სკოლის დამთავრების შემდეგ თანაკლასელები წელიწადში ერთხელ იკრიბებიან ხოლმე. არიან ისეთები, რომლებიც ამ შეხვედრას ელოდებიან და არიან ისინიც, ვისაც ეს საერთოდ არ აინტერესებს. ვიღაც სკოლის დამთავრების შემდეგაც ურთიერთობს თავის კლასელებთან, ზოგიერთი კი კავშირს კარგავს და ეს დღე შესანიშნავ საშუალებას იძლევა ურთიერთობისათვის. სხვები კი ფიქრობენ, რომ სკოლაშიც არ ჰქონიათ ყველასთან ურთიერთობა და ახლა რატომ უნდა შეხვდნენ უცხო ადამიანებს.
ვნახოთ, რატომ არის, რომ ზოგიერთებს სურთ შეხვედრა, ზოგი კი უარს ამბობს ამ შეხვედრებზე.
ერთმა ჩემმა თანამშრომელმა მითხრა, რომ თანაკლასელების შეხვედრაზე მიდიოდა და ხელფასამდე ფულის სესხება მთხოვა. მე ვასესხე. შეხვედრის შემდეგ მან მიამბო, რომ ბოლო გამოშვება აიფონი შეიძინა და მაღაზიაში ბეწვის ქურქი და კაბა იქირავა. მან პრემიუმ კლასის ტაქსი დაიქირავა და მძღოლს უთხრა, რომ როგორც მის უფროსს ისე დალაპარაკებოდა. შეხვედრაზე რომ მივიდა, ყველა გააოცა. ამის შემდეგ კი ბეწვის ქურქი და კაბა დააბრუნა, მხოლოდ ტელეფონი დარჩა.
მეგობარმა მიამბო, რომ ახლახან თანაკლასელების შეხვედრაზე მიიწვიეს. საშუალო სკოლის დამთავრებიდან 20 წელი იყო გასული. ის ფიქრობდა, რომ შეხვედრაზე იმას გაიხსენებდნენ, თუ როგორ აბრაზებდნენ მასწავლებლებს, როგორ იპარებოდნენ გაკვეთილებიდან და ასე შემდეგ. მაგრამ როდესაც მივიდა, მაგიდასთან ხუთოსანი გოგოები დახვდა, რომლებიც იმაზე კამათობდნენ, თუ ვინ უფრო მაგარი იყო. ახლა ზოგი მათგანი სტილისტად მუშაობს, ზოგი კი – მანიკიურის ოსტატად. სკოლაში კი ეს გოგონები ფრიადოსნები იყვნენ. ისინი ბიჭებს სავიზიტოებს სთავაზობდნენ, რათა მათთან თავიანთი ცოლებიც მიეყვანათ. ჩემმა მეგობარმა გადაწყვიტა, რომ ასეთ შეხვედრებზე აღარ იაროს.
ცოტა ხნის წინ თანაკლასელების შეხვედრაზე ვიყავი. სკოლის დამთავრებიდან 15 წელია გასული. ყველაფერი ჩვენმა ერთ-ერთმა თანაკლასელმა მოაწყო, რომელიც თავს მაგარ ბიჭად თვლიდა, რადგან სოფლის დეპუტატის თანაშემწე გახდა. რესტორნის ფულის შეგროვება მან ითავა. დაპატიჟა ჩვენი კლასის ხელმძღვანელიც, რომელიც მთელი ცხოვრება იმას გვეუბნებოდა, რომ არც ისე ჭკვიანები ვიყავით. გარდა ამისა, 15 წლის განმავლობაში მას ჩვენთან შეხვედრის სურვილი არ გამოუთქვამს. რესტორანში შევიკრიბეთ, მაგიდას მივუსხედით და ამ ჩვენმა კლასელმა ყოფილ დამრიგებელს საჩუქარი გადასცა – ოქროს ჯაჭვი. ყველამ ის გაიფიქრა, რომ მართლაც რა მაგარი ბიჭიაო, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ მან ამ ჯაჭვის ფული ყველას დაგვადებინა. შეხვედრის ბოლოს კი მან რესტორნის მომღერალს შეუკვეთა სიმღერა: “ჩემი წლები – ჩემი სიმდიდრეა”. ამისთვისაც ფული შეკრიბა. მას შემდეგ თანაკლასელების შეხვედრაზე აღარ დავდივარ.
