პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – ერთი ქალის ისტორიას გიამბობთ.
ხორბლის ყანაში ერთი ახალგაზრდა ქალი მიდიოდა. მხოლოდ ერთხელ შეხედვაც კი საკმარისი იყო იმის გასარკვევად, რომ ის ამ გზას იმ დღით არ შედგომოდა. ის დაღლილი იყო და წყურვილისაგან დაუძლურებული. მიდიოდა და ადგილს ეძებდა, სადაც მცხუნვარე მზის სხივებს ცოტა ხნით მაინც შეაფარებდა თავს. გოგონამ თავი ასწია და მისკენ მომავალი მოხუცი დაინახა. მას ხელში წყლის დოქი ეჭირა.
– ლამაზო გოგო, საით მიდიხარ? – ჰკითხა მას მოხუცმა.
– საითაც თვალები იხედება და ფეხები საითაც წამიყვანს… – მოწყენილმა დახარა გოგონამ თავი.
– რთულ მოგზაურობაში ხარ. წყურვილმა დაგტანჯა. აიღე, დალიე წყაროს წყალი, – გაუწოდა მან წყაროს ცივი წყლით სავსე დოქი.
გოგონა წყალს ხარბად დაეწაფა. წყურვილის მოკვლის შემდეგ მან მოხუცს მადლობა გადაუხადა:
-მადლობელი ვარ, მოხუცო. შენ მას დაალევინე წყალი, ვისგანაც ყველა შეტრიალდა… მე ზნედაცემულ ქალს მეძახიან და ყველა გამირბის, თითქოს კეთროვანი ვიყო…
– რა ცოდვა გადევს შვილო?
– დაქორწინებული მამაკაცი შემიყვარდა. როდესაც გრძნობა გავუმხილე, მან ახლო ურთიერთობა შემომთავაზა. მე უარი ვუთხარი, მან კი ჩემზე ხალხში ჭორები გაავრცელა.
– შენი სინდისი სუფთაა? – ჰკითხა ბრძენმა მოხუცმა.
– სუფთაა, – უპასუხა გოგონამ. თუმცა, სოფლიდან ზნედაცემული ქალივით გამომაგდეს.
-შენი საქციელი ძალიან უგუნურია, რადგან სულელებმა შესძლეს შენთვის დაეჯერებინათ, რომ შერცხვენილი ხარ. იქამდე არ უნდა დაშვებულიყავი, რომ მათი აზრი შენთვის მთავარი გამხდარიყო.
– ძალიან რბილი ხასიათი მაქვს…
– მინდა, რამდენიმე ბრძნული რჩევა მოგცე, რომელიც საშუალებას მოგცემს თავისუფალი გახდე და ისეთი ცხოვრებით დაიწყო ცხოვრება, რომელიც სხვათა შეხედულებებზე არ იქნება დამოკიდებული.
– მოხუცო, ძალიან მადლიერი ვიქნები!
– ყოველთვის გახსოვდეს, რომ ამ ქვეყნად კეთილი ადამიანებიც არსებობენ და ბოროტებიც. ბოროტებთან ურთიერთობას ერიდე, კეთილებთან კი გული ყოველთვის ღია გქონდეს.
– ადამიანის გარეგნობის მიხედვით ვერ ვხვდები, ვინ დგას ჩემს წინაშე, – გაკვირვებით უპასუხა გოგონამ.
– ამის გარკვევა რთული არ არის. როდესაც ადამიანს შეხვდები გაუღიმე. თუ ისიც გაგიღიმებს, მაშინ უნდა უთხრა, რომ პატარა სათხოვარი გაქვს. თუ ადამიანს კეთილი გული აქვს, უარს არ გეტყვის.
– როგორც ჩანს, ყველაფერი მართლაც ძალიან მარტივი ყოფილა.
– ახლა მეორე რჩევა მოისმინე: არასოდეს შეაქციო ზურგი მას, ვინც დაეცა. შეცდომა ნებისმიერს შეიძლება მოუვიდეს. ვინმე თუ შეცდა მას წამოდგომაში უნდა დავეხმაროთ.
– მოხუცო, ბრძნულად საუბრობ. სწორედ ასე დამემართა…
– ეს კი ბოლო რჩევაა! ნებისმიერ სიტუაციაში მხოლოდ ისე უნდა მოიქცე, როგორც გული გიბრძანებს და ამაყად თავაწეულმა უნდა იარო. შენ არ უნდა მიაქციო ყურადღება ჭორებს.
– რჩევებისთვის მადლობელი ვარ! თქვენ ბრძენი ბრძანდებით! – უთხრა ქალმა.
– ახლა თავი ამაყად უნდა ასწიო და სოფელში უნდა დაბრუნდე!
გოგონა ასეც მოიქცა. მას ეჩვენებოდა, რომ აქამდე მთელი ცხოვრება ეძინა და მხოლოდ ახლა გამოეღვიძა.
მოხუცის რჩევების შემდეგ მან გზა თავაწეულმა გააგრძელა და თითოეულ გამვლელს უღიმოდა, ისინიც უღიმოდნენ და საჭმელს და წყალს სთავაზობდნენ. გზად გოგონას ღონემიხდილი ბიჭი შეხვდა. გოგონამ ჰკითხა:
– ავად ხარ?
– წყურვილისგან ვკვდები, – ძლივს წარმოთქვა ბიჭმა.
გოგონამ უკანასკნელი წყალი მას გაუწოდა.
– რატომ მიზიარებ ბოლო წვეთებს? – გაოცებით ჰკითხა ბიჭმა.
– ცოტა ხნის წინ დავლიე.- მან პურის უკანასკნელი ნაჭერი ამოიღო და მომაკვდავს გაუწოდა.
– არ მინდა, შენ ხომ არაფერი გრჩება!
– ამაზე ნუ იფიქრებ, უბრალოდ ჭამე. მე აქვე ახლოს ვცხოვრობ, შენ კი ძალის მოკრება გჭირდება.
ამის შემდეგ ის სოფელში თავაწეული და გაღიმებული დადიოდა. ადგილობრივმა ჭორიკანებმა მეტყველების უნარი დაკარგეს და მასზე რაიმე ცუდის თქმას ვერ ბედავდნენ.
მოხუცთან შეხვედრის შემდეგ გოგონას ცხოვრება ძალიან შეიცვალა, რადგან მისთვის უკვე სულერთი იყო, რას ფიქრობდნენ მასზე სხვები. იმ დღიდან მოყოლებული გოგონა მხოლოდ კეთილ ადამიანებთან ურთიერთობდა, ბოროტებს კი გაურბოდა.
ძალიან მალე, მისმა თანასოფლელებმა მასზე აზრი შეიცვალეს და მას ღრმა პატივისცემით ეპყრობოდნენ.