ოთახის მცენარეები ნამდვილი სამკაულია ნებისმიერი სახლისთვის. მათი შერჩევისას ადამიანი პირველ რიგში ვიზუალს აქცევს ყურადღებას, ხოლო შემდეგ მის მოვლის წესებს და პირობებს ითვალისწინებს. აუცილებელია იცოდეთ, რით კვებოთ თქვენი ოთახის მცენარეები, რათა არ დაავადდეს და არ გახმეს.
რით ვკვებოთ ოთახის მცენარეები
იმისათვის, რომ მცენარე ჯანსაღი და ძლიერი იყოს, საჭიროა სათანადო პირობების შექმნა. გასათვალისწინებელია, მინიმუმ, ორი ფაქტორი: ტემპერატურა და ტენიანობა, ხოლო უკეთ განვითარებისთვის, საჭიროა სწორი კვება. რას გვირჩევენ ამ შემთხვევაში ფლორისტები? პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამ თემაზე იქნება საუბარი.
- წყალი – ეს ისედაც ნათელია, რომ საჭირო პუნქტია, მაგრამ მორწყვას თავისი წესები აქვს და უნდა გაითვალისწინოთ მცენარის ინდივიდუალური თავისებურება.
- ხის ნაცარი – ფლორისტები გვირჩევენ მოვიმარაგოთ ეს ნივთიერება დაავადებების პროფილაქტიკისთვის. აიღეთ 100-50 გრ. ნაცარი, გახსენით 10 ლიტრ წყალში, აურიეთ და დადგით მყუდრო ადგილას. მორწყეთ მიღებული ხსნარით მცენარეები თვეში ორჯერ. მორწყვამდე არ დაგავიწყდეთ ნარევის მორევა.
- ციტრუსის ქერქი – ნებისმიერი ციტრუსის ქერქი შეგიძლიათ გამოიყენოთ სასუქად. დაასხით მას მდუღარე წყალი – დაახლოებით ორჯერ მეტი ქერქზე და დადგით 24 საათი. შემდეგ გადაწურეთ და ამ ნაყენით მორწყეთ მცენარეები.
- აბუსალათინის ზეთი – საუკეთესოა მოყვავილე მცენარეებისთვის. მისი მომზადება მარტივია: 1 ჩ/კ აბუსალათინის ზეთი გახსენით 1 ლიტრ წყალში. ამ ხსნარის დახმარებით ოთახის ყვავილები აღარ იავადმყოფებენ და დიდხანს აბედნიერებენ ოჯახის წევრებს ლამაზი ყვავილებით.
- ალოეს წვენი – ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი სტიმულატორია. ნახევარ ლიტრ წყალში ჩაუმატეთ 1 ჩ/კ ალოეს წვენი და აურიეთ. გამოიყენეთ ეს საშუალება კვირაში 1-2-ჯერ. ის გააძლიერებს ფესვთა სისტემას.
- რძე – შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ფლორისტები მოსარწყავად რძის გამოყენებასაც გვირჩევენ. ერთ ლიტრ წყალზე საჭიროა 1 ჩ/კ რძე და მორწყეთ საჭიროებისამებრ. ფოთლების გასაწმენდად გამოიყენება უფრო კონცენტრირებული ნაზავი – წყალი 10-ჯერ მეტი უნდა იყოს რძეზე. ეს პროცედურა ბოთლებს მბზინვარებას და ჯანსაღ იერს შესძენს.
რა თქმა უნდა, გამოცდილი მეყვავილეები კვების სხვა მეთოდსაც იცნობენ. გაგვიზიარეთ კომენტარებში, რა საშუალებებს იყენებთ თქვენ იმისთვის, რომ თქვენი ყვავილები მთელი წლის განმავლობაში იწონებდნენ თავს.