მაისი უხვი ყვავილობის, ბუნების მათრობელა სურნელებისა და ფერთა მრავალფეროვნების თვეა. თუმცა, მიწათმოქმედებისთვის ესაა ნაკვეთზე ოფლმდენი მუშაობისა და დაღლის პერიოდი. განსაკუთრებულ მოვლას, რა თქმა უნდა, ბაღის დედოფლები – ვარდები ითხოვენ. მათ არამხოლოდ დროულად უნდა ახადოთ საფარი, არამედ სწორადაც უნდა გაკრიჭოთ, შეასუქოთ, დაიცვათ მავნებლებისგან. ამ სტატიაში გეტყვით, რა უნდა მოუხერხოთ ვარდებს გაზაფხულზე, ზაფხულის თვეებში მდიდრული ყვავილობით რომ დატკბეთ.
როგორ მოვუაროთ ვარდებს გაზაფხულზე
მაისი იწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ მებაღეებმა დიდი ხნის წინ ახადეს ვარდებს საფარი და საჭიროებისამებრაც გასხლეს. მოდით, ახლა ის გავარკვიოთ, თუ როგორი მოვლა სჭირდება ყვავილებს გაზაფხულის ბოლოს და ზაფხულის დასაწყისში.
თუ ახალი ვარდების დარგვას აპირებთ, ეს სწორედ მაისში უნდა გააკეთოთ. პირველ რიგში, ნიადაგი დაბარეთ და სარეველები საგულდაგულოდ ამოკრიფეთ. შეგიძლიათ, მიწას აზოტის სასუქიც დაუმატოთ – იგი ახალგაზრდა ბუჩქებს მხოლოდ სარგებლობას მოუტანს. ვარდები თბილ, მშრალ ამინდში უნდა დარგოთ. ბუჩქების დარგვის შემდეგ, მორწყეთ და აუცილებლად დაჩრდილეთ 2 კვირით.
მცენარეებს ყურადღებით უნდა დააკვირდეთ, მაქსიმალურად ხშირად დაათვალიეროთ. საქმე ისაა, რომ ამ ვარდების ბუტონიზაციის პერიოდში, ბუჩქები მავნებლებისადმი განსაკუთრებით მიმზიდველი და მგრძნობიარეა. არასასურველი სტუმრების აღმოჩენის შემთხვევაში, ვარდები უნდა დამუშავდეს იმ სპეციალური საშუალებებით, რომლებსაც ყვავილების მაღაზიებში იპოვით.
ვარდის სწორად განოყიერება
ზაფხულის მოსვლასთან ერთად, ვარდები უკვე თავიანთი სილამაზის გამოჩენას იწყებენ. ამ დროს უმნიშვნელოვანესია ბუჩქების უხვად მორწყვა. 1 ბუჩქზე 1.5 ლიტრამდე წყალია საჭირო. ყვავილები უფრო ფუმფულა და დიდი ზომის რომ იყოს, გამოიყენეთ სასუქი. ეს რამდენჯერმე უნდა გააკეთოთ: კვირტების გაფუების, ახალი ღეროების ამოყრისა და ბუტონიზაციის პერიოდებში, პირველი და მეორე ყვავილობის შემდეგ. სასუქად გამოდგება ქერიფქლას ნაყენი, ნატურალური და ეფექტური საშუალება.
აგრეთვე, ბევრი მებაღე იყენებს ცნობილ ამკიაკის გვარჯილას. თუმცა, უნდა იცოდეთ, როგორ უნდა გამოიყენოთ იგი სწორად. იმოქმედეთ შემდეგნაირად: მცენარეს 20 სმ-თი დაშორდით. თუ მიწა მშრალია, დაასხით თბილი წყალი. რამდენიმე საათში, ბუჩქის ძირას გააკეთეთ დახრილი ხვრელი მიწაში, სადაც გრანულირებული გვარჯილა უნდა ჩაიყაროს. შემდეგ მოაყარეთ მიწა. 1 ბუჩქზე 0.5 ს.კ. დაგჭირდებათ. ზოგადად, ვარდისთვის კარგია სასუქი, რომელიც შეიცავს ფოსფორს, მაგნიუმს, აზოტსა და კალიუმს.
მავნებლებისგან დაცვა და მულჩირება
რაც შეეხება მავნებლებს – ვარდების მათგან დასაცავად სისტემური პრეპარატის გამოყენებაა საჭირო. იგი ადრეულ გაზაფხულზე, ზაფხულში (პირველი ყვავილობის შემდეგ) და აუცილებლად შემოდგომაზე უნდა გამოიყენოთ. ზოგიერთი სპეციალისტი ამტკიცებს, რომ ორი პროცედურა საკმარისი იქნება. მცენარის დასამუშავებლად აირჩიეთ დილა ან საღამო, მშრალი, უქარო ამინდი.
აგრეთვე, გაზაფხულზე მცენარის მულჩირებაც იქნება საჭირო. ამისთვის, ვარდების ბუჩქების გარშემო თანაბრად გადაანაწილეთ ბაღის კომპოსტი. ზემოდან მოაყარეთ ნახერხი ან თივა. გახსოვდეთ, რომ მულჩირების მასალა არ უნდა ფარავდეს ბუჩქის საწყის ღეროს, თორემ ფესვებს სითხესთან და სითბოსთან წვდომას შეუზღუდავთ. თუ მულჩირებას სწორად შეასრულებთ, მინერალები, სითხე და სითბო ნიადაგში შენარჩუნდება. ამის წყალობით, ვარდების გარეგნობა მნიშვნელოვნად გაუმჯოებსდება.
როგორც ხედავთ, ვარდის მოვლა შრომატევადი პროცესია, რომელიც მოთმინებასა და გარკვეულ გამოცდილებას მოითხოვს. სამაგიეროდ, პრეტენზიული დედოფლები უხვად გადაგიხდიან მადლობას, ზაფხულის დადგომასთან ერთად. ვარდის ბუჩქები ნაკვეთის შესანიშნავი სამკაულია, თანაც, სასიამოვნო, ნაზ არომატს გვჩუქნის.
ახლა უკვე იცით, რა უნდა გაუკეთოთ ვარდებს გაზაფხულზე, ზაფხულის დადგომასთან ერთად, უხვად რომ აყვავდნენ. შესაფერისი მოვლა აუცილებლად აგინაზღაურდებათ. თუ ვარდების მოყვანისა და შესუქების განსაკუთრებული მეთოდები გაქვთ, აუცილებლად გაგვიზიარეთ კომენტარებში.