შეხვედრის საღამოზე, რომელიც 13 წლის შემდეგ პირველად გაიმართა, დაისვა კითხვა, ვინ ვინ გახდა. ერთმა გოგომ დაიწყო მოყოლა, რომ მეუღლესთან ერთად საფრანგეთში აპირებდა საცხოვრებლად გადასვლას, მაგრამ ქვეყანა არ მოეწონათ, რადგან იქ პატარა სახლებია, მათ კი დიდი სახლი უნდოდათ. მოკლედ, ტყუილები ცხოვრებაში ისედაც მყოფნის.
სამმა ბიჭმა გადავწყვიტეთ, რომ ყველა კლასელი შეგვეკრიბა. ყველას დავურეკეთ, მივწერეთ და თითქმის ყველა მოვიდა. კაფეში შევიკრიბეთ, თითო კოქტეილი შევუკვეთეთ, საჭმელს რატომღაც არავინ უკვეთავდა. ადგილი კი იმ გოგოებმა შეარჩიეს, რომლებიც სკოლაში პოპულარულები იყვნენ. თუმცა, არა უშავდა, მართალია საჭმელი არ გვქონდა, მაგრამ საუბარი შეგვეძლო. საღამოს 7 საათისთვის ყველაფერს მივხვდით. აღმოჩნდა, რომ იმ საღამოს იმ კაფეში ჩვენი რამდენიმე კლასელის მეგობარი დაბადების დღეს იხდიდა და ისინი უბრალოდ ადგნენ და მის მაგიდასთან გადავიდნენ, ჩვენ კი – ჩვენს მაგიდასთან დავრჩით.
ერთი ფრიადოსანი კლასელი გვყავდა, რომელიც მარტო იჯდა და არავის სურდა მასთან ურთიერთობა. ის ყველაფერში პირველი იყო. მასწავლებლები აქებდნენ და ამბობდნენ, რომ ჩვენ ყველა ერთად მის ფასად არ ვღირდით. ის ცდილობდა ჩვენთან ურთიეთრობის დამყარებას და არასოდეს გვეუბნებოდა უარს, როდესაც გადაწერა გვჭირდებოდა. შეხვედრაზე ყველა საკუთარ ისტორიას ყვებოდა. ჩვენმა ფრიადოსანმაც გვიამბო, რომ მას ორი შვილი ჰყავს და კარგი სამსახური აქვს. ცოტა ხნის შემდეგ ვნახე, რომ ის მაგიდასთან ისევ მარტო იჯდა. 10 წლის მანძილზე არაფერი შეცვლილა.
ვცდილობ არ დავესწრო თანაკლასელების შეხვედრას. არ მესმის, რაში მჭირდება. სკოლაში ბევრთან ვმეგობრობდი, მაგრამ ჩემი ახლო მეგობარი არავინ გამხდარა. როდესაც მსგავს შეხვედრებზე მიწვევდნენ, მნიშვნელოვან საქმეებს ვიმიზეზებდი და უარს ვამბობდი. ერთხელ ქუჩაში მივდიოდი და ჩემი თანაკლასელი შემხვდა, გონება დავძაბე, ვფიქრობდი, მისთვის რა მეთქვა, ან რა მეკითხა. ვერაფერი მომაფიქრდა, რადგან მისი ცხოვრების შესახებ არაფერი მაინტერესებდა. და აი, მივუახლოვდით ერთმანეთს, ხელი გაუწოდე, მანაც გამომიწოდა, ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით და გზა განვაგრძეთ. ეს იყო თანაკლასელების იდეალური შეხვედრა.
გადავწყვიტეთ, რომ სკოლის დამთავრების ათი წლისთავი კარგ რესტორანში აღგვენიშნა. თითქმის ყველა მოვიდა. დავსხედით, საუბარი დავიწყეთ. უცებ დარბაზში კიდევ ერთი ჩვენი კლასელი შემოვიდა, მე ის მაგიდასთან მოვიწვიე, მაგრამ რატომღაც არ მოვიდა. ცოტა ხნის შემდეგ დამიძახა და მითხრა, რომ ამ რესტორანში მიმტანად მუშაობდა და ამ შეხვედრის შესახებ არაფერი იცოდა. ადმინისტრატორთან მივედი, ყველაფერი ავუხსენი და ამ ბიჭმა საღამო ჩვენთან ერთად გაატარა.
