პაპარაცის დღევანდელ სტატიაში საკუთარ ისტორიას ლიკა გვიამბობს.
ზოგადად მიღებულია, რომ ქალიშვილსა და დედას შორის ურთიერთობა უნდა იყოს მხოლოდ პოზიტიური, მეგობრული და ნდობით აღსავსე, მაგრამ ეს ჩემი ისტორია არ არის.
ბავშვობაში ძალიან მორჩილი ბავშვი ვიყავი, კარგად ვსწავლობდი და დედას სახლის საქმეებშიც ვეხმარებოდი. მის მეგობრებს ყოველთვის შურდათ, ეუბნებოდნენ, რომ ოქროს გოგო გყავსო.
დღეს ყველაფერი სხვაგვარადაა, დედაჩემს არ ველაპარაკები და ახლა გიამბობთ, თუ რატომ.
თუ მის საქორწილო ალბომს გადახედავთ, ნახავთ ბედნიერ ახალდაქორწინებულებს თვალებში ნაპერწკლებით და მომავლის გეგმებით. ქორწილის შემდეგ დედაჩემი მალევე დაორსულდა. როგორ იქნება ოჯახი შვილების გარეშე? ცოტა ხანში მე დავიბადე და ჩემთან ერთად უამრავი ყოველდღიური პრობლემა გაჩნდა. თანდათან დედა და მამა ერთმანეთის მიმართ გაცივდნენ. ისინი მუდმივად კამათობდნენ, მათი ინტერესები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა.
მათი უთანხმოება განქორწინებით დასრულდა. მამამ ოჯახი მიატოვა და მე და დედა მარტო დავრჩით.
დანგრეული ქორწინება, პატარა ბავშვი ხელში – დედაჩემი უკმაყოფილო იყო იმით, თუ როგორ წარიმართა მისი ცხოვრება. როდესაც მამაჩემი საკუთარი ცხოვრების მოწყობით იყო დაკავებული, დედაჩემი ჩემზე ზრუნავდა და პირადი ცხოვრებისთვის ვერ იცლიდა, რის გამოც ნერვიულობდა.
გარეგნულად ძალიან ვგავარ მამაჩემს და დედას გამუდმებით მის წარუმატებელ ქორწინებას ვახსენებდი. მთელი ბრაზი და წყენა დედას ჩემზე გადმოჰქონდა.
ხშირად მეჩხუბებოდა და მსაყვედურობდა. მაკრიტიკებდა ყველაფრის გამო: ცუდი ნიშნების გამო, იმის გამო, რომ მოდელის გარეგნობა არ მქონდა, იმის გამო, რომ ცუდად ვამზადებდი. მიზეზი უამრავი იყო და დედაჩემი შესაძლებლობას არ უშვებდა ხელიდან, რომ ეთქვა, თუ როგორი უბედუროი და მოუხერხებელი ვიყავი.
მე იმას არ ვამბობ, რომ დედაჩემი ტირანია. მან ალბათ უბრალოდ არ იცოდა როგორ მოქცეულიყო სხვანაირად. დიახ, კარგი ტანსაცმელი მქონდა, სხვადასხვა წრეებზე დავდიოდი, ყოველთვის გვქონდა საჭმელი და დელიკატესები. ჩვენს უზრუნველსაყოფად დედა ბევრს შრომობდა და პირადი ცხოვრებისთვის დრო არ რჩებოდა. ამის გამო ის ბრაზობდა და ნერვიულობდა. დედა ყველაფრის გაკონტროლებას ცდილობდა და ყოველთვის თვალყურს მადევნებდა. მე არასდროს
მისეირნია გვიანობამდე და 18 წლამდე ბიჭებთან ურთიერთობა არ მქონია. ჩემს ჩანთას ყოველდღე ჩხრეკდნენ.
იყო ტოტალური კონტროლი ყველაფერზე და ასევე მკაცრი ზედამხედველობა და ბევრი კრიტიკა. ჩემი უკმაყოფილება გამოვთქვი, მაგრამ დედას არ ესმოდა, რადგან ის ასე ცდილობდა, მე კი მადლობელი არ ვიყავი. და კიდევ, მე მოფერება, ყურადღება და სიყვარული მაკლდა დედაჩემის მხრიდან. საკვებისა და ტანსაცმლის სიუხვემ ვერ ჩამინაცვლა ნორმალური ურთიერთობა დედასთან.
მშურდა ჩემი მეგობრების, რომლებსაც დედებთან თბილი და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ. მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომ უბრალო ფაფას მიირთმევდნენ, დესერტად კი პურს და ჯემს. ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. არც კი დავფიქრდებოდი ისე გავცვლიდი წითელ ხიზილალას დედაჩემის ჩახუტებაზე.
გავიზარდე და გავთხოვდი. მე და ჩემი მეუღლე ცალკე ვცხოვრობდით, მაგრამ დედაჩემის გავლენა არსად გამქრალა. ის შორიდანაც კი ახერხებდა ჩემსა და ჩემი ქმარ-შვილის გაკრიტიკებას. დედაჩემთან საუბრის შემდეგ განწყობა ყოველთვის მეცვლებოდა, სულ სხვა ადამიანი ვხდებოდი. ჩემმა ქმარმა ეს შეამჩნია და მითხრა, რომ საჭირო იყო დედასთან ურთიერთობის შეზღუდვა და მისი ნათქვამის გულთან ახლოს არ მიტანა. თქმა ადვილია, მაგრამ გაკეთება რთული.
ერთი შემთხვევა დაგვეხმარა. ერთ დღეს დედამ დამირეკა და მითხრა, რომ ბინის (მისი ბინის) გაყიდვის საბუთებზე ხელი უნდა მომეწერა. აღმოჩნდა, რომ მას თავისი ოროთახიანი ბინა უნდა გაეყიდა და ერთოთახიანი ბინა ეყიდა. დარჩენილი ფული კი, რაღაც საეჭვო ბიზნესში უნდა ჩაედო (იდეა მეგობარმა შესთავაზა). სანამ ბინას გადააფორმებდა მას ჩვენთან უნდა ეცხოვრა. ეს აშკარად მეტისმეტი იყო. დედაჩემს ყველაფერი ვუთხარი, რასაც ამ ყველაფერზე ვფიქრობდი და ტელეფონი გავთიშე.
ამის გამო ძალიან ვინერვიულე. საღამოს ემოციურ ნიადაგზე ქმარს ვეჩხუბე და ტირილით ჩამეძინა. მეორე დილით მივხვდი, რომ დედასთან ურთიერთობა ცხოვრებას მიფუჭებდა და საფრთხეს წარმოადგენდა ჩვენი ოჯახისთვის. ეს იყო ბიძგი, რომ დედასთან ურთიერთობა შემეწყვეტინა.
ჩემდა გასაკვირად, ნათესავებმა ჩემი საქციელი დაგმეს და თქვეს, რომ უმადური შვილი ვარ. მაგრამ, რა უნდა ვუპასუხო მათ?
ხომ ვერ ვუამბობ, თუ როგორი ჯოჯოხეთური იყო ჩემი ბავშვობა და როგორ ზემოქმედებს დედაჩემი ჩემს ოჯახზე? არჩევანი გაკეთდა და ნათქვამის უკან დაბრუნება შეუძლებელია.
ამასთანავე, მინდა მადლობა გადავუხადო დედას. მისი წყალობით გავიგე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახური ურთიერთობები და არა ფინანსური კეთილდღეობა.