პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – ეკას ისტორიას გიამბობთ.
იმ დღეს ეკა დიდხანს იჯდა პაპამისის სურათის წინ და ფიქრობდა. მას მუდმივად ტანჯავდა ფიქრები, სწორად მოიქცა თუ არა? გონივრულად განაგო თუ არა მან მემკვიდრეობა? ასეთ მომენტებში პაპა ყოველთვის ულვაშებზე ისვამდა ხელს, შუბლს იჭმუხნიდა, რამდენიმე წუთის მანძილზე ჩუმად იჯდა, შემდეგ კი მშვიდად ამბობდა: “ნუ ნერვიულობ, რაღაცას მოვიფიქრებთ…” ახლა კი ეკას პირველად მოუწია, რომ ყველაფერი თავად მოეფიქრებინა…
პაპა მისი ყველაზე ახლობელი ადამიანი და საუკეთესო მეგობარი იყო. დედა, გოგონას მაშინ გარდაეცვალა, როდესაც ის ჯერ კიდევ სკოლაში დადიოდა. ის მძიმე ავადმყოფი იყო და ხშირად საავადმყოფოში იწვა. მამა ეკას საერთოდ არ ახსოვს. ამიტომ მას პაპა და ბებო ზრდიდნენ. დედის გარდაცვალების დღე გოგონას კარგად ახსოვს, რადგან იმ დღეს მათთან მეზობლები მივიდნენ და ყველანი პატარა ეკას ეხვეოდნენ, იცოდებდნენ და განუწყვეტლივ იმეორებდნენ: “ჩვენი ობოლი გოგო…”
დედის გარდაცვალების შემდეგ ეკა პაპამისს კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდა. ის საათობით ეთამაშებოდა მას ჭადრაკს და თავის საიდუმლოებებს უზიარებდა. პაპა შვილიშვილს გაკვეთილების მომზადებაში ეხმარებოდა, პარკში ასეირნებდა და მუზეუმებში დაჰყავდა. შემდეგ კი ის ავად გახდა…
ერთხელ, როდესაც ეკა სკოლიდან დაბრუნდა, პაპამისი, ჩვეულებისამებრ, თავის საწოლზე იწვა და გაზეთს კითხულობდა. გოგონამ მაშინვე ვახშმის მომზადება დაიწყო, მოხუცმა კი დაუძახა და უთხრა:
-ეკა, ძვირფასო, უნდა დაგელაპარაკო. ეს ყველაფერი შენთვის დიდი ხნის წინ უნდა მეთქვა, მაგრამ ვერ ვბედავდი…
-დიახ, პაპა. გისმენ.
-მეზობელ ქუჩაზე N37 სახლში ერთი ქალი ცხოვრობს, – ეკამ მაშინვე ბებოს სურათს შეხედა, რომელიც კედელზე ეკიდა და არ ესმოდა, პაპა რაზე ლაპარაკობდა. – მომისმინე, შვილო. იმ სახლში ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი ცხოვრობს, მას ალექსანდრა ჰქვია. ეს ქალი ბებიაშენის საუკეთესო მეგობარი იყო, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ძალიან მეხმარებოდა. ალექსანდრა ძალიან ავად არის. მე ყოველდღე მიმქონდა მისთვის პროდუქტები და წამლები, მაგრამ ამის გაკეთება აღარ შემიძლია. ფეხები აღარ მემორჩილება… ეკა, ძალიან გთხოვ, ალექსანდრა მარტო არ დატოვო. ჩემი გარდაცვალების შემდეგ მასზე იზრუნე. ეს ჩემი ბოლო სურვილია…
ამ დროს მოხუცს თვალებიდან ცრემლები ჩამოცვივდა. ეკა მას დაპირდა, რომ ქალზე იზრუნებდა და მეორე დღეს მასთან გაემართა. ბინაში რომ შევიდა, მისი ყურადღება პაპამისის ფოტომ მიიპყრო, რომელიც კედელზე ეკიდა და მიხვდა, რომ ეს ადამიანები ერთმანეთისთვის ნამდვილად ძალიან ახლობელი ადამიანები იყვნენ. ეკა ყოველდღე აკითხავდა მოხუც ქალს, მისთვის ყველაფერს ყიდულობდა, რაც სჭირდებოდა, საჭმელს უმზადებდა და სახლს ულაგებდა.
