“პენსიაზე გასვლის შემდეგ თავს უსარგებლოდ ვგრძნობ. არადა ორი ზრდასრული შვილი მყავს – ქალიშვილი და ვაჟი. ქალიშვილი ხანდახან მომინახულებს ხოლმე, მაგრამ ბიჭმა საერთოდ დამივიწყა. ეხლახანს დამირეკა, გამოვლა მინდა და თუ ისვენებო. მე კი უკვე ხუთი თვეა აღარ ვმუშაობ და არც ახსოვდა…” – გვიყვება ჩვენი რესპოდენტი. ეს ქალბატონი ორივე შვილზე ერთნაირად ზრუნავდა. მთელი ცხოვრება უზრუნველყოფილი ჰყავდა ყველაფრით, მაგრამ სიბერეში თითქოს დაივიწყა ორივემ. განსაკუთრებით უფროსმა ვაჟმა. ამიტომ დედამ გადაწყვიტა მისთვის ჭკუა ესწავლებინა.
პენსიაზე გასვლის შემდეგ – “როდესაც ბერდები და უძლურდები, მაშინ ხვდები რომ მარტო ხარ. როდესაც მარტო რჩები შენს სიბერესთან, მაშინ აცნობიერებ ყველაფერს. ფიქრობ, როგორ უნდა გაატარო დარჩენილი წლები, როგორ უზრუნველყო საკუთარი თავი, რით დაკავდე. ზოგი შვილიშვილების მოვლით ერთობა, ზოგი სოფელში მიდის და იქ ფუსფუსებს, მე კი სულ მეტირება, რადგან არ მესმის ჩემი შვილის საქციელის. ვერ ვხვდები რა დავუშავე. შვილების გაზრდა მარტოს მომიწია, სულ ვმუშაობდი, ყოფილი ქმრისგან მხოლოდ ალიმენტს ვიღებდი, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. ხანდახან გვიჭირდა, მაგრამ საჭმელი რომ არ გვაკლდა, მაგაზეც მადლობელი ვიყავი. ბავშვები ჭკვიანები და დამჯერეები იყვნენ. ქალიშვილი როცა ახერხებს, მოდის. ჩამწერა პილატესის ჯგუფში, ინგლისურის ონლაინ გაკვეთილებზე – სწავლა არასოდეს არ არის გვიანი. ის ზრუნავს ჩემზე, მიმზადებს საჭმელს, მეხმარება დალაგებაში, ფინანსურად ვუმკლავდები ჯერჯერობით ჩემი პენსიით ხარჯებს და არ ვაწუხებ, ბანკშიც მაქვს მცირე დანაზოგი. აი, ჩემი ვაჟი კი ორ ადგილას მუშაობს, ყავს ოჯახი, ელოდება მეორე პატარას და ჩემთვის დრო ვერ გამონახა. ”
აწონილი გადაწყვეტილება – “ორი კვირა ვერ მოვახერხე ჩემს ბიჭთან დაკავშირება. თავიდან ვიფიქრე, რომ ტელეფონი გაუფუჭდა, მერე კი აღმოჩნდა, რომ მას უბრალოდ დაუბლოკავს ჩემი ტელეფონი… თავიდან ძალიან განვიცადე, ბევრი ვიტირე, ვერ ვხვდებოდი, რა ბრალი მიმიძღვოდა მის წინაშე. ბოლოს მივხვდი, რომ არც არაფერი! უბრალოდ მისთვის ზედმეტი ვიყავი…ამიტომ გადავწყვიტე, გამეფორმებინა ანდერძი ჩემს ქალიშვილზე. ყველაფერი, რაც მქონდა მისთვის დამეტოვებინა. ის პატარა ბავშვივით მივლიდა და მუდამ ღელავდა, რომ მარტო ვიყავი და ცდილობდა შეძლებისდაგვარად შეემსუბუქებინა ჩემთვის. ამიტომაც ვიფიქრე, რომ სწორი იქნებოდა მემკვიდრეობის მისთვის დატოვება. მეორე შვილს კი უბრალოდ გავაგებინე, რომ ასე ვაპირებდი.”
რედაქციისგან: ამ ქალბატონის მდგომარეობა და წუხილი გასაგებია. ბევრს ეშინია სიბერის და მარტოობის, რადგან თავს მიტოვებულად და უსუსურად გრძნობენ. ამიტომ ელოდებიან ყურადღებას შვილებისგან, თუნდაც მინიმალური სითბოს გამოხატვას შეუძლია ისინი გაახალისონ. გადაწყვეტილება მემკვიდრეობაზე განაწყენებულმა გააკეთა. იმედი გვაქვს, არ ინანებს მომავალში. ეს ნაბიჯი დედა-შვილს შორის კიდევ უფრო დიდ უფსკრულს გააჩენს და საეჭვოა რამე დალაგდეს. თქვენ როგორ ფიქრობთ? სწორად მოიქცა დედა? ან რა იყო ამ სიტუაციაში სწორი გამოსავალი?