ქამა სოკოს მოყვანის რომელი პირობები შეგიძლიათ შექმნათ ნებისმიერ ავტოფარეხში? საიდუმლო არაა, რომ ამ პროდუქტზე ბიზნესს კარგი ფულის მოტანა შეუძლია. ქამა სოკო პრეტენზიული კულტურა არაა, ამიტომ დამწყებიც მარტივად გაზრდის. მთავარია, წესების მიხედვით გააკეთოთ.
ქამა სოკოს მოყვანის პირობები – პირველ რიგში, იცოდეთ, რომ ქამა სოკო ბევრ დროს, ძალას და ფინანსებს მოითხოვს. ეს ნებისმიერი მცენარის, ბოსტნეულის და ხილის გასაზრდელად აქსიომაა. კარგი მოსავალი რომ მიიღოთ, კარგად უნდა იშრომოთ. დაფიქრდით, სად აპირებთ სოკოს მოყვანას.
ყველაზე მთავარი – ქამა სოკოს უხვი მოსავლის მისაღებად გჭირდებათ იდეალური კვარტეტი. ესაა ტენიანობა, ვენტილაცია, განათება და სუბსტრატი. თითოეულ პუნქტს ცალკე განვიხილავთ. ტენიანობა ამ სოკოს გასაზრდელად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მის გარეშე არაფერი გამოგივათ. ჰაერის ოპტიმალური ტენიანობა 70-90%–ია, მიწის ტენიანობაც დონეზე უნდა იყოს. სოკოს მიწა არ უნდა გამოშრეს, მაგრამ ზედმეტადაც არ უნდა მორწყათ. ქამა სოკო მზის პირდაპირ სხივებს და ძალიან კაშკაშა ხელოვნურ განათებას უნდა მოარიდოთ. ზომიერი განათება მოაწყვეთ, რომ ამ სინათლეზე მისი მოვლა გაგიმარტივდეთ. სოკო ორპირი ქარისგან დაიცავით, რადგან ეს მისი ზრდისთვის დამღუპველია. შენობაში განიავების საშუალება უნდა გქონდეთ.
სუბსტრატის არჩევა – იმის მიხედვით, თუ სად ზრდით სოკოს, მისთვის შესაფერისი კვლები, ყუთები ან სპეციალური პერფორირებული ტომრები გააკეთეთ. ამ ჭურჭელში ჩაყარეთ სპეციალური კომპოსტი, რომელშიც სოკო გაიზრდება. დამწყებ მებაღეს შეუძლია ქამა სოკოს გასაზრდელად მზა სუბსტრატი შეიძინოს, თუმცა სახლშიც შეგიძლიათ მოამზადოთ. სუბსტრატი ჩალის და ცხენის ნაკელის ბაზაზე საუკეთესო ვარიანტია. მოსამზადებლად დაგჭირდებათ 10 კგ ხორბლის ჩალა, 30 კგ ნაკელი, 200 გ შარდოვანა, 800 გ თაბაშირი და 500 გ ცარცი. სოკოს გასაზრდელად ბაღში ან ნაკვეთზე შესაფერისი ადგილი შეარჩიეთ და სქელი ფირი დააფარეთ. მხოლოდ ახალი ჩალა გამოიყენეთ. სანამ სუბსტრატად აქცევთ, 1 დღე წყალში ჩაალბეთ. თუ ქამა სოკოს კვლებში გაზრდას არ გეგმავთ, სუბსტრატი რომელიმე დიდ ყუთში მოათავსეთ. ჩალა, ნაკელი და დანარჩენი ინგრედიენტები ფენებად აურიეთ, შემდეგ ცოტა წყალი დაუმატეთ. პარკი ან რაიმე თავსახური დააფარეთ. ახლა სუბსტრატის მომწიფებას დაელოდეთ, პერიოდულად აურიეთ. მომწიფებას შეიძლება 20 დღე დასჭირდეს. ამის შემდეგ მიცელიუმი შეგიძლიათ დარგოთ.
იდეალური პირობები ქამა სოკოს სახლში გასაზრდელად – მიცელიუმი არის სოკოს ვეგეტატიური სხეული, საიდანაც მომავალში მოსავალს იღებთ. ის წვრილი თხელი ძაფებისა და ობის მსგავსი წვრილი ბუსუსებისგან შედგება. უმჯობესია, რომ მიცელიუმი სპეციალურ მაღაზიაში ან ინტერნეტით შეიძინოთ. ქამა სოკოს სხვადასხვა ჯიში შეგიძლიათ შეარჩიოთ, ასევე მიიღოთ ჯანსაღი მიცელიუმი, პათოგენური ბაქტერიების გარეშე. მიცელიუმი საცხობი საფუარის პრინციპით მუშაობს. ჯერ ახალ გარემოს ეჩვევა, შემდეგ აქტიურად იზრდება. ყურადღება მიაქციეთ, რომ ოთახში მიცელიუმის ზრდისთვის ოპტიმალური პირობები შენარჩუნდეს. 24-27° გრადუსი ტემპერატურა და დაახლოებით 90% ტენიანობა. როცა სოკოს ნაყოფიერი სხეულის ზრდას შეამჩნევთ, ტემპერატურა და ტენიანობა ოდნავ შეგიძლიათ შეამციროთ.
სანამ ახალ საქმეს ხელს მოკიდებთ, ქამა სოკოს მოყვანის პირობები დეტალურად შეისწავლეთ. თემატური საიტები გამოიკვლიეთ ან გამოცდილ ხალხს გაესაუბრეთ. ექსპერიმენტისთვის მზა სუბსტრატი მიცელიუმით შეიძინეთ და სახლში ცოტა ქამა სოკოს მოყვანაზე ივარჯიშეთ. თუ გრძნობთ, რომ პროცესი ნორმალურად მიდის, მაშინ მასშტაბურ წარმოებაზე შეგიძლიათ დაფიქრდეთ.