პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარი ოჯახის ისტორიას გვიამბობს.
პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ მე ჩემს მეუღლეში ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი. ღალატზე არც მიფიქრია და ეს ჩვენს ასაკში იშვიათობაა. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს, თითქმის არ ვჩხუბობთ. შეიძლება ითქვას, რომ შეხმატკბილებულად ვცხოვრობთ. დიახ, ხდება ხოლმე, რომ სამსახურიდან აგვიანებს, მაგრამ მუშაობს, ხომ არ ერთობა. ფული ყოველთვის სახლში მოაქვს, ოჯახში, არაფერს მალავს და ყოველთვის ღიად საუბრობს შემოსავლის წყაროებზე და ა.შ.
ისეთი სამსახური აქვს, რომ პერიოდულად მივლინებაში უწევს წასვლა მეზობელ ქვეყნებში. მე ყოველთვის პირადად მიმყავდა და ვაცილებდი ჩემს ქმარს აეროპორტში. ეს ყველაფერი ორივეს ძალიან გვაწყობდა. ერთ დღეს კი მე ჩემი მართვის მოწმობა ვერ ვიპოვე. მეგონა, რომ დავკარგე და მართვის მოწმობის გარეშე კი სიარული არ შეიძლება. ჯარიმა არ მჭირდება. რა უნდა მექნა? უნდა მომეძებნა ავტოსკოლის საბუთები, რომელიც რამდენიმე წლის წინ დავამთავრე და მართვის მოწმობა აღმედგინა.
მთელ სახლში ვეძებდი და ვერ ვპოულობდი. საერთო საბუთებში ვერ ვიპოვე. ვიფიქრე, რომ შეიძლება ჩემმა ქმარმა იმ ყუთში შეინახა, რომელიც მის სამუშაო მაგიდაზე იდგა. მან რამდენჯერმე მითხრა, რომ იქ ძალიან მნიშვნელოვან საბუთებს ინახავდა, როგორც სამსახურის, ასევე ოჯახის. გადავწყვიტე, რომ შემემოწმებინა, იქნებ მან ჩემი საბუთებიც მნიშვნელოვნად მიიჩნია? მე არ გამითვალისწინებია ის, რომ ჩემმა ქმარმა ადრე რამდენჯერმე მიმანიშნა, რომ იმ ყუთში ჩახედვა არ ღირდა. ძალიან მინდოდა ჩემი საბუთების პოვნა და არ მინდოდა, რომ მის თვალში დაბნეულ ქალად გამოვჩენილიყავი.
ჩემდა გასაკვირად, გასაღები ყუთზე ეკიდა. ჩვეულებრივ ჩემი ქმარი ამ ყუთს კეტავდა და გასაღებს ინახავდა. მე ეს კარგ ნიშნად მივიჩნიე და გარდა ამისა, ცნობისმოყვარეობამ გაიღვიძა, დავინტერესდი, რა მნიშვნელოვან საბუთებს ინახავდა ის.
ყუთი გავხსენი და საქაღალდეები და ქაღალდები ფრთხილად ამოვალაგე. რაღაც საბუთები, სააღრიცხვო ანგარიშები, ნახაზები, კონტრაქტები. ეს მე არ მაინტერესებდა, ვცდილობდი ჩემი საბუთები მეპოვა. შემდეგ კი ერთი მუქი ფერის საქაღალდიდან ორი საზღვარგარეთის პასპორტი გადმოვარდა. შევშფოთდი, რადგან მე და ჩემი მეუღლე არასოდეს გავფრენილვართ სხვა ქვეყნებში და, შესაბამისად, საზღვარგარეთის პასპორტი მე არ მქონდა. ჩვენ ყოველთვის ადგილობრივ კურორტებზე, ან გამაჯანსაღებელ ცენტრებში ვისვენებდით.
გადავფურცლე გვერდები, რომლებზეც სხვადასხვა საკურორტო ქვეყნების ბეჭდები იყო. ტაილანდი, ეგვიპტე, თურქეთი. ბოლო, ახალ გვერდზე არაბეთის გაერთიანებული საემიროების ბეჭედი იყო.
