დღემდე მესიზმრება, რომ ტაილანდში ვარ და ფანჯრის რაფაზე მანგოს ვზრდი

946

გასულ წელს დავრგე ავოკადოს ორი კურკა და დღეს ჩემს სამზარეულოში მყავს ორი უმშვენიერესი ბინადარი. თუმცა, ამაზე გაჩერებას არ ვაპირებ. მცენარეებთან ურთიერთობა ასეთი ყოფილა: თუ დაიწყებ, უკან დასახევი გზა არ არსებობს. მოკლედ, paparazzi.ge დღეს გთავაზობთ რჩევებს, თუ როგორ გავზარდოთ კურკისგან მანგო. ეს უცნაური მცენარე თქვენს მყუდრო ინტერიერს მეტ ეგზოტიკას შემატებს.

როგორ გავზარდოთ კურკისგან მანგო

მანგოს გამოზრდა ოთახის პირობებში სულაც არ არის რთული. რა თქმა უნდა, ნაყოფს არ უნდა ელოდოთ, მაგრამ ეს ხასხასა მცენარე დაამშვენებს ნებისმიერ სივრცეს და მყუდროებას შემატებს მას.

პირველ რიგში, იყიდეთ მაღაზიაში მანგო. ნაყოფის შერჩევისას გაითვალისწინეთ: ვარდისფერი გვერდები არ ნიშნავს ხილის სრულ სიმწიფეს. ყურადღება მიაქციეთ სიმკვრივეს და არომატს. ის უნდა იყოს საშუალო სირბილის და ტკბილი.

სახლში მანგო კარგად გარეცხეთ და დაჭერით სპეციალური წესით კუბიკებად, გემრიელად მიირთვით წვნიანი და არომატული ხილი და გამოაცალეთ კურკა, გაასუფთავეთ დანით ან ჭურჭლის სახეხი მეტალის ღრუბლით.

გასუფთავებული კურკა შეახვიეთ ქაღალდის ხელსახოცში და მოათავსეთ  წყლიან ჭურჭელში. წყალი გამოუცვალეთ ყოველ დღე. დაახლოებით ერთ კვირაში კურკა გაღვივდება, ამოიღეთ, შემოაცალეთ კანი და მოამზადეთ ქოთანი.

ქოთნის ძირზე განათავსეთ სადრენაჟო ფენა. მაგალითად, კვერცხის ნაჭუჭი. ასევე, სადრენაჟოდ კარგია ბანანის გამხმარი ქერქი.

აავსეთ ქოთანი საკვები მიწით, რომელიც სპეციალიზირებულ მაღაზიებში იყიდება. კურკა მიწაში შეგიძლიათ მოათავსოთ სხვადასხვა ფორმით. ზოგი რგავს გვერდულად, დაწოლილი ფორმით.

ზოგიერთი ქოთნის პერპენდიკულარულად რგავს. არ არის საჭირო კურკის მთლიანად ჩარგვა მიწაში. ბოლოს აუცილებლად მორწყეთ და ჩართეთ მოლოდინის რეჟიმი. უკვე პირველივე კვირაში მანგო უნდა გაიზარდოს 5-7 სმ სიმაღლის.

როგორ გავზარდოთ მანგოს კურკა

მანგოს კურკის გაღვივების სხვა მეთოდიც არსებობს. ამისათვის გაასუფთავეთ ის რბილობისგან, შემდეგ კი დანით ამოიღეთ თესლი მკვრივი ნაჭუჭიდან. თესლი ჩადეთ სველ პირსახოცის ნაჭერში. სწრაფად რომ გაღვივდეს, შეუქმენით სასათბურე პირობები.

ამისათვის სველი პირსახოცი თესლით მოათავსეთ პოლიეთილენის პარკში. დაახლოებით 5 დღეში გამოჩნდება პატარა წანაზარდები, რომლებიც მომავალში ფესვად გადაიქცევა. მიწაში ჩარგეთ მაშინ, როცა წანაზარდები 2-3 სანტიმეტრს მიაღწევს.

ხანდახან ერთი თესლი რამდენიმე ჩანასახს იძლევა. დააცალკევეთ ისინი და ერთდროულად გექნებათ 2 ეგზოტიკური ხე.

რჩევა paparazzi.ge-ს რედაქციისგან:

მანგო – ეს არის ეგზოტიკური მცენარე, რომელსაც ძალიან უყვარს ტენი. ამიტომ ყურადღება მიაქციეთ მის მორწყვას, არ დაგავიწყდეთ ფოთლებზე შესხურებაც. მანგო იზრდება საკმაოდ სწრაფად, ამიტომ არ გამოგეპაროთ გადარგვის დრო.

თქვენ გიცდიათ კურკისგან მანგოს გაზრდა? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება და ფოტოები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს