მე არ ვყიდულობ ტკბილეულს ჩემი შვილებისთვის და არც მე ვჭამ. საღებავებისა და შაქრის გარეშე სახლში ჩირისგან მე თითონ ვამზადებ ხოლმე.ტკბილეული მზადდება სწრაფად, მარტივად და თან ძალიან სასარგებლოა. მე ასევე მიყვარს მისი შემოქმედებითი მხარე, კერძოდ, ფინიკის მასიდან ბურთების გამოყვანა და შემდეგ მათი ამოვლება კაკაოს, სეზამის ან ქოქოსის ფანტელში.დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გასწავლით, როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ტკბილეული სხვადასხვა ჩირისა და თხილისგან სახლში.
კანფეტები ჩირისგან
ინგრედიენტები
- 100 გრ. ფინიკი
- 80 გრ. ნუში
- 3 კაკალი
- 80 გრ. კურაგა
- 4 ჩ/კ თაფლი
- 100 გრ. ლეღვი
- 40-50 გრ. სეზამის მარცვლები
- 40 გრ. კაკაო
- 40 გრ. ქოქოსის ფანტელი
მომზადების წესი
- მოამზადეთ თხილი და ჩირი. შეგიძლიათ აიღოთ ნებისმიერი, მაგრამ მე გირჩევთ, რომ მათ შორის უნდა იყოს ფინიკი. ის ანიჭებს სიტკბოს და ბლანტი სტრუქტურისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახერხებელი იქნება მისგან კანფეტის გამოძერწვა.შეგიძლიათ აიღოთ ნებისმიერი: თხილი, ნიგოზი, ნუში… შეიძლება კომბინირებაც. გარეცხეთ და გააშრეთ.
- ასევე დაგჭირდებათ დამატკბობელი. მე ჩვეულებრივ თაფლს ვიყენებ, უმჯობესია აკაციის. თაფლის ნაცვლად შეგიძლიათ აიღოთ ნეკერჩხლის ან აგავას სიროფი. იმის მიხედვით, თუ რა გაქვთ სახლში და რა მოგწონთ ყველაზე მეტად.
- ბლენდერში მოათავსეთ თხილი, ჩირი და დამატკბობელი (თაფლი, სიროფი… ). შეგიძლიათ დაუმატოთ ვანილის ექსტრაქტი. არ უნდა დაგვავიწყდეს ჩირიდან კურკის გამოცლა!ათქვიფეთ ყველაფერი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, მაგრამ არც ფაფასავით. უნდა გამოვიდეს საკმარისად პლასტიკური მასა, რომელზედაც ადვილი იქნება მუშაობა.
- მოვამზადე ტკბილეულის 2 სახეობა: ერთი ფინიკით, ნუშით და ლეღვით და მეორე ვარიანტი – კურაგა და ნიგოზი. თუმცა, კომბინაციები თქვენი სურვილისამებრ შეგიძლიათ შეარჩიოთ. მე ასევე მიყვარს გოგრის თესლის დამატება ტკბილეულში, მაგრამ ამჯერად არ გამიკეთებია, აღარ მქონდა.
- სეზამი გამოიყენეთ მოსართავად. ის ჯერ ტაფაში უნდა მოხალოთ, სანამ ოქროსფერი არ გახდება. ასევე უხდება კაკაო, ქოქოსის ფანტელი, მზესუმზირა, სელის თესლიც კი.
- ჩირისა და თხილის მასისგან გააკეთეთ ბურთულები და შემდეგ ამოავლეთ კაკაოში, სეზამში ან ნებისმიერ საფანელში. ტკბილეული შედეთ მაცივარში ერთი საათით. გემრიელად მიირთვით!
რჩევა რედაქციისგან: 90-იან წლებში ასეთ ტკბილეულს ამზადებდნენ: გარგარის ჩირი, ქიშმიში, ნიგოზი, თაფლი და ჩვეულებრივი, უბრალო ორცხობილები. ეს ყველაფერი ხორცსაკეპ მანქანაში უნდა გატარდეს, ბურთებად ფორმირდეს და გახეხილ შოკოლადში ამოევლოს. ახლაც ტკბილად მახსოვს მაშინდელი გემო!
ძალიან მომწონს, რომ ასეთი ტკბილეულის ჭამა კილოგრამობით შეიძლება: ის არ გაგასუქებს! თქვე მოგიმზადებიათ ჩირისგან ტკბილეული?