პაპარაცის დღევანდელ სტატიაში საკუთარ ისტორიას თამთა გვიამბობს.
მე და ჩემი ქმარი უკვე თხუთმეტი წელია ერთად ვცხოვრობთ. ჩვენი უფროსი ქალიშვილი უკვე ათი წლის იყო და ვიფიქრეთ, რომ სწორედ კარგი დრო იყო მეორე შვილის გასაჩენად. დიდხანს ვფიქრობდით, მაგრამ იმასაც ვხვდებოდით, რომ გადადება აღარ შეიძლებოდა.
რამდენიმე თვეში დავფეხმძიმდი და ულტრაბგერითი კვლევის ჩასატარებლად წავედი. გამოკვლევისას ექიმებმა გამაოგნეს: “ტყუპები გეყოლებათ”. ჩემს მეუღლეს ვუთხარი და მასაც ასეთივე რეაქცია ჰქონდა. შვილი, რა თქმა უნდა, გვინდოდა, მაგრამ ერთბაშად ორი – არა. დროთა განმავლობაში ამას შევეგუეთ და მოუთმენლად ველოდით ჩვენი შვილების დაბადებას.
ყოველ ჯერზე, როდესაც ექიმთან მივდიოდი, ვკითხულობდი, ყველაფერი კარგად იყო თუ არა. რატომღაც ყოველთვის მეგონა, რომ ერთი ბავშვი შემეძინებოდა და არა – ორი.
გეგმიური მშობიარობა 12 ივნისს იყო დანიშნული, იქამდე ერთი კვირით ადრე კი დაბადების დღე მქონდა. მოსალოცად ყველა მოვიდა: ჩემი და ჩემი ქმრის მშობლები, ჩემი და – თავის მეუღლესთან ერთად და ჩემი ძმა – თავის შეყვარებულთან ერთად. წვეულება დიდხანს გაგრძელდა. დასაძინებლად შუაღამეს დავწექი, ძალაგამოცლილი.
რამდენიმე საათის შემდეგ ჩემი მეუღლე გავაღვიძე. ტკივილები დამეწყო. სწრაფად გავემზადეთ და სამშობიაროში წავედით.
მშობიარობა რთული და ხანგრძლივი იყო. ჩემი ქმარი სასწრაფოდ სამსახურში გამოუძახეს, ამიტომ მის ნაცვლად ჩემთან დედაჩემი მოვიდა. საღამოსკენ, როგორც იქნა, ვიმშობიარე. როდესაც პირველი ბავშვი დაიბადა და მისი ტირილის ხმა გავიგონე, ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. ნახევარი წუთის შემდეგ მეორე ბავშვი დაიბადა. ექიმმა ბავშვები აიყვანა და წაყვანა უნდოდა, მაგრამ ბებიაქალმა მას დაუძახა. ის მობრუნდა და შეშინებულმა შემომხედა. მე ისევ ვაჩენდი!
ასე, ყველასთვის მოულოდნელად, სამი ბავშვის დედა გავხდი. მშობიარობის შემდეგ პალატაში გადამიყვანეს. როდესაც ექიმი ჩემს გასასინჯად შემოვიდა, რაღაც ფურცელი მომცა და მითხრა:
– ქმარს დაურეკე და უთხარი, რაც აქ წერია. მაგრამ, არ შეაშინო.
ტელეფონი ავიღე და ჩემს ქმარს დავურეკე. როდესაც მიპასუხა, იმის კითხვა დავიწყე, რაც ექიმმა დამიწერა:
– როგორ ხარ? თუ საჭესთან ხარ, გაჩერდი.
– ოფისში ვარ, ძვირფასო. შენ როგორ ხარ?
– კარგად, მაშინ თუ დგახარ, დაჯექი.
– მაგიდასთან ვზივარ, თამთა. უკვე მაშინებ, რამე მოხდა?
– გილოცავ! სამი შვილი შეგვეძინა!
რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ:
– ვინ შეგვეძინა?
– ორი ბიჭი და ერთი გოგო.
– ძალიან კარგი. სადაც ორი, იქაც მესამე. წავალ, დედას გავახარებ.