ამბობენ, რომ იტალიელი მამაკაცები არ ჩქარობენ დაქორწინებას, რამდენადაც მათი დედები მეტისმეტად ზრუნავენ მათზე. შესაძლოა, ეს სტერეოტიპი იყოს, თუმცა ქალი, რომლის შესახებაც ახლა მოგიყვებით, მას ნამდვილად ამტკიცებს. ამ ქალბატონს საშინლად ესმოდა საკუთარი შვილის დაცვის ცნება.
ლეონარდა ჩიანჩულიმ სამი უდანაშაულო ქალი მოკლა, რადგან თვლიდა, რომ ეს მის ვაჟს არმიიდან გათავისუფლებაში დაეხმარებოდა. რაც უფრო საშინელებაა, მისი მსხვერპლის გვამებს იგი საპნებისა და კექსების დასამზადებლად იყენებდა. ლეონარდა ისტორიაში შევიდა სახელწოდებით “კორეჯოელი საპნის მხარშავი”.
მომავალი მკვლელის ბავშვობას და, საერთოდ, მთელ ცხოვრებას, ბედნიერს ვერ უწოდებდით. საკმარისია იმის გახსენებაც, რომ ლეონარდა 1894 წელს გაჩნდა, დედამისის გაუპატიურების შედეგად. მოზარდობის ასაკში კი ჩიანჩულიმ ორჯერ სცადა თვითმკვლელობა.
20 წლის ასაკში, ლეონარა ცოლად გაჰყვა რაფაელ პანსარდის. მოგვიანებით, ქალი ამტკიცებდა, რომ მშობელმა დედამ იგი დასწყევლა ამ ქორწინებისთვის, რადგან ქმარი მათზე უფრო ღარიბი იყო.
ქორწინებიდან სულ რამდენიმე წელი გავიდა, როცა ლეონარდას ქმარი თაღლითობისთვის დააპატიმრეს. კიდევ სამი წლის შემდეგ, მათი სახლი მიწისძვრამ დაანგრია. მოდი და ნუ დაიჯერებ, რომ უბედური მართლა დასწყევლეს. მაშინ ოჯახი კორეჯოში გადავიდა, სადაც ჩიანჩულიმ პატარა მაღაზია გახსნა და კარგი დიასახლისისა და მოსიყვარულე დედის რეპუტაცია შეიძინა.
რაც შეეხება ბავშვებს: ქორწინების დროს, ქალი 17-ჯერ დაფეხმძიმდა. სამი ორსულობა დასრულდა მუცლის მოშლით, ხოლო ათი ბავშვი სულ პატარაობისას დაიღუპა. მანამდე, ჩიანჩულის მკითხავმა უთხრა, რომ იგი მუდმივად დაფეხმძიმდება და ბავშვებს დაკარგავს. გასაკვირი არაა, რომ ოთხ გადარჩენილ ბავშვს ქალი თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა.
მოგვიანებით, ლეონარდას ხელისგულზე მკითხავმა უთხრა, რომ მის მარჯვენა ხელზე ხედავდა ციხეს, ხოლო მარჯვენაზე – ფსიქიატრიულ საავადმყოფოს. მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გაირკვა, რომ ეს სიტყვები ნამდვილი წინასწარმეტყველება იყო.
1939 წელს ყველაზე საშინელი პერიოდი დაიწყო. ლეონარდას უფროსი და ყველაზე საყვარელი შვილი ჯარისკაცად გაიწვიეს. დედამ გადაწყვიტა, იგი ნებისმიერ ფასად დაეცვა. გაურკვეველი მიზეზის გამო, ქალმა იფიქრა, რომ ამისათვის ადამიანების მსხვერპლად შეწირვა იყო საჭირო.
ერთნი ამბობენ, რომ ჩიანჩული თავადაც დაკავებული იყო მკითხაობით. სხვები ამტკიცებენ, რომ იგი მეზობლებში პატივისცემას იმსახურებდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ქალები მასთან რჩევის საკითხავად მიდიოდნენ, ლეონარდამ კი სამი მათგანი მოკლა.
