ოთახში ხუთი გოგო ვიყავით. პირველმა ელენემ იმშობიარა. მესმოდა, როგორ აჩენდა, როდესაც ღამით სასწრაფოთი მომიყვანეს. ექიმის თქმით, ჩემთვის ჯერ ადრე იყო და წინ კიდევ ერთი კვირა მქონდა. ეს მოვისმინე და დასაძინებლად წავედი.
ელენეს საშინელი ყვირილის გამო ვერაფრით ვერ ვიძინებდი. მეგონა, რომ მას კლავდნენ. იმ მომენტში მისი არ მესმოდა. მე მეგონა, რომ ჩემი მშობიარობისწინა ტკივილები მის ტკივილებზე ნაკლები არ იყო.
ჩემი ნათესავებისთვის და ახლობლებისთვის ხშირად მიკითხავს, თუ როგორია მშობიარობა. მტკივნეულია თუ არა და ამ დროს რას გრძნობ. მეუბნებოდნენ, რომ ტკივილი სავსებით ასატანია და თუ თავს ხელში აიყვან, ყველაფერს მოითმენ. მთავარ არგუმენტად ის მოჰყავდათ, რომ ჩვენი წინაპრები ყანებში აჩენდნენ, ექიმებისა და კომფორტის გარეშე. მშობიარობის შემდეგ კი პირდაპირ სამუშაოდ მიდიოდნენ. ეს ცოტას მამშვიდებდა. მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ტკივილებისაგან გიჟდებოდნენ.
ელენე, როგორც ჩანს, მათ რიცხვს მიეკუთვნებოდა. მან ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. იმდენად დიდი, რომ ტკივილები გამიძლიერდა. რამდენიმე წუთის შემდეგ ელენემ ყვირილი შეწყვიტა და ახლა ტირილი უკვე მისმა შვილმა დაიწყო. ექიმმა უთხრა, რომ მას შესანიშნავი ბიჭი შეეძინა.
ასეთი ხმაურიანი წარმოდგენის შემდეგ განყოფილებაში სიჩუმე ჩამოვარდა, საშინელი სიჩუმე. ტკივილისგან არ ვიცოდი რა მექნა და ერთი კუთხიდან მეორეში დავდიოდი. ძალიან მწყუროდა. მივხვდი, რომ ოთახში მარტო ყოფნა არ შემეძლო. დერეფანში გავედი და იქ სრული სიცარიელე დამხვდა. საოპერაციოს კარი ღია იყო. იქ შეხედვის შემდეგ ცუდად გავხდი. დერეფნის ბოლოში ექთანი თვლემდა. მას ძალიან არ მოეწონა, რომ დავდიოდი და მას დაძინებაში ხელს ვუშლიდი. მან მკაცრად მომაძახა: “წადი დაიძინე, თორემ შენს გამო ექიმი ვერ გამოიძინებს, მან კი ხვალ მთელი დღე აბორტები უნდა აკეთოს”.
ამ დროს უეცარი ტკივილი ვიგრძენი და ვიგრძენი, რომ თითქოს წყალი იღვრებოდა. ექიმმა გაიღვიძა და მე გოგო გავაჩინე.
დილით ჩემს პალატაში ელენე დავინახე. ის საწოლზე იჯდა, ფეხებს მხიარულად აქნევდა და იღიმოდა. მომეჩვენა, რომ ძალიან ლამაზი იყო. მისი ბუნებრივობა ჩემს მზერას იზიდავდა. მე ყოველთვის მინდოდა, რომ ბუნებრივად ასეთი ლამაზი ვყოფილიყავი.
მოგვიანებით ჩვენთან მარინა შემოიყვანეს. ის მხოლოდ 19 წლის იყო, მაგრამ ჩვენ მოგვეჩვენა, რომ 40-ზე ნაკლების არ იქნებოდა. ყოველ ჯერზე, როდესაც მისთვის საჭმელი მოჰქონდათ, ის ქმრისგან წერილს ღებულობდა, რომელიც არაჩვეულებრივი რომანტიკოსი იყო. ის ყველა სტრიქონში ცოლს სიყვარულს უხსნიდა და მის კოცნაზე ოცნებობდა. ნანობდა იმას, რომ დროებით განშორება მოუწიათ. მარინას არაფრის ერიდებოდა და ამ წერილებს ხმამაღლა გვიკითხავდა.
ელენეს ქმარმა, სამწუხაროდ, ის არც ერთხელ არ მოინახულა. არც წერილი მოუწერია. მასთან მხოლოდ დედამთილი მოდიოდა.
ქალი მშობიარობის შემდეგ ძალიან ცუდად გამოიყურება. იმ მომენტში ყველანი მოსიარულე აჩრდილებს ვგავართ, ფერმკრთალი სახით. ერთადერთი, რაც დედებს იმ მომენტში აღელვებთ, ბავშვის ჯანმრთელობაა და არა საკუთარი გარეგნობა.
შემდეგ ჩვენთან მაშო მოხვდა. უზარმაზარი გოგონა, 100 კგ წონით. მან ასეთივე დიდი ბავშვი გააჩინა – 5 კგ. მაშო ამბობდა, რომ ექიმები მუდმივად დიეტაზე და პათოლოგიების განყოფილებაში დაწვენაზე ესაუბრებოდნენ. მაგრამ მაშოს საკვების მიმართ სიყვარული გაცილებით ძლიერი აღმოჩნდა.
