ჩემი ცხოვრების უმეტესი ნაწილი კერძო სახლში გავატარე. ობობები და სხვადასხვა მწერები უცხო არ იყო ჩემთვის. თუმცა, უნდა ვაღიარო, ყოველთვის ძალიან მეშინოდა. გაინტერესებთ რატომ ჩნდება სახლში ობობები და როგორ ვებრძოლოთ მათ?
რატომ ჩნდებიან სახლში ობობები
თქვენს სახლში ხშირად შემოდიან დაუპატიჟებელი სტუმრები? იცოდეთ, რომ ისინი ტყუილად არ ირჩევენ თქვენს სახლს. თუ არ გინდა კიდევ შეგაშინოთ რვაფეხა არსებამ, მოსპეთ ოჯახში მისი გაჩენის მიზეზები.
ყველაზე მთავარი მიზეზი არის ჭუჭყი და სიბინძურე. ოთახი, სადაც მეფობს ქაოსი და უწესრიგობა, ობობებისთვის ნამდვილი სამოთხეა. ისინი თავის ქსელს ყველაზე მტვრიან კუთხეში აბამენ ხოლმე.
ეს შეიძლება იყოს ჭერი აივანზე, ან რადიატორის უკანა ნაწილი, მილები აბაზანაში. სწორედ ის ადგილები, რომლებსაც ნაკლებად ვწვდებით და ნაკლებად ვალაგებთ ხოლმე.
ობობასებრები ხშირად გვხვდებიან ნესტიან სახლებში. ნესტიანობამ შეიძლება მოიმატოს პირველ სართულზე, რომლის ქვეშ სარდაფი ცუდად ნიავდება. ამის გასაკონტროლებლად გირჩევთ შეიძინოთ ჰიგრომეტრი. რომელიც გამოგადგებათ წელიწადის ნებისმიერ დროს.
რაც შეიძლება ხშირად გაანიავეთ ოთახები. ამასთან, აუცილებელია მზის სინათლეც. ობობები ბინავდებიან მზისგან მიუწვდომელ ადგილებში.
თუ სახლში ბევრი ობობა გაჩნდა, ეს ნიშნავს, რომ საკვები იპოვეს – ბუზები, კოღოები, ტარაკნები.
სხვა მიზეზები
ტყეში სეირნობის მერე კარგად გაიფერთხეთ ტანსაცმელი და ისე შედით სახლში. ამით აიცილებთ ობობის ან ტკიპის შეტანას სახლში.
თუ გიყვართ ტყეში კენკრის და სოკოების შესაგროვებლად სიარული, საგულდაგულოდ გარეცხეთ სახლში თქვენი ნადავლი, რომ მწერები არ გამოყვეს.
ახალ სახლში გადასვლამდეც ყურადღებით დაათვალიერეთ ყუთები, ავეჯი.
ობობების რაოდენობა სახლში სიცივეების დადგომისთანავე იმატებს. შემოდგომიდან ისინი თბილ ადგილსამყოფელს ეძებენ. ამიტომ ნუ იჩქარებთ მწერებისგან დამცავი ბადეების მოხსნას და ამოქოლეთ ყველა ხვრელი, საიდანაც შეიძლება ობობა შემოძვრეს.
როგორ მოვიშოროთ ობობები უსაფრთხოდ
სახლის ობობები არ არის ადამიანისთვის საშიში. დამერწმუნეთ, არც იმათ უხარიათ ჩვენი დანახვა და ძალიან ეშინიათ.
ამიტომ ძალიანაც ნუ შეგაშფოთებთ მათი გამოჩენა, მშვიდად ჩამოფერთხეთ და გასვით გარეთ.
სხვათა შორის, ობობებზე ბევრი ხალხური ცრურწმენა არსებობს. მაგალითად, მათი მომრავლება სახლში ბარაქის მომტანიაო… თქვენც გსმენიათ რამე მსგავსი? რითი იშორებთ დაუპატიჟებელ სტუმრებს?