მე დიდი ოჯახი მყავდა და ოროთახიან ბინაში ვცხოვრობდით. დედა, მამა, მე, ჩემი და და ბებია. როგორ ვეტეოდით ამდენი ხალხი ასეთ ვიწრო სივრცეში, არ იკითხოთ. სამუდამოდ დავიწყებული მქონდა პირადი სივრცე.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სასწრაფოდ დავიწყე სამსახურის ძებნა. პირველივე ხელფასით ვიქირავე ერთოთახიანი, პატარა ბინა. მხოლოდ მაშინ დავიწყე პირადი სივრცის დაფასება და ეს სრულყოფილების მწვერვალად მივიჩნიე.
ერთი წლის შემდეგ გავიცანი მშვენიერი გოგონა და გადავწყვიტეთ ერთად ცხოვრება, ოღონდ ოროთახიანი ბინაში. აღარ მინდოდა პირადი სივრცის გარეშე ცხოვრება.
ვიპოვეთ კოხტა ოროთახიანი ბინა ახალ კორპუსში. თავიდან ყველაფერი კარგად იყო. დროდადრო სიდედრი მოდიოდა სტუმრად. მისი ვიზიტები დიდად არ მაწუხებდა, მაგრამ მალე ღამე დარჩენა დაიწყო. ამბობდა, რომ მისთვის ბევრად უფრო ადვილი იყო ჩვენგან სამსახურში წასვლა.
ვცადე ცოლისთვის ამეხსნა, რომ ეს არ იყო ნორმალური, მაგრამ მას არაფრის მოსმენა არ სურდა. საშინელ დისკომფორტს განვიცდიდი. ბავშვობის წლების ცუდი მოგონებები მაშინვე გამოჩნდა ჩემს გონებაში. ცოლი კი იქეთ იყო ნაწყენი, რომ დედამისი არ მიყვარდა.არადა არ იყო ასე, უბრალოდ სიმშვიდე მჭირდებოდა.
ერთხელ ცოლი მივლინებაში გაგზავნეს, მე კი ძალიან დატვირთული კვირა მქონდა. სახლში დაქანცული მივედი და მინდოდა ტელევიზორის წინ დავწოლილიყავი და საყვარელი ფილმები მენახა. შევუკვეთე პიცა, ლუდი და იმედი მქონდა, რომ საღამოს მშვიდად გავატარებდი. ის იყო, დივანზე ჩამოვჯექი, რომ კარზე ზარის ხმა გაისმა. ზღურბლთან ჩემი საყვარელი სიდედრი იდგა… მას უნდოდა ღამე ჩვენთან დარჩენილიყო.
ძალიან თავაზიანად და მშვიდად ვთხოვე, რომ მარტო ყოფნა მსურდა. სიდედრს არაფერი უთქვამს და წავიდა. დილით ჩემმა მეუღლემ დამირეკა და დიდხანს მომიწია ახსნა, თუ რატომ გავაბრუნე მისი საყვარელი დედა.
მეუღლის დაბრუნების შემდეგ ჩვენს შორის ურთიერთობა გაუარესდა. დღეების განმავლობაში არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს. ის გამუდმებით მოღუშული და გაბრაზებული იყო. ვერ მივხვდი რაში იყო საქმე. მხოლოდ ერთი თვის შემდეგ გავიგე, რომ ეს ჩემი სიდედრის გამო იყო.
თურმე მან ჩემს ცოლს უთხრა, რომ მის არყოფნაში თავისუფალ ცხოვრებას ვეწეოდი და სახლში მე ვაწყობდი სხვადასხვა წვეულებებს. ძლივს დავაჯერე, რომ ასე არ იყო, მაგრამ ჩემი არგუმენტები პირადი სივრცისა და კომფორტის ზონის შესახებ ჩემი მეუღლისთვის გაუგებარი იყო.
ეს კი ჩემთვის მნიშვნელოვანია და სხვანაირად როგორ ავხსნა?