ყველაფერი დაიწყო ქალით, სახელად ფაუსტინა სეტი. იგი მოხუცი მარტოხელა იყო და ლეონარდასთან მივიდა თხოვნით, რომ მისთვის ქმარი მოეძებნა. ჩიანჩულიმ უთხრა, რომ ფაუსტინა თავის მეორე ნახევარს ქალაქ პოლში იპოვიდა. თუმცა, წასვლამდე იგი უნდა სწვეოდა თავის ნათესავებსა და ახლობლებს და ეთქვა, რომ საცხოვრებელ ადგილს იცვლიდა.
ამასთან, თავისი მომსახურებისთვის, ჩიანჩულიმ ქალს 30 000 ლირა მოსთხოვა, ფაუსტინას კი ზუსტად ამდენი ჰქონდა. გამგზავრების დღეს, ქალი ლეონარდასთან გამოსამშვიდობებლად მივიდა. დიასახლისმა მას დაალევინა ღვინო, რომელშიც რაღაც ნარკოტიკი შეურია.
ამის შემდეგ, მსხვერპლი ნაჯახით მოკლა და დაანაწევრა. ქალის სისხლი ვარცლში მოაგროვა. მოგვიანებით, ციხეში ყოფნისას, ჩიანჩულიმ გამოსცა თავისი მემუარი, სახელად “გაბოროტებული სულის აღიარება”. მასში დაწვრილებით აღწერა ყველაფერი, რაც თავის მსხვერპლებს გაუკეთა.
ფაუსტინას სხეულის ნაწილები, 7 კგ ნატრიუმის ჰიდროქსიდთან ერთად მოათავსა ქოთანში. შემდეგ მასას დიდხანს ურია და, საბოლოო ჯამში, საპონი მიიღო.
რაც შეეხება სისხლს, ლეონარდა დაელოდა მის შედედებას, შემდეგ გამოაშრო ღუმელში, დაუმატა ნამცხვრის ინგრედიენტები და ცომი მოზილა. ქალმა გამოაცხო კექსები, რომლებითაც მეზობლებს გაუმასპინძლდა. ისინი თავადაც მიირთვა და თავის ვაჟს, ჯუზეპესაც აჭამა.
ფრანჩესკა სოავისაც იგივე ბედი ელოდა. ლეონარდამ თქვა, რომ მას სამსახური უშოვა, პიაჩენცას გოგონათა სკოლაში. ქალმა, როგორც ჩიანჩულის პირველმა მსხვერპლმა, შეატყობინა ნათესავებს, რომ მიდიოდა, ლეონარდასგან ჭიქა ღვინოზე მიიღო მოწვევა, საბოლოოდ კი მისი სხეული საპნად და კექსად იქცა.
მესამე მსხვერპლი, რომელმაც იგივე ბედი გაიზიარა, გახდა ვირჯინია კაჩიოპო. ლა სკალას ყოფილი სოლისტი, თითქოს-და, სამუშაოდ ერთ-ერთმა იმპრესარიომ მიიწვია. მოგვიანებით, მის სესახებ ჩიანჩულიმ გაიხსენა, რომ ვირჯინია განსაკუთრებულად ტკბილი ქალი იყო, ამიტომ კექსიც ძალიან გემრიელი გამოუვიდა.
ჩიანჩული ფიქრობდა, რომ კვალი იდეალურად დაფარა, თუმცა, ბოლო მსხვერპლს ჰყავდა ძალიან ცნობისმოყვარე რძალი, რომელმაც მის წერილებს არ დაუჯერა. გოგონამ დაინახა, რომ “გამგზავრებამდე” კაჩიოპო ჩიანჩულის სახლში შედიოდა და ამის შესახებ პოლიციას შეატყობინა.
ქალი დააკავეს და 30-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მოგვიანებით კი 3 წელი გაატარა დამნაშავეებისთვის განკუთვნულ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.
ჩიანჩული 1970 წლის 15 ოქტომბერს გარდაიცვალა. ამ და სხვა სერიული მკვლელების შესახებ უფრო მეტს გაიგებთ რომის კრიმინოლოგიურ მუზეუმში, რომელშიც დღემდე ინახება ლეონარდას ნივთები, მათ შორის, ზემოხსენებული ქოთანიც.