სულ მიკვირდა, როგორ ჭამდა მაშო ამდენს. ის ტელეფონით თავის ქმარსა და ნათესავებს ხან რას უკვეთავდა და ხან რას. მათ კი საჭმლით გატენილი უზარმაზარი ჩანთები მოჰქონდათ. იქ იყო პურიც, ძეხვიც და უამრავი ტკბილეული. მაშოს კი მუდმივად პრეტენზიები ჰქონდა, რომ მათ ის არ მოუტანეს, რაც მან შეუკვეთა და ასე შემდეგ. მაშო მარტო არასოდეს ჭამდა, ყველას უმასპინძლდებოდა.
ერთად დროს საინტერესოდ ვატარებდით. ნამდვილად დავმეგობრდით. მოგვიანებით ჩვენთან ლია შემოიყვანეს. ის საკეისროს შემდეგ თავს ძალიან სუსტად გრძნობდა. ნარკოზიდან ძლივს გამოდიოდა. არავის არ გველაპარაკებოდა და არც კითხვებს პასუხობდა. ჩვენ ერთმანეთს გადავხედავდით ხოლმე და სხვადასხვა ვარაუდები გამოგვქონდა. შემდეგ რატომღაც ვიფიქრეთ, რომ ლიამ ბავშვზე უარი თქვა. ამის გამო ეს გოგო შეგვძულდა. ლია კი გამუდმებით ტიროდა…
მეორე დღეს ჩვენთან პედიატრი შემოვიდა. მან ღიმილით გვითხრა, რომ ჩვენს შვილებს ყველაფერი წესრიგში აქვთ, იზრდებიან და წონაში მატულობენ. შემდეგ ის ლიას მიუახლოვდა და ჩასჩურჩულა: “თქვენი შვილი ალბათ ვერ გადარჩება”. ჩვენ გაოგნებულები ვიყავით.
მოგვიანებით გავიგეთ, რომ ლია უკვე 35 წლის იყო და ეს მისი პირველი ორსულობა იყო. ბავშვი დროზე ადრე დაიბადა და კილო-ნახევარს იწონიდა. ლია ძალიან შეგვეცოდა. მე მის გამხნევებასაც კი ვცდილობდი, ვეუბნებოდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ ლიამ მომიშორა. ასეთ სიტუაციაში ხომ უკეთესია, რომ საერთოდ არ თქვა არაფერი. ჩვენ არც კი ვიცოდით ჰყავდა თუ არა მას ქმარი და ეხმარებოდნენ თუ არა ნათესავები.
იმ წუთიდან ოთახში მძიმე ატმოსფერო გამეფდა. ჩვენ აღარ ვიცინოდით, მარინა რომანტიკულ წერილებს აღარ კითხულობდა. ლიას ტრაგედიას შინაგანად ყველანი განვიცდიდით.
ლია საერთოდ არ ჭამდა. ჩვენ მის გამო ვნერვიულობდით. მაშო ზოგჯერ უსიტყვოდ დებდა მის ტუმბოზე რაიმე ტკბილეულს, იმ იმედით, რომ ის რამეს შეჭამდა, მაგრამ ყველაფერი უსარგებლო იყო.
ლია განსაკუთრებით ცუდად გრძნობდა თავს, როდესაც ჩვენთან ბავშვები საჭმელად შემოჰყავდათ. ის თავზე საბანს იფარებდა და საათობით ასე იწვა. მოგვიანებით ის სხვა ოთახში გადაიყვანეს.
გაწერის შემდეგ ჩვენ კარგი მეგობრები გავხდით. მუდმივად ვურეკავდით ერთმანეთს და ოჯახური ცხოვრების საიდუმლოებებს ვუზიარებდით. ბავშვების ნიუანსებზე ვსაუბრობდით, ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას ვუზიარებდით. ელენეს მეუღლე შესანიშნავი მამა გამოდგა. მარინას ქმარი კი ეჭვიანობდა, რომ ის ბავშვს მეტ ყურადღებას უთმობდა. მაშომ კი, თავი ხელში აიყვანა და დიეტაზე დაჯდა.
ექვსი თვის შემდეგ ბავშვთან ერთად პოლიკლინიკაში ვიყავი. მოულოდნელად ერთი მიმზიდველი გოგონა მომიახლოვდა და მომესალმა. ვერ ვიცანი და ვიფიქრე, რომ მას ვიღაცაში შევეშალე. გოგონა კი მიყურებდა და ჩემგან საპასუხო რეაქციას ელოდა.
- ვერ მიცანი? – ლია ვარ. ჩვენ ერთ პალატაში ვიწექით.უბრალოდ გავშეშდი. მას ხელში ძალიან კარგი დიდ ლოყებიანი ბიჭი ეჭირა, რომელიც მხიარულად იღიმოდა.
- გამარჯობა, – წარმოვთქვი დაბნეულმა. ეს შენი შვილია, რომლის სიცოცხლესაც საფრთხე ემურებოდა?
- დიახ, აი როგორ გავიზარდეთ, თუმცა ეს მარტივი არ ყოფილა.
ბავშვებმა ერთმანეთს შეხედეს და მხიარულად გაიცინეს, ჩვენ კი უფრო ხმამაღლა გავიცინეთ.