ღუმელში შემწვარი მოივა ხახვით მათთვის ვისაც მარტივი კერძები უყვარს

330

ღუმელში შემწვარი მოივა ხახვით. ვფიქრობ, ამაზე მარტივი მეთოდი მიირთვა გემრიელად, არ არსებობს. სტუდენტები და მარტოხელა მამაკაცები დამეთანხმებიან, რომ ეს ასეა. პრინციპში, ამ კერძით არც მთელი ოჯახის დანაყრება იქნება ურიგო. მთავარია, თევზი იყოს კარგი ხარისხის.

paparazzi.ge-ს რედაქცია ხშირად გთავაზობთ პიკანტურ და მრავალფეროვან კერძებს, მაგრამ ამჯერად არჩევანი ამ უბრალო რეცეპტზე შევაჩერეთ. შეიძლება ზოგმა ცხვირი აიბზუოს, რატომ მაინცდამაინც ესო? ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ ცხოვრებაში ყველაფერი უნდა სცადოთ. თუნდაც, თუ გამოცდილი კულინარი ხარ. მოკლედ, ადექი და გააკეთე მოივა ისე, რომ გემრიელი გამოვიდეს. ჩვენ კი დაგეხმარებით ამაში.

 მოივა ხახვით

პირველი ეგზისტენციალური კითხვა: გავასუფთაოთ თუ არა მოივა? ზოგი უბრალოდ რეცხავს და ისე წვავს, ზოგიც თავიდან ბოლომდე აცლის ზედმეტ ნაწილებს და ისე ამზადებს. ჩვენ კი გირჩევთ: თუ მოივა არის წვრილი ზომის, ნუ გაარჩევთ, თუ დიდია – გაასუფთავეთ.

იგრედიენტები:

  • ნახევარი კილო მოივა
  • 2-3 თავი ხახვი
  • 2-4 ს/კ მაიონეზი
  • 1 ს/კ თევზის სანელებელი
  • მარილი და პილპილი
  • ყველი ან ზეთისხილი სურვილისამებრ

რამდენიმე სიტყვა თვითონ რეცეპტზე. საქმე იმაშია, რომ ინგრედიენტების რაოდენობა შეზღუდული არ არის და შეგიძლიათ დაამატოთ თქვენი გემოვნებით. თუ გინდათ მოივა მთელი კილო აიღეთ, ხახვიც მთელი კილო, მიაყარეთ რაც რამდენი მოგხვდებათ ხელში და საბოლოოდ გამოდის საოცრება!

მომზადების წესი:

  1. მოივა გარეცხეთ კარგად და გაასუფთავეთ. ზომიერად დაამარილეთ. მოაყარეთ თევზის სუნელი და დადგით დასამარინადებლად. შეგიძლიათ ლიმნის წვენიც მოასხათ.
  2. სანამ მოივა წვენს გამოუშვებს, გაფცქვენით ხახვი და დაჭერით მსხვილ რგოლებად. დაასხით ხახვს მაიონეზი. ფრთხილად, ზედმეტი არ მოგივიდეთ!
  3. საცხობ ფორმაში ჩააფინეთ ფოლგა და ჩააწყვეთ თევზი. სასურველია, თანაბრად და ერთმანეთის გასწვრივ. ზემოდან მოაწყვეთ მაიონეზიანი ხახვი და დაფარეთ მთლიანად. შედგით ღუმელში მზადყოფნამდე.
  4. გირჩევთ შეწვის ასეთ ვარიანტს: მოივას თავიდან თავზეც დააფარეთ ფოლგა და შედგით 180 გრადუსზე 20 წუთით, შემდეგ გამოიღეთ, მოხსენით ფოლგის ზედა ფენა, ამოუშვით ორთქლი და კვლავ დააბრუნეთ ღუმელში, ამჯერად 15 წუთით 210 გრადუსზე. თავზე რომ ოქროსფერ ქერქს გაიკეთებს, მზად არის.

რედაქციისგან: 

სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ კერძი გაამრავალფეროვნოთ: ხახვში შეურიეთ შავი ზეთისხილი, ხოლო ფოლგის ზედაფენის მოხსნის მერე მოახეხეთ ყველი. შეგიძლიათ ასეთი თანმიმდევრობაც: პირველი ფენა წვრილად დაჭრილი კარტოფილი, მერე მოივა, ხახვი მაიონეზით და ზეთისხილით. ფოლგის მოხსნის მერე – ყველი. გამოდის ძალიან გემრიელი. არჩევანი თქვენზეა.

ღუმელში შემწვარი მოივა ხახვით ეს საუკეთესო ვარიანტია მარტივი და პირველადი გემოების მოყვარულთათვის. ამაზე უკეთესი და ადვილი რა უნდა მიირთვას ადამიანმა? თქვენ როგორ მოგწონთ ასეთი კერძები?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს