, ყურის ნიჟარის გახვრეტა.
ყველა ეს მანიპულაცია ბევრად უფრო რთული და მტკივნეულია, ხოლო ნახვრეტი „სტანდარტულ“ პირსინგთან შედარებით უფრო დიდხანს არ ხორცდება. ასე რომ, საკითხი დეტალურად შეისწავლეთ და გადაწყვეტილება მხოლოდ შემდეგ მიიღეთ.