გაოგნებული ვიყავი. ჩვენი მაღალსართულიანი კორპუსის ბოლოს ტურისტული სააგენტოა. გადავწყვიტე სასწრაფოდ გადამემოწმებინა ჩემი საშინელი ვარაუდები. იქ ჩემი აზრები დადასტურდა, ჩემი ქმარი ნამდვილად გაფრინდა ამ ქვეყნებში მითითებულ რიცხვებში. ბოლო ჩანაწერი კი უახლოეს მომავლისთვის იყო გაკეთებული ანუ, ჩემს ქმარს ძალიან მალე კიდევ ერთი “გადაუდებელი და სასწრაფო” მივლინება ექნება…
მეორე საზღვარგარეთის პასპორტმა სულ დამაკარგვინა მოსვენება. ის ახალგაზრდა გოგონას ეკუთვნოდა, რომელიც ჯერ 20 წლისაც კი არ იყო. მის პასპორტში ზუსტად იგივე ბეჭდები იყო, რაც ჩემი ქმრის პასპორტში.
რა უნდა გამეკეთებინა? გადავწყვიტე მენახა, რა იქნებოდა მომავალში. თითქმის ერთი კვირის განმავლობაში ყველაფერი ჩვეული სცენარის მიხედვით ხდებოდა, შემდეგ კი ჩემმა ქმარმა მაცნობა, რომ რამდენიმე დღით მივლინებაში მიემგზავრებოდა. შემდეგ ის თავის კაბინეტში შევიდა და მე მესმოდა, თუ როგორ გულმოდგინედ ეძებდა რაღაცას თავის ყუთში.
ორივე პასპორტი ხელში მეჭირა, მის კაბინეტში შევედი და ვკითხე:
-ამას ხომ არ ეძებ?
-მაგას ვეძებ! – საბუთები ხელიდან გამომტაცა და გაბრაზებულმა მითხრა: – თუ ჩემს საქაღალდეებს ისევ შეეხები, სახლიდან გაგაგდებ!
მისგან ასეთ საქციელს არ ველოდი. მეგონა, ჩემი ქმარი პატიებას მთხოვდა და თავის მართლებას დაიწყებდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თავად ვიყავი დამნაშავე, რომ კარადაში მის მიერ საგულდაგულოდ გადამალულ ჩონჩხებს წავაწყდი. საუკეთესო თავდაცვა – თავდასხმაა, ასე არ არის?
დილით ის აეროპორტში გაემგზავრა. დამშვიდობება ცივი იყო, არავითარი მოჩვენებითი ნაზი სიტყვები მისი მხრიდან. საკვებისთვის და წვრილმანებისთვის ჩვეულზე ნაკლები თანხა დამიტოვა. თითქოს მას ჩემთვის გაკვეთილის ჩატარება უნდოდა და იმის ჩვენება, რომ უფროსი ის არის.
დავფიქრდი იმაზე, თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავი. იქნებ ღირდა, რომ სასტიკ რეალობაზე თვალები დამეხუჭა და ქმრისთვის ნება დამერთო, რომ პატარა მეძავთან ერთად უცხო ქვეყნებში ემოგზაურა? ამბობენ, რომ ყველა კაცი მოღალატეა და ვერაფერს შეცვლი. გარდა ამისა, მისი ცოლი – მე ვარ, მას კარგი შემოსავალი აქვს და ყოველთვის მანებივრებდა. სიყვარული სამუდამოდ არ გრძელდება, განსაკუთრებით მამაკაცების შემთხვევაში. გაისეირნებს და სახლში დაბრუნდება. ეს ყველაზე გავრცელებული სცენარია.
და იქნებ უკეთესიც არის, რომ ადგილობრივ კურორტებზე დაისვენო, ვიდრე კარადაში სხვის მიერ გადამალული ჩონჩხები აღმოაჩინო და ცხოვრების ჩვეული წესი დაარღვიო?