ზეითუნის ზეთი ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში იყო ცნობილი როგორც ღმერთების საჩუქარი, წამალი, რომელიც თავად ბუნებამ მისცა ადამიანს, მაგრამ მისგან სარგებელი ნულის ტოლი იქნება, თუ უხარისხო პროდუქტს შეიძენთ. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გასწავლით როგორ შეარჩიოთ ხარისხიანი ზეითუნის ზეთი და არ შეცდეთ მისი ყიდვისას.
ხარისხიანი ზეითუნის ზეთი
ხმელთაშუა ზღვის მაცხოვრებლები, რომლებიც რეგულარულად იყენებენ ზეითუნის ზეთს უფრო დიდხანს ინარჩუნებენ სილამაზეს და ჯანმრთელობას. საუკეთესო ზეითუნის ზეთია – პირველი, ცივად დაწურვის (Extra Virgin). ეს არის არა რაფინირებული ზეითუნის ზეთი, რომელსაც არ მიუღია არანაირი თერმული დამუშავება. მასში მაქსიმალურად შენარჩუნებულია სასარგებლო ნივთიერებები. ჩამოსხმამდე ზეთს ფილტრავენ ხოლმე, მაგრამ უკეთესია გაუფილტრავი.რაც შეეხება რაფინირებულ ზეითუნის ზეთს, მას იყენებენ შესაწვავად. ეს ზეთი გამოირჩევა მაღალი თერმული სტაბილურობით, ამიტომ მასში წვავენ, თუშავენ, აცხობენ. სხვა მცენარეული ზეთებისგან განსხვავებით, ზეითუნის ზეთი გაცხელების დროს არ იშლება და შესაძლებელია მისი ხელმეორედ გამოყენება.სამწუხაროდ, ზეითუნის ზეთის იაფი ვერსიები დაბალი ხარისხისაა. როგორ მივხვდეთ, რომ პროდუქტი უვნებელი და კარგია?
რას მივაქციოთ ყურადღება ყიდვის დროს?
- ხარისხიანი ზეითუნის ზეთი იაფი ვერ იქნება. საქმე იმაშია, რომ მისი შეგროვების და გამოხდის პროცესი საკმაოდ შრომატევადია. ზეთისხილს კრეფენ ზამთარში ხელით. ერთი ხე იძლება 8 კილომდე ნაყოფს, ხოლო 1 ლიტრი ზეთის მისაღებად საჭიროა 5 კილომდე ზეთისხილი.
- ყიდვამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეტიკეტი. მითითებული უნდა იყოს ზეთის მჟავიანობა – Extra Virgin – არ უნდა იყოს 0,8 %-ზე მეტი, ხოლო რაფინირებული 1,5 %-ზე მეტი.
- ასევე შეამოწმეთ მწარმოებელი ქვეყანა, ჩამოსხმის დრო და ადგილი, იმპორტიორი ფირმის კოორდინატები. თუ ეტიკეტზე მითითებულია მხოლოდ ჩამოსხმის ან წარმოების ადგილი, თავი შეიკავეთ ყიდვისგან. ასევე მოერიდეთ ზეთს, რომელიც ჩამოსხმულია იმ ქვეყანაში, სადაც ზეთისხილის ხეები არ ხარობს.
- ბოთლი, რომელშიც ჩამოსხმულია ზეთი Extra Virgin, უნდა იყოს მუქი ფერის შუშისგან. სწორედ ეს ტარა იცავს ზეითუნის ზეთს მზის სხივებისა და სხვა მავნე ზემოქმედებისგან.
შევამოწმოთ ზეითუნის ზეთი სახლის პირობებში
- ყველაზე მარტივი ხერხი, რომლითაც შეამოწმებთ ზეითუნის ზეთის ხარისხს ეს არის მისი მაცივარში შედგმა. სუფთა პროდუქტი გაცივებისას გამყარდება და მასში გაჩნდება ნალექი და ფიფქები. ცუდი ხარისხის ზეთი ისეთივე დარჩება. გემოვნურ თვისებებზე ეს მეთოდი გავლენას არ ახდენს და სუფთა ზეთი სითბოში ისეთივე გახდება.
- კიდევ ერთი ხერხი პროდუქტის შესამოწმებლად: დაიწვეთეთ ხელზე და შეიზილეთ. თუ ზეთი კარგად შეიწოვება, ის მაღალი ხარისხისაა.
- ხარისხის შესამოწმებლად დააწვეთეთ ზეთი ცხელ კერძზე. ახალ, ხარისხიან ზეთს ზეითუნის სუნი და ახალმოკრეფილი ბალახის ექნება.
- არის კიდევ უფრო ექსტრემალური ხერხი ზეთის ხარისხის შესამოწმებლად. აიღეთ პატარა ნაჭერი, დაასველეთ ის ზეითუნის ზეთში და დაწვით. თუ ცეცხლი ნაპერწკლებს გაყრის და კვამლს გაუშვებს, უხარისხოა. ნამდვილი ზეითუნის ზეთი იწვის თანაბრად და ჩუმად.
არსებობს მითი, რომ ზეითუნის ზეთის ფერით შეიძლება მისი ხარისხის განსაზღვრა, მაგრამ ეს ასე არ არის. შეფერილობა შეიძლება იყოს ოქროსფერი, მომწვანო, რეაც დამოკიდებულია თავად ზეთისხილის ჯიშზე. ზეთს შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ფერი და არომატი.
ზეთი Extra Virgin აუცილებელია შეინახოთ მუქ, თავდახურულ ჭურჭელში ოთახის ტემპერატურაზე, მზის შუქისა და სითბოს წყაროსგან მოშორებით. გახსნის შემდეგ რეკომენდებულია მისი გამოყენება ერთი თვის განმავლობაში.თუ გახსნიდან თვეზე მეტია გასული და სწორად იყო შენახული, ზეითუნის ზეთი დაკარგავს სასარგებლო თვისებების მხოლოდ ნაწილს და გაუთანაბრდება მზესუმზირის ზეთს. შეგიძლიათ გამოიყენოთ შესაწვავად და ცხელ კერძებში.თქვენ რომელ ზეითუნის ზეთს იყენებთ? როგორ არჩევთ და როგორ ინახავთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.