ჟასმინი თავისი განუმეორებელი არომატის წყალობით მრავალი კულინარიული რეცეპტის პოპულარული ინგრედიენტია. მცენარის ფურცლებს ყველაზე ხშირად სასმელებს უმატებენ, მაგრამ ჟასმინის ესენცია პიკანტურ ნოტებს მატებს ნაყინს, დესერტს, ცომეულს და მეორე კერძებს! Paparazzi გთავაზობთ საინტერესო კულინარიულ რეცეპტებს ჟასმინის ყვავილებით. ასევე გასწავლით, როგორ განასხვავოთ ჟასმინი და უცვეთელა ერთმანეთისგან.
ჟასმინის არომატი
ჟასმინი თუ უცვეთელა?
თავდაპირველად, გავრცელებულ ცდომილებაში გავერკვიოთ. ჩვენთან ხშირად უცვეთელას ჟასმინს ან ბაღის ჟასმინს უწოდებენ. არადა ეს ბუჩქები ერთმანეთის ახლო ნათესავებიც არ არიან. ნამდვილი ჟასმინი (Jasminum) – მარადმწვანე მცენარე ზეთისხილისებრთა ოჯახიდან. ხოლო ნაცნობ უცვეთელას (Philadelphus) ზამთარში ფოთლები ცვივა და ჰორტენზისებრთა ოჯახს მიეკუთვნება.
მათ აერთიანებთ მხოლოდ თეთრი ყვავილები მოტკბო სურნელით. როგორ გავიგოთ, ჩვენს წინაშე ჟასმინია თუ უცვეთელა? მაღაზიაში ლათინური სახელებით იხელმძღვანელეთ. ბაღში ყვავილებს დააკვირდით. უცვეთელას მომრგვალებული ყვავილის ჯამი აქვს 4-6 ფურცლით და მრავალი (20-დან 70-მდე) მტვრიანით. ჟასმინს უფრო მოგრძო ყვავილის ჯამი, წაგრძელებული ფურცლები და სულ 2 მტვრიანა აქვს.
ჟასმინის ფოთლები წაგრძელებული და მკვრივია, ხოლო უცვეთელას ფართო ფოთლები აქვს დიდი ვენებით და კიდეებში პატარა კბილებით. ყვავილობის შემდეგ პირველის ნასკვები კენკრად იქცევა, ხოლო – მეორეს სათესლე ყუთად.
გახსოვდეთ, რომ ჟასმინი ძალიან სითბოს მოყვარე მცენარეა, სუბტროპიკულ გარემოს უპირატესობას ანიჭებს. დიდი ალბათობით, ბებიის ფანჯრის რაფაზე სურნელოვანი ბუჩქი თეთრი ყვავილებით, რომელსაც ჟასმინს უწოდებენ, სინამდვილეში უცვეთელაა.
ჟასმინი კულინარიაში
მწვანე ჩაი ჟასმინით
თუ ყვავილების არომატი მოგწონთ, ჟასმინის ჩაის ახალი და ნაზი გემო მოგეწონებათ. თუ ჟასმინის ხმელი ყვავილები გაქვთ, მომზადება რთული არაა.
ინგრედიენტები:
- 1 ჩ/კ ჟასმინის ყვავილები
- 1 ჩ/კ მწვანე ჩაი
- 500 მლ ცხელი წყალი
მომზადება:
- წყალი აადუღეთ.
- ჩაიდანში ჟასმინი და ჩაი ჩაყარეთ.
- ადუღებული წყალი გააჩერეთ, რომ მისი ტემპერატურა 80 გრადუსამდე შემცირდეს. ასეთი ტემპერატურა მწვანე ჩაის მოსადუღებლად იდეალურია.
- ცხელი წყალი ჟასმინს და მწვანე ჩაის დაასხით.
- 2-3 წუთით დააყენეთ. თუ უფრო მწკლარტე გემო მოგწონთ, 3-5 წუთით დააყენეთ.
- მრავალფეროვნებისთვის რეცეპტში ჩართეთ ლიმონის ცედრა, თავშავას ფოთლები, ხმელი ჟოლო.
არომატული ჟასმინის ჩაის მოსამზადებლად უცვეთელაც გამოგადგებათ. უფრო მეტიც, სამხრეთელი ბუჩქის მოკრძალებული ძმა არანაკლებ სამკურნალო თვისებებს ფლობს. ჟასმინისგან განსხვავებით არა მხოლოდ უცვეთელას ყვავილი, არამედ ტოტები და ფოთლები სასარგებლოა. მისი ჩაი სურდოს პროფილაქტიკისთვის, მხნეობის გასაზრდელად და დაღლილობის გასაქრობად სასარგებლოა.
სმუზი ჟასმინით და ატმით
ინგრედიენტები:
- 15 გრ ჟასმინის ყვავილები
- 70 მლ წყალი
- 200 მლ კეფირი
- 100 გრ ბანანი
- 100 გრ ატამი
- 40 გრ თაფლი
მომზადება:
- ჟასმინის ჩაი მოადუღეთ ისე, როგორც წინა რეცეპტში.
- ბანანი გაასუფთავეთ და ნაჭრებად დაჭერით. ატამს კანი და კურკა მოაშორეთ.
- ბლენდერის ჭიქაში ხილი ჩაყარეთ, კეფირი და გაგრილებული ჟასმინის ჩაი დაასხით. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ.
- შაქრის ნაცვლად თაფლი დაუმატეთ, კიდევ ერთხელ ათქვიფეთ და ჭიქებში ჩაასხით. გამაგრილებელი სასმელი მზადაა. გემრიელად მიირთვით!
ჟასმინის სორბეტი
ზაფხულში, ჟასმინის გემოს მქონე გამაგრილებელ დესერტზე უარის თქმა შეუძლებელია.
ინგრედიენტები:
- 50 გრ ჟასმინის ყვავილები
- 150 გრ შაქარი
- 1 ჩხირი დარიჩინი
- 50 მლ რომი
- 4 კვერცხის ცილა
- 500 მლ წყალი
მომზადება:
- ჟასმინის ყვავილებს წყალი დაასხით, 3 საათით დააყენეთ. დროის გასვლის შემდეგ ნაყენი გადაწურეთ.
- შაქარი და დარიჩინი დაუმატეთ. გაზქურაზე დადეთ, ადუღებამდე მიიყვანეთ, კვლავ გადაწურეთ.
- კვერცხის გული და ცილა დააცალკევეთ. ცილები მყარი ქაფის მიღებამდე ათქვიფეთ.
- კვერცხის ცილა, ჟასმინის ნაყენი და რომი აურიეთ.
- ნარევი საყინულეში გამაგრებამდე შედგით.
- როცა ნახევრად გამაგრდება, კიდევ ერთხელ ათქვიფეთ.
- პროცედურა კიდევ 2–ჯერ გაიმეორეთ, რომ მზა დესერტში ყინულის ნატეხები არ იყოს.
- მზა დესერტი სუფრაზე გაიტანეთ და ისიამოვნეთ. გემრიელად მიირთვით!
ეს რეცეპტების მხოლოდ მცირე ნაწილია, რომელშიც არომატული ჟასმინის ყვავილები გამოიყენება. თქვენ იყენებთ ჟასმინს სამზარეულოში?