ალბათ, ყველა მებოსტნისთვის ნაცნობია შემთხვევა, როცა ყაბაყი ან კიტრი გადაგვარებას იწყებს. ლამაზი სწორი ნაყოფის ნაცვლად სასაცილო ჯუჯები იზრდება, რომელთაც მსხლის ფორმა აქვთ. ამას კიტრის ან ყაბაყის არასწორი მოვლა იწვევს. ეს ფენომენი ბოსტნეულის გემოზე გავლენას არ ახდენს, მაგრამ სავაჭრო გარეგნობა უფუჭდება. დამატებით, არასწორი ფორმის კიტრი კონსერვაციისას პრობლემებს ქმნის. მთელ კიტრს ვეღარ მოხუფავთ, სალათისთვის დაჭრა მოგიწევთ. რა იწვევს კიტრის და ყაბაყის მუტაციას?
კალიუმის დეფიციტი ნიადაგში – მსხლის ფორმის კიტრი ან ყაბაყი ადასტურებს, რომ მცენარეს კალიუმი აკლია. ყველა სასუქი უხეშად აზოტის, ფოსფორის და კალიუმის სასუქებად შეგვიძლია დავყოთ. მცენარეს ვეგეტაციის პირველ ნახევარში ფოტოსინთეზისთვის ყველაზე მეტად აზოტი სჭირდება. ფოსფორი მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში აუცილებელია. კალიუმი ნაყოფის განვითარებასა და ხარისხზე გავლენას ახდენს.
მზა კალიუმის სასუქი შეგიძლიათ შეიძინოთ, მაგალითად, კალიუმის სულფატი ან კალიმაგნეზია და ინსტრუქციის მიხედვით მცენარე გამოკვებოთ. ბანანის ქერქი კალიუმის შესანიშნავი ბუნებრივი წყაროა. ბანანის ქერქი ღუმელში ან გათბობის ბატარეაზე გაახმეთ და დააბლენდერეთ. ასეთი ფხვნილი ბოსტანში სამუშაოს დაწყებამდე შეგიძლიათ შეინახოთ. დარგვისას თითოეულ მცენარეს ჩაის კოვზი ფხვნილი დაუმატეთ. წინასწარ მიწას აურიეთ. ბანანის ქერქით ფოთლოვანი კვებისთვის სამკურნალო ნაყენიც შეგიძლიათ მოამზადოთ.
ნიადაგის მჟავა–ტუტე ბალანსი – გახსოვდეთ, რომ მცენარეში კალიუმის დეფიციტის აღმოფხვრას მხოლოდ კალიუმის სასუქის დამატებით ვერ შეძლებთ. ხშირად ეს მიწის ზედმეტ მჟავიანობას უკავშირდება. მჟავე გარემო კალიუმის ათვისებას ხელს უშლის. ნიადაგის მჟავიანობის დასაბალანსებლად ტუტე ნივთიერებებით გამოკვებეთ. ასეთია ხის ნაცარი, ცარცი, დოლომიტის ფქვილი, დამწვარი და ახალჩამქრალი კირი. მიწის გატუტოვნება ხის ნაცრით ყველაზე მოსახერხებელია, თან კალიუმის წყაროა. 1,5 ჭიქა ნაცარი 1 ვედრო წყალში გააზავეთ. კიტრი და ყაბაყი ამ ხსნარით მორწყეთ, 1 ლ ხსნარი ერთ მცენარეზე.
როგორ გავიგოთ ნიადაგის მჟავიანობა – თუ მებოსტნეობას საკუთარი სიამოვნებისთვის ეწევით, მაშინ გამოცდილება ცდების და შეცდომების ხარჯზე შეგიძლიათ შეიძინოთ. სხვა შემთხვევაში გუმანით არ იმოქმედოთ, არამედ ნიადაგის მჟავე–ტუტე ბალანსი წინასწარ განსაზღვრეთ. გირჩევთ, ნიადაგის ანალიზატორი შეიძინოთ. ამ მოწყობილობის ფასი 8 დოლარიდან იწყება. მჟავიანობის გარდა ასეთი მოწყობილობა მიწის ტენიანობას, ტემპერატურას და სინათლის ინტენსივობას ზომავს. ერთჯერადი ქაღალდის ინდიკატორებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. გაცილებით იაფია და ლაკმუსის ქაღალდის პრინციპით მუშაობს. სხვათა შორის, სასურველია, რომ მიწის მჟავიანობა არა მხოლოდ თქვენს ბოსტანში, არამედ ყვავილების ქოთნებშიც შეამოწმოთ.
კიტრი და ყაბაყი, როგორც სხვა მცენარე, სათანადო მოვლას მოითხოვს. ახალი ცოდნის მიღების არ შეგეშინდეთ. თუ საბაზისო აგრარულ სიბრძნეს აითვისებთ, მცენარე უხვი მოსავლით დაგაჯილდოებთ!