სკოლის დამთავრებიდან ათი წელი გავიდა. გადავწყვიტეთ, რესტორანში შევკრებილიყავით, რომელიც ჩვენს ქალაქში ერთადერთი იყო. რა თქმა უნდა, შეგვეძლო რომელიმე სხვა კაფეში წავსულიყავით, მაგრამ ჩვენ ხომ ამბიციურები ვართ. შევიკრიბეთ, თავიდან ყველაფერი კარგად იყო, ვისხედით, ვსაუბრობდით, მაგრამ ორი საათის შემდეგ ხმამაღალი მუსიკა ჩაირთო და დიჯეიმ გამოაცხადა, რომ ნებისმიერი სიმღერის შეკვეთა შეგვეძლო. აი, ამ დროს კი დაიწყო (ჩვენ პირდაპირ ხმის გამაძლიერებლებთან ვისხედით), სიმღერა მეთერთმეტე “ა”-სთვის, მეთერთმეტე “ბ”-სთვის და ასე შემდეგ. მაგიდასთან ჯდომა და საუბარი შეუძლებელი გახდა, უბრალოდ ვისხედით და ვჭამდით და ვსვამდით.
დეკემბერში კლასელებს მივწერეთ, რომ თებერვალში შეკრებას ვაპირებდით, თითქოს ყველას უნდოდა. დავიწყეთ იმაზე ფიქრი, თუ სად შევკრებილიყავით. ვიფიქრეთ, ვიფიქრეთ და ვერ მოვიფიქრეთ. შეხვედრის დღეს კაფეში მივედი და ყველა მაგიდა დაჯავშნული დამხვდა. რამენაირად მოვახერხე, რომ ჩემთვის პატარა მაგიდა გამოეყოთ. მადლობა ღმერთს, ამის გაკეთება მოხერხდა. ყველას მივწერე, რომ კაფეში ადგილი არის და მოდითო. თანაკლასელებმა ენთუზიაზმით მიპასუხეს, რომ მოდიოდნენ. გავიდა ერთი საათი, ორი. არავინ გამოჩენილა. თურმე თითოეულმა ის იფიქრა, რომ სხვები მივიდოდნენ და ის არც კი გაახსენდებოდათ. შედეგად არავინ მოსულა.
თანაკლასელების შეხვედრაზე არასოდეს წავსულვარ, მაგრამ 15 წლის თავისთვის ყველა ისე ემზადებოდა, რომ მეც დავინტერესდი, თუ რას აკეთებენ იქ ისეთს, რომ მუდმივად ხვდებიან. მეც წავედი. სკოლაში მთხოვეს, რომ ჩემი კლასის სახელით სიტყვით გამოვსულიყავი. სცენაზე ავედი და ვისაუბრე, თუ როგორი შესანიშნავი იყო სკოლაში გატარებული წლები. შემდეგ კაფეში წავედით, ვჭამდით, ვსვამდით და ვცეკვავდით. კლასის დამრიგებელი მომიახლოვდა, მას ყველაფერი ვუამბე, რას ვაკეთებდი და როგორ ვცხოვრობდი. შემდეგ კი ერთ კლასელს ვეცეკვე და გავიგე, რომ თურმე როდესაც სცენაზე სიტყვით გამოვდიოდი, ჩვენმა დამრიგებელმა იკითხა, თუ სცენაზე ვინ იყო. არადა მე მისი საყვარელი მოსწავლე ვიყავი. დიახ, 15 წელი გავიდა, წონაშიც მოვიმატე, მაგრამ ნუთუ ისე ძალიან, რომ ვერ მიცნო. მოკლედ, თანაკლასელების შეხვედრაზე აღარ წავალ.
თანაკლასელთა შეხვედრის საღამოზე მისულმა თითოეულის რეგალიები მოვისმინე, ერთმა ფიზიკა-მათემატიკური დაამთავრა, მეორემ – პედაგოგიური, მესამემ – უცხო ენები. მე კი მორიდებული ვიჯექი ჩემი საშუალო სპეციალური განათლებით. დალევის შემდეგ ყველამ დაიწყო იმის მოყოლა, თუ ვინ სად მუშაობდა. აღმოჩნდა, რომ ერთი მაღაზიაში მუშაობდა, მეორე მენეჯერად, რომელიღაც ფირმაში. დიახ, მე როტაციის წესით ვმუშაობ, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით 29 წლის ასაკში საკუთარი სახლიც მაქვს და მანქანაც.
სკოლის დამთავრების 10 წლისთავზე რამდენიმე კლასელი შევიკრიბეთ. ჩვეულებისამებრ, ყველამ საკუთარი თავის ქება დაიწყო. ერთი ადგა და მოყოლა დაიწყო, თუ როგორი მაგარი ბიზნესმენი იყო. ამ დროს ერთი ჩემი ნაცნობი შემოვიდა და მას მანქანის გარეცხვაზე ფასდაკლება სთხოვა. აღმოჩნდა, რომ მას მანქანების სამრეცხაო აქვს.