ცაცხვის ყვავილი ბევრ დაავადებას კურნავს. დედა სამკურნალოდ ყოველთვის ცაცხვის რეცეპტებს იყენებს

1518

დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, თუ როგორ გამოიყენოთ ცაცხვი სხვადასხვა უსიამოვნებების სამკურნალოდ.

ანგინის, სურდოს, ტრაქეიტის, ფილტვის ანთების დასამარცხებლად 6 ს/კ ცაცხვის ყვავილს 1 ლ მდუღარე წყალი დაასხით, 20 წუთში გადაწურეთ და ღამით 1-2 ჭიქა ნაყენი დალიეთ. ნაყენს პირის და ყელის სავლებადაც იყენებენ. ეფექტური იქნება, თუ 5 ს/კ ცაცხვის ყვავილებს 1,5 ლ ცხელ წყალს დაასხამთ, 10 წუთით აადუღებთ, შემდეგ გადაწურავთ და ღამით 2-3 ჭიქა ცხელ ნახარშს დალევთ. შეგიძლიათ თანაბარი პროპორციებით პიტნის ფოთლები, ჟოლოს კენკრა, ცაცხვის და შავი ანწლის ყვავილები დააქუცმაცოთ და აურიოთ. საღამოს 2 ს/კ ნარევს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 5 წუთით აადუღეთ, გადაწურეთ და ცხელი ნახარში დალიეთ.

ბრონქიტი უკან დაიხევს, თუ 1 ს/კ ცაცხვის ყვავილს 1 ჭიქა მდუღარე წყალს დაასხამთ. გაგრილების შემდეგ გადაწურავთ და ნაყენს დალევთ. ყოველთვის ახალი ნაყენი მოამზადეთ და დღეში 2-3-ჯერ დალიეთ.

შარდკენჭოვანი დაავადების დროს საღამოს 2 ს/კ ცაცხვის ყვავილს 2 ჭიქა მდუღარე წყალი დასხით, 10 წუთით ადუღეთ, გაგრილებამდე დააყენეთ, გადაწურეთ და მთელი ნაყენი ღამით დალიეთ. გარდა ამისა, ცაცხვის ფოთლების ცოცხით მშრალი აბანო უნდა მიიღოთ. 4 ს/კ ცაცხვის ფოთლებს მდუღარე წყალი გადაავლეთ, მარლაში გაახვიეთ და ზურგზე, თირკმლების ადგილას დაიდეთ.

გასუქების საწინააღმდეგოდ დღეში 3-ჯერ, 1 ჩ/კ ცაცხვის ყვავილების ფხვნილი მიიღეთ.

ლაქტაციის გასაუმჯობესებლად 1 ს/კ მშრალ ფოთლებს ან ცაცხვის კვირტებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, დააყენეთ, შეფუთეთ, 30 წუთით გააჩერეთ, გადაწურეთ და ჭამის წინ დალიეთ. დღეში 3-ჯერ დალიეთ.

თუ პოდაგრა, სახსრების ტკივილი გაწუხებთ, ცაცხვის ფოთლებს მდუღარე წყალი გადაავლეთ და ცხელი ფოთლები პრობლემურ ადგილას დაიდეთ. ზემოდან პერგამენტის ქაღალდი დააფარეთ და თბილად შეფუთეთ, 1-2 საათით გაიჩერეთ. პროცედურა ტკივილის გაქრობამდე გაიმეორეთ.

შუბლზე ცაცხვის ახალი ფოთოლი დაიდეთ და თავის ტკივილი შემცირდება.

მასტიტის მოსაშორებლად 3-4 ს/კ ცაცხვის ყვავილს 2 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 15 წუთით ადუღეთ, სხეულის ტემპერატურამდე გააგრილეთ, მასში 0,5 ჩ/კ საკვები სოდა გახსენით და კომპრესის სახით ან გამოსარეცხად გამოიყენეთ.

სტომატიტის, გინგივიტის დროს 1 ს/კ ცაცხვის ყვავილებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 20-30 წუთში გადაწურეთ და ცხელი ნაყენით პირის ღრუ გამოივლეთ. პროცედურა რაც შეიძლება ხშირად ჩაატარეთ.

ცაცხვის ყვავილების აბაზანა ნერვებს ამშვიდებს, უძილობას და სტრესს უმკლავდება. 100 გრ ცაცხვის ყვავილებს 2 ლ ცივი წყალი დაასხით, 5-10 წუთით დააყენეთ, ადუღებამდე მიიყვანეთ, 5 წუთით ხარშეთ, კიდევ 10 წუთით დააყენეთ, გადაწურეთ და ნახარში 37 გრადუსიან ცხელი წყლით სავსე აბაზანას დაუმატეთ. აბაზანაში 20 წუთით ჩაწექით. ასეთი აბაზანა კვირაში ერთხელ მიიღეთ. მისი მიღების წინ სხეული საპნით დაიბანეთ. აბაზანის შემდეგ წყლის გადავლება საჭირო არაა. ამავდროულად ცაცხვის ჩაი დალიეთ.

