ზღვისპირას კერძო სახლი ბევრის ოცნებაა. რა შეიძლება სჯობდეს მთელი ზაფხულის თბილ ქვიშაზე გატარებას? თუმცა, არსებობს სიტუაციები, როცა სასურველი საცხოვრებელი ოჯახში განხეთქილების საბაბად იქცევა. ის, თუ რატომ ხდება ასე, წაიკითხეთ Paparazzi.ge-ის რედაქციის სტატიაში.
კერძო სახლი ზღვისპირას
-“მე და ჩემი ქმარი ზღვისპირას ვცხოვრობთ და ზაფხულობით ჩვენი სახლის ნაწილს ვაქირავებთ. ოდესღაც, ეს სახლი მემკვიდრეობით მერგო. სახლი პატარა და თითქმის დანგრეულ მდგომარეობაში დამხვდა, თუმცა, გარშემო საკმარისი ადგილი იყო საოცნებო ქოხის მოსაწყობად.
ასეთი გეგმა მქონდა: პირველ რიგში, ადგილი ჩემთვის უნდა მომეწყო, შემდეგ კი სახლის გაფართოებაზე დავფიქრდებოდი. რამდენიმეწლიანი შრომის შემდეგ, ოცნებას ფრთები შევასხით.
ახლა უკვე სამოთახიანი სახლი გვაქვს, ორი ვერანდითა და მყუდრო სხვენით. გასაგებია, რომ ამდენი ადგილი მე და ჩემს ქმარს არაფერში გვჭირდება. ჩემი ქალიშვილი დიდი ხნის წინ გათხოვდა და სხვა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, სახლის ნაწილი გაგვექირავებინა ზაფხულობით, ფული შემოგვივიდოდა და შვილს დავეხმარებოდით.
ჩვენმა შრომამ ღირსეული შედეგი გამოიღო. უკვე 2 წელია, ხალხი მირეკავს და ოთახებს წინასწარ ჯავშნიან. ზაფხულში აქ ნამდვილი სამოთხეა. მეტიც, დამატებით გადახდის შემთხვევაში, ჩემი სტუმრები სამჯერად კვებასაც იღებენ. მე ძალიან მიყვარს მზარეულობა, ამიტომ ამ საქმეშიც გადავწყვიტე ფულის კეთება. ერთგვარი საოჯახი ბიზნესი გამომივიდა.
მეტსაც გეტყვით: როცა ზაფხულში ქალიშვილი ოჯახით ჩვენთან მოდის დასასვენებლად, ეზოში, კარავში რჩებიან. დიახ, უცნაურად ჟღერს, მაგრამ ჩემი შვილი ხვდება, რომ ამას საერთო კეთილდღეობისთვის ვაკეთებთ. რა თქმა უნდა, შვილიშვილი ჩვენს ოთახში რჩება. ახალგაზრდები კი თავს ამ პირობებში შესანიშნავად გრძნობენ.
კამათი ქალიშვილთან
მოკლედ, ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ წელს ჩემმა ქალიშვილმა არ დამირეკა და მითხრა, რომ არ მოვიდოდნენ. თურმე, დასასვენებლად ეგვიპტეში უნდათ წასვლა. შემდეგ კი საკმაოდ უცნაური თხოვნა გაისმა: “დედა, ჩვენს ნაცვლად ლაშას მშობლები რომ ჩამოვიდნენ? დიდი ხანია, არსად წასულან, ზღვაზე საუკუნეა არ ყოფილან. მინდა, რომ მათაც დაისვენონ.”
ვაღიარებ, ასეთმა განცხადებამ შემაშფოთა. ჯერ ერთი, მოყვრები ცხოვრებაში ერთხელ, ისიც ჩვენი შვილების ქორწილში ვნახე. მეორეც, რა თქმა უნდა, ჩვენთან უფასოდ უნდა დარჩნენ. მე კი წინასწარ მაქვს ყველაფერი გათვლილი. ხალხმა ოთახები მთელი ივლისისა და აგვისტოსთვის დაჯავშნა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მე რომელითაც სტუმარს უარი უნდა ვუთხრა და ფული ჩემი ჯიბიდან დავუბრუნო. მოყვრებს აქ 2 კვირით მაინც სურთ ცხოვრება.
ეს თხოვნა ქმართან განვიხილე. მას არ სურს ქალიშვილთან კამათი, თუმცა, საღი მსჯელობის შედეგად დავასკვენით, რომ ამ სტუმრებს ვერ მივიღებდით. გამიგეთ, ჩვენ ისედაც ფულის უმეტეს ნაწილს შვილს ვურიცხავთ, შვილიშვილს საჩუქრებს ვყიდულობთ. ეს ხომ ისევ მათი კეთილდღეობისთვისაა. მუდმივი სტუმრების დაკარგვა და უცნობ მოყვრებთან ერთად ცხოვრება სისულელედ მეჩვენება.
ჩემს შვილს ეწყინა. ამბობს, რომ მე და ჩემი ქმარი ამ ბიზნესმა უგულო ძუნწებად გვაქცია. როგორ ავუხსნა, რომ მას უარი მხოლოდ იმიტომ ვუთხარი, რომ ყველასთვის ასე იქნებოდა სწორი? არ მელაპარაკება.”
რედაქციის რჩევა
ზღვისპირას კერძო სახლი არამხოლოდ ოცნება, არამედ დიდი პასუხისმგებლობაცაა. ვიღაც მშვიდ და მოზომილ ცხოვრებას ამჯობინებს, მოვალეობების გარეშე. სხვას კი ურჩევნია, გამოიყენოს ყველა ის შესაძლებლობა, რომლებსაც ცხოვრება აძლევს.
არასწორი იქნება მთავარი გმირის განსჯა მისი არჩევნის გამო. ის ხომ მხოლოდ საკუთარ თავზე არა, შვილზეც ფიქრობს. თუმცა, არ ვიცი, როგორ მოახერხებს შვილთან ურთიერთობის დალაგებას. თქვენ როგორ ფიქრობთ?