იმ დღეს, როდესაც ჩემი შვილი ათი წლის გახდა, გადავწყვიტეთ, მისი მეგობრები კინოში დაგვეპატიჟებინა, შემდეგ პიცერიაში, ზეიმის შემდეგ კი ბიჭები ღამე ჩვენს სახლში დარჩნენ. ჩემს შვილს და მის მეგობრებს ასეთი მშვენიერი საღამო ძალიან მოეწონათ და მთელი საღამო მადლობებს მიხდიდნენ. მე კი ძალიან მიყვარს ჩემი ბიჭი და ბედნიერი ვარ, როდესაც ის ბედნიერია!
უცებ ჩემი შვილის ერთ-ერთმა მეგობარმა ყურში ჩამჩურჩულა: „თქვენ ლუკა ძალიან გიყვართ, მე კი დედაჩემს არ ვუყვარვარ“. მისმა ნათქვამმა გამაოგნა და ვკითხე, ასე რატომ ფიქრობდა. მან კი მიპასუხა: „დედა ყოველთვის მარტოს მტოვებდა. ერთ დღეს კი ის არ დაბრუნდა.”
როგორც გაირკვა, მიშიკო მამასთან ცხოვრობდა, რომელსაც პრაქტიკულად არ იცნობდა. დედას მშობლის უფლება ჩამოერთვა იმის გამო, რომ შვილს არ უვლიდა და სახლში მარტოს ტოვებდა. მეზობლებმა ვერ გაუძლეს პატარა მიშიკოს გამუდმებულ ტირილს, სოციალურ სამსახურს მიმართეს და ალკოჰოლიკ და ნარკომან დედას უჩივლეს.
მამა მას შემდეგ გაიცნო, რაც დედას დედობის უფლება ჩამოერთვა. მამაკაცი შვილს თბილად არ ექცეოდა, გარდა ამისა, ისინი მამის მეგობარ ქალთან ცხოვრობდნენ, რომელსაც ბავშვები საერთოდ არ უყვარდა. ბიჭს იატაკზე აძინებდნენ, რადგან დივანი ან საწოლი მისთვის ვერ ნახეს. გარდა ამისა, მიშიკომ თქვა, რომ გვიანობამდე უწევდა ჯდომა სკოლის კიბეებზე, სანამ მამა მის წასაყვანად მოვიდოდა. ამან ძალიან გამაოგნა. ამის შემდეგ ლუკასთან ერთად მიშიკოც მომყავდა სახლში, ვაჭმევდი და ბავშვებს გაკვეთილების მომზადებაში ვეხმარებოდი.
ერთი წელიც არ გასულა და მიშიკოს მამამ მთხოვა, რომ სანამ ბინას იქირავებდა მიშიკო შემეფარებინა. ის მეგობარ ქალს დაშორდა და დასარჩენი ადგილი არ ჰქონდა. მე დავეთანხმე, მარტოხელა დედა ვარ, ჩემს შვილთან ერთად ვცხოვრობ და სტუმრებისთვის ადგილი ყოველთვის მაქვს. მამაკაცმა მიშიკოს ტანსაცმელი ნაგვის პარკით მომიტანა. მიშიკოს მხოლოდ ეს ჰქონდა.
მიშიკო ოფიციალურად ჩემი შვილი არ იყო, მაგრამ მე დედის მაგივრობა გავუწიე. მე მასზე ვზრუნავდი და საკუთარი შვილივით მიყვარდა.
ახლა ის 20 წლისაა და შესანიშნავი ახალგაზრდაა. მან სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, უნივერსიტეტში ჩააბარა და სტიპენდია აქვს. მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ მე შევძელი საოცარი ადამიანის აღზრდა – ის მხიარული, ჭკვიანი, კეთილი და მოსიყვარულეა. ჩემი შვილები უზომოდ მიყვარს!