ამ ხის ყვავილი ზამთრისთვის შეინახეთ, გაახმეთ ან კარდონის ყუთში მშრალ შენობაში 3-4 წელი შეინახეთ. სურდოს, გრიპის, ბრონქიტის, ფილტვის და თირკმლის დაავადების დროს 2 ს/კ ხმელ ცაცხვის ყვავილს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 10-15 წუთით დააყენეთ, გადაწურეთ და 1 ჭიქა თბილი ნახარში დღეში 3-4-ჯერ მდგომარეობის გაუმჯობესებამდე დალიეთ.

ნერვების დასამშვიდებლად 2 ნაწილ ცაცხვის ყვავილს 4 ნაწილი ბარამბოს ყვავილი და ფოთოლი, ასკილის ნაყოფი დაუმატეთ. 1 ს/კ ნარევი 1 ჭიქა მდუღარე წყალში მოხარშეთ და აადუღეთ. ნერვული დაავადების დროს 2 კგ წინასწარ დაქუცმაცებულ ცაცხვის ყვავილებს და ფოთლებს 6 ლ ცივი წყალი დაასხით, 1 დღე დააყენეთ, შემდეგ ადუღებამდე მიიყვანეთ და სუსტ ცეცხლზე 10-15 წუთით ხარშეთ. ცხელი ნახარში აბაზანაში ჩაასხით და მასში 15-20 წუთით ჩაწექით. პროცედურა ყოველ მეორე დღეს შეასრულეთ. მკურნალობის კურსი – 10 აბაზანა.

თუ ზედა სასუნთქი გზების დაავადება გაწუხებთ, 1 ნაწილი ცაცხვის ქერქი, 2 ნაწილი მუხის ქერქი და ცაცხვის ყვავილი, 3 ნაწილი გვირილას ყვავილი დააქუცმაცეთ და აურიეთ. 1 ს/კ მასას 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ და 5 წუთით სუსტ ცეცხლზე ხარშეთ, გადაწურეთ და 1-2 ჩ/კ თაფლი აურიეთ. მიღებული ნარევით ყელი მდგომარეობის  გაუმჯობესებამდე გამოივლეთ.

სტომატიტის, გინგივიტის, ანგინის და ლარინგიტის დროს ეს ნაყენი გამოიყენეთ. 6 ს/კ დაქუცმაცებული ცაცხვის ყვავილი 1 ჭიქა მდუღარე წყალში 10 წუთით დააყენეთ, შემდეგ 2 ს/კ 1 ჭიქა ცხელ წყალში გახსენით და ყელი და პირის ღრუ კარგად გამოივლეთ. პროცედურა დღეში 3-4-ჯერ გამოჯანმრთელებამდე ჩაიტარეთ.

თუ სურდო და ხველა გაწუხებთ, ცაცხვის ყვავილი, ფურისულას და მრავალძარღვას ბალახი დააქუცმაცეთ და თანაბარი პროპორციით აურიეთ. 1 ს/კ ნარევს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 30 წუთით დააყენეთ, გადაწურეთ და 0,5 ჭიქა დღეში 3-4-ჯერ დალიეთ.

ხალხურ მედიცინაში ცაცხვის ნახშირი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მას ცაცხვის გამხმარი ხის ან ხმელი ტოტების დაწვით იღებენ. მიღებულ ნახშირს ფშვნიან და 1 ჩ/კ ფხვნილს წყალს (ტუბერკულოზის დროს – თხის რძე) ასხამენ. მიღებული ნარევი დღეში 2-3-ჯერ მოწამვლის, ფილტვის ტუბერკულოზის, დიარეას და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების დროს სრულ გამოჯანმრთელებამდე დალიეთ. გარდა ამისა, ცაცხვის ნახშირს ჩირქოვან ჭრილობას და დამწვრობას აყრიან. ეს სწრაფ შეხორცებას ხელს უწყობს.

ცაცხვის ქერქს ზამთრისთვის ინახავენ, მას ახმობენ, აქუცმაცებენ და შემდეგ ფხვნილის სახით ნაღვლის წარმოების გასაძლიერებლად იღებენ. ცაცხვის ქერქი კომპრესების, სახვევების და ტამპონების სახით დამწვრობის, პოდაგრის და ბუასილის დროს გამოიყენება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს