ინფორმირებულობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია, როცა საკუთარი სხეულის მწყობრში მოყვანას გადაწყვეტ. რაღა თქმა უნდა, კარგია, როცა მთავარ პრიორიტეტად ჯანმრთელობა მიაჩნიათ. ამ დროს ყველაფერი გაცილებით მარტივია. თუმცა, ჩვენ უფრო ხშირად ის გვინდა, რომ გარეგნულად გამოვიყურებოდეთ ძალიან კარგად. დღევანდელი სტატია სწორედ ასეთ ადამიანებს ეხება. Paparazzi.ge-ის რფდაქცია ისაუბრებს შიმშილსა და მადაზე, აგრეთვე, იმაზეც, თუ რატომაა მნიშვნელოვანი მათი ერთმანეთისგან გარჩევა.
შიმშილი და მადა
სამწუხაროდ, ან იქნებ საბედნიეროდ, ჩვენი ტვინი სხეულზე გაცილებით სწრაფად ევოლუციონირდება. მართალია, ჩვენ უკვე დიდი ხნის წინ მოვიგონეთ მაღალკალორიული, იაფფასიანი საკვები, რომელიც შიმშილის გრძნობას დაძლევს, ჩვენი ორგანიზმი მაინც აქტიურად ცდილობს, შთანთქოს ყველაფერი, რასაც სუფრაზე ვხედავთ.
პირველყოფილებისთვის, როცა საკვების მოპოვება ძალიან რთული იყო, მსგავსი ქცევა ნამდვილი ხსნა გახლდათ. მცენარეების ფესვებითა და ფოთლებით ვერ გაძღები, ამიტომ, როგორც კი ჩვენი წინაპრები ნადირს ხედავდნენ, მის მაქსიმალურად შეჭმას ცდილობდნენ. მათ იცოდნენ, რომ საკვები კიდევ დიდხანს აღარ ექნებოდათ. ასე ათასწლეულების განმავლობაში გრძელდებოდა.
თუმცა, ეს პირობები შეიცვალა. ჩვენ უკვე იმდენს აღარ ვმოძრაობთ, არც ყოველდღე ვებრძვით სიკვდილს. თუმცა, ჩვენი ორგანიზმი და მისი თავისებურებები დიდად არ შეცვლილა. მადისაღმძვრელი კერძის დანახვისას, ჩვენ ვცდილობთ, იგი რაც შეიძლება მეტი შევჭამოთ, თუნდაც მშიერი არ ვიყოთ.
ამ მოვლენის დადებითი მხარე გახლავთ ის, რომ ბევრი რამ მოვიფიქრეთ სწრაფად და ხარისხიანად დანაყრებისთვის. აგრეთვე, განვავითარეთ ცნობიერი, რომელიც გვეხმარება ჩვენი უცვლელი სურვილების გაკონტროლებაში. მისი წყალობით, ჩვენ მადისა და ნამდვილი შიმშილის ერთმანეთისგან გარჩევა შეგვიძლია.
როცა ადამიანი განსხვავების შეგრძნებას იწყებს და მადას უგულებელყოფს, ხვდება, რომ გაცილებით სწრაფად ნაყრდება. ჭამაც უფრო იშვიათად უნდება ხოლმე. ამიტომ, გშურდეთ ნამდვილი გურმანებისა, რომლებიც საკვებს პრეტენზიულად ირჩევენ. იქნებ, ბავშვობაში ეს პრობლემებს უქმნიდათ, თუმცა, “დიდობაში” უკვე ზუსტად ეცოდინებათ, რომ ზედმეტს არ შეჭამენ და არ გასუქდებიან.
სხვათა შორის, ეს კარგი რჩევაა მათთვის, ვინც ზედმეტი ჭამისკენაა მიდრეკილი. გურმანად იქეცით! ნუ შეჭამთ ყველაფერს, ჭამეთ მხოლოდ ის, რაც ნამდვილად მოგწონთ. იგივე პრინციპი კარგად მოქმედებს სადღესასწაულო სუფრაზეც. რატომ უნდა დაიდოთ კარტოფილის პიურე, როცა მისი ჭამა ნებისმიერ დღეს შეგიძლიათ? აიღეთ რამე განსაკუთრებული, ოღონდ ცოტა.
ცოდნის შეძენა და გამოყენება სხვადასხვა რამაა. აი, ახლა ეს ყველაფერი წაიკითხეთ. უკვე იცით, რომ მადა და შიმშილი ერთმანეთისგან უნდა გამიჯნოთ. თუმცა, როგორ ვაიძულოთ ამ ცოდნას პრაქტიკაში გადმოსვლა? ჯერ ერთი, მიეცით დრო საკუთარ თავს. მეორეც – ეცადეთ, გააზრებულად იკვებოთ. ამას პირველივე ცდაზე ვერ შეძლებთ, თუმცა, ყოველდღიური გავარჯიშება შედეგს ნამდვილად მოიტანს.
აგრეთვე, არ დაგავიწყდეთ პრიორიტეტების სწორად განაწილებაც. ის, რომ საკვები სიცოცხლის შესანარჩუნებელი საშუალება და არა სტრესსა თუ ემოციურ პრობლემებზე დასაყოლებელია, იმას არ ნიშნავს, რომ არ შეიძლება მისგან სიამოვნების მიღება. უბრალოდ შეამცირეთ ზღურბლი ამ თვალსაზრისით. ამოიღეთ რაციონიდან პროდუქტი, რომელიც ძალიან დიდი რაოდენობით შეიცავს შაქარს, ცხიმსა და იმ საყვარელ ხრაშუნა ქერქს. გაზარდეთ მარტივი და გემრიელი რამეების რაოდენობა, მაგალითად, ჩვეულებრივი ხაჭო და არაჟანი.
როგორც კი გემოვნური დანამატებისკენ ლტოლვას შეწყვეტთ და რაციონს მაქსიმალურად გაასადავებთ, მიხვდებით, რომ უფრო სწრაფად ნაყრდებით. თქვენი ორგანიზმი ამისთვის მადლობასაც გეტყვით!