ლამაზი მცენარეები სახლში ბევრი არასდროს არ არის. ისინი ქმნიან სიმყუდროვეს და ასუფთავებენ ჰაერს სახლში. პაპარაცის ამ სტატიაში მოგიყვებით როგორ გაამრავლოთ ფიკუსი სხვადასხვა მეთოდით.
როგორ გავამრავლოთ ფიკუსი
ფიკუსის გამრავლება ძალიან მარტივია და დამწყები მოყვარულიც ადვილად მოახერხებს. არსებობს ორი მთავარი ხერხი – ფოთლით და ტოტით გამრავლება. სხვაობა ის არის, რომ მეორე ხერხი გამოიყენება მაშინ, როცა ფიკუსი ძალიან დაგრძელდება და მისი გაახლებაა საჭირო. ასეთ დროს ქვედა ფოთლები აღარ აქვს და ქვედა ღერო შიშველია.
პირველი ხერხი – ფიკუსის ფოთლით გასამრავლებლად ფრთხილად უნდა მოაშოროთ ის მცენარეს. შეარჩიეთ ჯანსაღი, მსხვილი ფოთოლი დაზიანებების გარეშე. მოათავსეთ წყლიან გამჭვირვალე ჭიქაში და დადგით კარგად განათებულ ადგილას. მოარიდეთ პირდაპირ მზის სხივებს.1- დღის შემდეგ ფოთოლი გამოუშვებს პირველ ფესვს. ხოლო 30-45 დღის შემდეგ ფესვთა სისტემა საკმარისად იქნება განვითარებული და შესაძლებელია ქოთანში ჩარგვა. ცოტა ხანში შეამჩნევთ, რომ ფოთლიდან ამოვა კვირტები და განვითარებას დაიწყებს.
მეორე ხერხი – გადაჭერით ფიკუსი შუაში, შემდეგ მოაჭერით წვერი, რადგან დაფესვიანებისთვის ძალიან ახალგაზრდაა. დაანაწევრეთ 2-3 ფოთლიან ტოტებად, დაუტოვეთ ტოტის მხოლოდ პატარა ნაწილი. თითოეული მათგანი ჩადეთ წყალში ისე, როგორც აღწერილია პირველ მეთოდში. დაახლოებით 40-45 დღის შემდეგ ფიკუსი მზად არის ჩასარგავად.
როგორი ქოთანი შევარჩიოთ ფიკუსისთვის – როგორც ყველა მცენარე, ფიკუსიც უნდა ჩავრგოთ ქოთანში, რომელშიც არის სადრენაჟო ფენა. ოპტიმალური ვარიანტია კერამიკული ქოთანი. თუ გაქვთ პლასტმასის ქოთანი, მორწყვა ნაკლებად დასჭირდება, რადგან ის წყალს არ იწოვს კერამიკულისგან განსხვავებით. ქოთნის ძირზე განათავსეთ სადრენაჟო ფენა. ეს შეიძლება იყოს კერამზიტი, თიხის გატეხილი ჭურჭელი, ხის ნახშირი.მიწა უმჯობესია, შეიძინოთ სპეციალურად ფიკუსისთვის განკუთვნილი. შეგიძლიათ თავად მოამზადოთ სუბსტრატი ფოთლებისგან, ტორფისგან და ქვიშისგან. გადარგვის შემდეგ მიწა კარგად უნდა დაიტკეპნოს, რათა არ დარჩეს ცარიელი ადგილები და არ დალპეს ფესვები. ოღონდ, ძალიან ნუ დატკეპნით.ჩარგვიდან 1-2 თვე ფიკუსს სასუქი არ სჭირდება. ახალგაზრდა მცენარე უნდა გადაირგოს წელიწადში ერთხელ, ხოლო მოზრდილი 3-4 წელიწადში ერთხელ.
სხვათა შორის, ფიკუსს აქვს მთელი რიგი სამკურნალო თვისებები. თქვენ გაქვთ ეს საოცარი მცენარე სახლში? გიცდიათ მისი გამრავლება? გაგვიზიარეთ კომენტარებში.