აგარაკზე, სახლთან ახლოს ტუია უფრო და უფრო ხშირად გვხვდება. ეს გასაკვირი არცაა: დეკორატიული მცენარე ეზოს შესანიშნავად ამშვენებს. თუმცა, ტუია თავისი სილამაზით რომ გახარებდეს, მასზე სწორად უნდა იზრუნოთ, განსაკუთრებით ზამთრის შემდეგ.
ტუია ნაკვეთზე
თავისი გარეგნული სილამაზით ტუია სულ უფრო პოპულარული ხდება. მათი გვირგვინის ფორმირება შესაძლებელია – თქვენი სურვილის მიხედვით კონუსური ან მრგვალი ხეები შეგიძლიათ გაზარდოთ. ასეთი ნატურალური დეკორით აგარაკზე ფრანგული ბაღის შექმნას შეძლებთ.
რამდენიმე ცივი თვის შემდეგ შეიძლება აგარაკზე არა მწვანე ლამაზმანი, არამედ ყავისფერი ხმელი ტოტები იხილოთ. ეს ნებისმიერ მეაგარაკეს იმედს უცრუებს. ჩნდება კითხვა: რა არის მიზეზი და როგორ დავეხმაროთ მცენარეს? ამ კითხვებზე პასუხს Paparazzi-ს დღევანდელი სტატიიდან გაიგებთ.
ხშირად მიზეზი მზით დამწვრობაა. განა ასეთი რამ თებერვალსა და მარტში შესაძლებელია? აღმოჩნდა, რომ შეიძლება. ნაადრევ გაზაფხულზე მზე საკმაოდ აქტიურია. თან თოვლის ნარჩენები მზეს ირეკლავს და ნეგატიურ გავლენას ზრდის. ასეთი ზემოქმედება ახალგაზრდა, 5 წლამდე მცენარისთვის განსაკუთრებით სახიფათოა.
ტოტების გაყვითლება თავიდან რომ აიცილოთ, ტუიას უსაფრთხოებაზე ჯერ კიდევ შემოდგომაზე უნდა იზრუნოთ. ტოტები უნდა შეკრათ, ხე ღია ფერის მასალით შეფუთოთ. რა შეიძლება გავაკეთოთ, თუ უსიამოვნება თავიდან ვერ ავიცილეთ?
სიტუაციაზე გავლენის მოხდენა შეიძლება. თუ თოვლი ჯერ კიდევ დევს, ტუია დაჩრდილეთ. ამისთვის ღია სპანბონდი (აგროფიბრი) გამოიყენეთ. როცა თოვლი გადნება, ხის გადარჩენაზე იზრუნეთ. პირველი დამხმარე საშუალებაა ეპინი. ხსნარი ინსტრუქციის მიხედვით მოამზადეთ და დაზიანებული ნაწილები დანამეთ. ასე ხეს ახალი წიწვების გაზრდაში დაეხმარებით.
გაყვითლების სხვა მიზეზები
ხის წიწვების გაყვითლების მიზეზი შეიძლება სულ სხვა რამ იყოს. მაგალითად, მავნებლები ან სოკო. პროფილაქტიკის მიზნით ხის გვირგვინი სოკოს საწინააღმდეგო ნივთიერებებით დაამუშავეთ. თუ უსიამოვნება თავიდან ვერ აიცილეთ, დაზიანებული ტოტები მოჭერით და გაანადგურეთ. გადაჭრის ადგილი სპილენძის სულფატის ხსნარით დაამუშავეთ.
ტუიას მთავარი მავნებლები: ბუგრები და ფარიანები. მწერებს რომ გაუმკლავდეთ, ინსექტიციდებით დაამუშავეთ. აპრილი–აგვისტოს პერიოდში რამდენჯერმე გამოკვებეთ. ამისთვის ძროხის ნაკელი და ფრინველის სკინტლი გამოგადგებათ.
პროპორციები შემდეგი: 1 ნაწილ ნაკელზე – 4 ნაწილი წყალი. 4 დღე დააყენეთ. ერთ ხეზე დაახლოებით 2 ლ ასეთი ნაყენი დაგჭირდებათ. სასუქი არა ფესვებზე, არამედ წრიულად დაასხით, რომ დამწვრობა თავიდან აირიდოთ. რაც უფრო ძველია ხე, მით უფრო ფართო რადიუსი გამოიყენეთ.
სწორი მოვლის პირობებში ტუია თქვენი ნაკვეთის შესანიშნავი დეკორი გახდება. თუ უსიამოვნება მაინც მოხდა, არ იდარდოთ. დროული ზომების მიღებით სიტუაციას აუცილებლად გამოასწორებთ. წარმატებას გისურვებთ!