რამდენიმე თვის შემდეგ პაპამისი გარდაიცვალა, ერთი წლის შემდეგ კი – გარდაიცვალა ალექსანდრაც.
ერთ დღეს ეკა მასთან მივიდა და ნახა, რომ მისი საწოლი ცარიელი იყო და მის ბინაში უცხო ადამიანები იყვნენ. მათ ყველაფერი თავდაყირა დაეყენებინათ, ეტყობოდათ, რომ რაღაცას ეძებდნენ.
-რა გნებავთ, გოგონა? – მიმართა ეკას შავებში ჩაცმულმა ქალმა.
-ეს როდის მოხდა? – ატირდა გოგო.
-დღეს დილით… მე მისი და ვარ. თქვენ ალბათ ეკა ხართ, არა?
-დიახ, ეკა ვარ.
-ეკა, თქვენი ძალიან მადლობელი ვარ, რომ ასე კარგად ზრუნავდით ჩემს დაზე იმ დროს, როდესაც მე ჩემს შვილიშვილებს ვუვლიდი. გესმით, მე არ მქონდა იმის დრო, რომ მასთან ყოველდღე მევლო.
ეკა იდგა და ჩუმად უსმენდა. თითქოს ქალი მის წინაშე თავს იმართლებდა.
-ეკა, მადლობა რით გადაგიხადოთ?
-მე არაფერი არ მჭირდება, – უპასუხა გოგონამ.
-იქნებ ოთახში რაიმე თქვენთვის ძვირფასი ნივთია? უფლებას გაძლევთ, რომ წაიღოთ.
ეკამ პაპამისის სურათს შეხედა, სკამი დადგა, სურათი ჩამოხსნა და სახლიდან გავიდა.
რამდენიმე დღის შემდეგ მას ალექსანდრას დამ დაურეკა და შეხვედრა სთხოვა.
-ეკა, ძვირფასო, ამას შეხედეთ, – თქვა მან და ეკას რაღაც ქაღალდი გაუწოდა.
ეს გარდაცვლილი ალექსანდრას ანდერძი იყო. მას ეს ანდერძი ერთი წლის წინა შეედგინა. ის ნამდვილი იყო და ოფიციალურად იყო დამოწმებული ნოტარიუსის მიერ. ანდერძის თანახმად, გარდაცვლილი მთელ ფულს და ქონებას ეკას უტოვებდა.
-ეკა, თქვენ ხომ გესმით, რომ მე მისი და ვარ. მე მისი ერთადერთი უახლოესი ნათესავი ვარ. ეს ხომ უსამართლობაა, თქვენ ხომ გესმით?
-ჩემგან რა გნებავთ?
-მემკვიდრეობაზე უარი განაცხადეთ. წესით ის თქვენ არ უნდა გეკუთვნოდეთ.
-კარგი, მე ყველაფერს გავაკეთებ, – მშრალად უპასუხა ეკამ.
მეორე დღეს ის ბანკში მივიდა ფულის გამოსატანად. ალექსანდრას და ცოტა უფრო გვიან მოვიდა. ეკა ბანკიდან გამოვიდა, ქალს ანდერძი გაუწოდა და უთხრა:
-მე ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც მთხოვეთ. მშვიდობით.
ალექსანდრას და ბანკში სწრაფად შევარდა და სალაროს მიაშურა. მან ანდერძი და თავისი პასპორტი მიაწოდა და დაელოდა. მოლარეები დიდხანს ამოწმებდნენ საბუთებს, შემდეგ კი უთხრეს:
-გვაპატიეთ, მაგრამ თქვენი დის ფული, ეს წუთია მემკვიდრემ ბავშვთა სახლის ანგარიშზე გადარიცხა.