როდესაც მებოსტნე ნივრის მოყვანას იწყებს, მას ორი რამ აღელვებს. პირველი ის, რომ ნივრის მიწისზედა ნაწილები არ გახმეს და არ გაყვითლდეს და მეორე, რომ ნივრის მსხვილი თავები გაიზარდოს. პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში მოგითხრობთ, თუ რა სასუქი უნდა მისცეთ ნიორს იმისთვის, რომ თქვენი ყველა მოლოდინი გამართლდეს.ნიორი ორ ეტაპად იზრდება: აღმოცენების შემდეგ, ჯერ მწვანე მასა იზრდება, შემდეგ კი მიწისქვეშა ნაწილი ვითარდება. ამ ეტაპებზე მნიშვნელოვანია, რომ მცენარე ბედის ანაბარა არ მივატოვოთ და დროული დოპინგით დავეხმაროთ. რა თქმა უნდა, შეგვიძლია ისეც დავტოვოთ, როგორც არის, მაგრამ შემოდგომისთვის მისი თავები მსხვილი საფანტის ზომის იქნება.
რა სასუქი უნდა მივცეთ ნიორს: 2 სასუქი ზრდისა და კარგი მოსავლისათვის
ადრიან გაზაფხულზე, ნერგები საკვებს მიწაში ჩარგული კბილიდან იღებს. დროთა განმავლობაში ეს საკვები ილევა და ფესვები კი ჯერ საკმარისად განვითარებული არ არის საიმისოდ, რომ ნიადაგიდან სასარგებლო ნივთიერებები საკმარისი რაოდენობით შეითვისოს. ამიტომ, უკვე ორიოდე კვირის შემდეგ, რამდენიც არ უნდა მორწყოთ, ახალგაზრდა ფოთლები ყვითლდება და ხმება.ამის თავიდან ასაცილებლად, ფოთლების ზრდის ეტაპზე, ისევე როგორც ყველა დანარჩენი მცენარის შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია აზოტის მიცემა. ნივრის შემთხვევაში კი აუცილებელია გოგირდიც, რომელიც მას ძალიან უყვარს. გოგირდის გარეშე ნიორი აზოტს ცუდად ითვისებს – ასეთია ამ კულტურის თავისებურება. მაგნიუმი კი – ნიორს ფესვების გაძლიერებაში დაეხმარება.
მაშ ასე, პირველი სასუქი ნივრისათვის. 10 ლიტრს დაყენებულ წყალზე აიღეთ თითო სავსე სუფრის კოვზი ამონიუმის ნიტრატი და მაგნიუმის სულფატი. ერთმანეთს კარგად შეურიეთ და მორწყეთ ნივრის ფესვები.სასუქი ხელს შეუწყობს არა მხოლოდ მწვანე მასის გაზრდას, არამდე ღეროსაც მნიშვნელოვნად გაასქელებს. ეს კი მომავალში მსხვილი თავების გაზრდის ნიშანია.
მეორე ეტაპზე, როდესაც ნიორი ანელებს მიწისზედა ნაწილების ზრდას და ძალებს თავების განვითარებაზე მიმართავს, ჩვენ ხელი უნდა შეუწყოთ, რომ ეს პროცესი უფრო ინტენსიურად წარიმართოს. თქვენ შეძლებთ მარტივად განსაზღვროთ, თუ როდის იქნება საჭირო სასუქის შეტანა: მეათე ფოთლის გამოჩენის შემდეგ.ნივრის მეორე სასუქი არ უნდა შეიცავდეს აზოტს, მაგრამ უნდა შეიცავდეს კალიუმსა და ფოსფორს. ერთიც და მეორეც უხვადაა ხის ნაცარში. ხსნარის მისაღებად 10 ლიტრ წყალში ჩაყარეთ 1 ჭიქა ნაცარი. დაასხით ნივრის ფესვებს.
მნიშვნელოვანია! ნებისმიერი სასუქი უნდა შევიტანოთ ტენიან ნიადაგში – ასე მცენარე უკეთ აითვისებს მას. ამიტომ, საჭიროა ნიადაგის წინასწარ მორწყვა.კიდევ ერთი მეთოდი მცენარის ფესვებისათვის სასუქის უფრო სწრაფად მისაწოდებლად – რიგის გასწვრივ ღარის ამოთხრა და სასუქის ამ ღარში ჩასხმა.ახლა, თქვენ უკვე იცით, რა სასუქი უნდა მისცეთ ნიორს, რათა ის არ გახმეს, არ გაყვითლდეს და თავები კი მსხვილი გაიზარდოს და დიდხანს შეინახოს. უხვი მოსავალი ყველას!